„სოც. სამართლიანობის ცენტრის“ მოსაზრება დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის შესრულებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 17 ნოემბერს გამოქვეყნებულ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის შესრულებაზე მოსაზრება გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ქვეყნებს შორის „კონტექსტუალური განსხვავებების გათვალისწინებით“, საქართველოს მიერ უკრაინის „ანტიოლიგარქიული“ კანონის ანალოგის მიღება „არ უნდა ჩაითვალოს გონივრულ ნაბიჯად“.

კერძოდ, ორგანიზაციის განმარტებით, „მინიმუმ სამართლებრივ კრიტიკას“ იმსახურებს დეოლიგარქიზაციის შესახებ როგორც უკრაინული, ისე ქართული კანონპროექტები, რამდენადაც მათში მოცემული ოლიგარქის დეფინიცია ბუნდოვანია.

„ამ ტერმინის ბუნდოვანება კი იმ შეზღუდვების არაგანჭვრეტადად და არასწორი მიზნებით გამოყენების შესაძლებლობებს ქმნის, რაც ოლიგარქად აღიარებული პირისთვის საკანონმდებლო მოწესრიგებით არის გათვალისწინებული და რაც შესაძლოა რიგ ძირითად უფლებებთან მოდიოდეს წინააღმდეგობაში“.

ორგანიზაციის შეფასებით, არანაკლებ ბუნდოვანია ოლიგარქად აღიარებულ პირთან კონტაქტის დეკლარირების ვალდებულება და მისი დარღვევის შემთხვევაში, თანმდევი დისციპლინური/პოლიტიკური პასუხისმგებლობის ზომები და შინაარსი. ამასთან, კანონპროექტი პოლიტიკური ხელისუფლებისთვის იმგვარი ძალაუფლების გადაცემას ითვალისწინებს, რაც ოლიგარქად აღიარებული პირისთვის მნიშვნელოვან უფლებებს ისე ზღუდავს, რომ „ამ გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლის შესაძლებლობა არ არსებობს“.

„იმ პირობებში კი, როდესაც საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს ძლიერი და დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტები, მსგავსი კანონის მიღება ქმნის საშიშროებას, რომ პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან ასეთი ძალაუფლება შერჩევითად, პოლიტიკური ლოიალურობის ნიშნით იქნას გამოყენებული“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ ასევე მიიჩნევენ, რომ „ერთი კონკრეტული კანონის მიღება სისტემურ ცვლილებებს ნაკლებად მოიტანს“ და ოლიგარქების გავლენების რეალური შემცირებისთვის ნებისმიერ შემთხვევაში მინიმუმ „თანადროული, სისტემური და სიღრმისეული რეფორმების გატარებაა აუცილებელი“.

ორგანიზაციაში აგრეთვე დასძენენ, რომ სახელმწიფოს ავტონომიურობისა და ინსტიტუტების გაჯანსაღებისკენ მიმართული რეფორმები სამოქალაქო საზოგადოებისა და იმ პოლიტიკური ელიტების მხრიდან უნდა იყოს მხარდაჭერილი, „რომლებიც იდეოლოგიურად მზად არიან, მხარი დაუჭირონ კარგი მმართველობის მშენებლობას ქვეყანაში“.

„[რადგანაც] არასისტემური, დროში გაწელილი და ფრაგმენტული რეფორმები, ოლიგარქიულ გავლენებთან ბრძოლის თვალსაზრისით, დიდი შედეგების მომტანი არ არის. ამასთან, ამგვარი რეფორმებით საუარესო შედეგების დადგომაც არ გამოირიცხება, თუკი პოლიტიკური, ეკონომიკური და მართლმსაჯულების სისტემური, კოორდინირებული ცვლილება არ განხორციელდა“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

გარდა ამისა, აღნიშნავს რა სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდაზე ფართობასშტაბინი და ინკლუზიური შეთანხმების მნიშვნელობას, ორგანიზაცია ინსტიტუტებს შორის ეფექტიანი შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმების საჭიროებას უსვამს ხაზს.

„შესაბამისად, გაცილებით გონივრულია სწორედ სისტემურ და სიღრმისეულ რეფორმებზე სწორება, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ოლიგარქების ჩვეულებრივ ეკონომიკურ მოთამაშეებად ტრანსფორმაციას და საბოლოოდ, სახელმწიფოს დეოლიგარქიზაციას“, – აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version