პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში რადიო France Inter-თან ინტერვიუში უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომსა ომზე და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე ისაუბრა.

უკრაინაში მიმდინარე ომი

„ეს გარდამტეხი მომენტია. ომის მსვლელობის მიმართულება შეიცვალა’, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ქალაქ ხერსონიდან რუსული სამხედრო ძალის გასვლის შესახებ საუბრისას და ხაზი გაუსვა, რომ ეს რუსეთის დამარცხების დასაწყისია.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთმა თავშივე მცდარი გათვლები გააკეთა უკრაინის, ასევე მათ მიმართ ამერიკისა და ევროპის შიდა სოლიდარობის შესახებ „და დღესაც მცდარი გათვლა[ა] იმის შესახებ, რომ შეიძლება უკრაინაზე, ან მსოფლიოზე შთაბეჭდილების მოხდენა ატომური მუქარით, რომელიც სხვა ეპოქისაა“.

ჟურნალისტის კითხვაზე – ომის შედეგად მიღებული ეკონომიკური და ენერგეტიკული შედეგების გათვალისწინებით, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ომის გახანგრძლივების შემთხვევაში, ევროკავშირმა უკრაინის მიმართ სოლიდარობაზე უარი თქვა? – სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „რუსეთი გათვლას ამაზე აკეთებდა“, მაგრამ „ეს ასე არ მოხდა“.

„[რუსეთს] ასევე, ეგონა, რომ კომფორტს მიჩვეული ევროპელი მოსახლეობა აუჯანყდებოდა ხელისუფლებას და მათ სანქციებს, რომლებიც ძვირი უჯდება მოსახლეობას, ეს ასე რადიკალურად არ მოხდა“, – განცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ „სრული გახლეჩა, რასაც რუსული მმართველობა ელოდებოდა, არ მოხდა, არცერთი მათი მოლოდინი არ შესრულდა“.

მანვე აღნიშნა, რომ ამჯერად, ყველაფერი ნათელია და „ევროპის რეორიენტაცია მეტი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის დღესდღეობით საბოლოოა“. „ყველამ გაიგო, რომ არ შეიძლება დამოკიდებული იყო არადემოკრატიულ ქვეყანაზე. ეს დიდი გაკვეთილია, რომელიც ყველამ გაიგო, უკრაინის წყალობით“.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ მხარდაჭერასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქართველი „სრულად უკრაინის გვერდით“ დგას. „ჩვენ სრულიად და დიდი მონდომებით შევუერთდით საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს“, – თქვა პრეზიდენტმა.

ამ კონტექსტში, მან საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები გაიხსენა და განაცხადა, რომ „ამაზე ეჭვი არ არსებობს, ნებისმიერ დროს, როდესაც ამის საჭიროება არის, ხალხი გამოდის ქუჩაში“.

„თუ ჩამოხალთ საქართველოში ნახავთ, რომ კედლები მოფენილია უკრაინული დროშებით და ასევე სლოგანებით, რომლებიც პუტინს არ მოეწონებოდა“, – თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე – „რაც შეეხება საქართველოს მთავრობას?“ – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ის ცდილობს იყოს ფრთხილი, ჩემზე უფრო ფრთხილი, უკრაინის მიმართ ჩემს მხარდაჭერაში მე ძალიან ექსპრესიული ვარ!“.

„არის განსხვავება ჩემს და მთავრობას შორის, რომელიც მიიჩნევს და ეს მისი გადაწყვეტილებაა რომ, უფრო ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, რომ არ მოვიზიდოთ რუსეთის დამატებითი რისხვა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ ის არ იზიარებს სიფრთხილეს.

თუმცა მანვე დასძინა, რომ იაზრებს იდეას, რომელიც „სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ახალი ხაზი არ გაავლოს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს შორის“. „რუსეთმა არ უნდა იფიქროს, რომ ხვალ, უკრაინაში დამარცხების შემდეგ, რაც მისთვის დამამცირებელი იქნება, საქართველოში იგი საკუთარი უმწიკლობის აღდგენას შეძლებს“.

„გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენ ერთ კალათაში ვართ, და ის რაც ეხება უკრაინას სოლიდარობის და მხარდაჭერის კუთხით, უნდა შეეხოს ხვალ საქართველოსაც“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ეს არის მისი „მთავარი გზავნილი“.

რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის პარალელურად საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე საუბრისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ჩვენ ქვეყნის საზღვარი 700 000-ზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა, საიდანაც 600 000-ზე მეტი სხვადასხვა მიმართულებით გავიდა, აქ კი – დაახლოებით 100 000 დარჩა.

აღნიშნა რა, რომ ეს ყველაფერი „მნიშვნელოვანი ინციდენტების“ გარეშე მოხდა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს რუსეთის მოქალაქეების ის ნაწილია, რომელსაც „არ სურს გაიზიაროს ამ პუტინისეულ ომში მყოფი რუსეთის ბედი, არ სურთ მობილიზაცია“.

მისივე თქმით, ესენი საშუალო კლასის წარმომადგენელი, განათლებული ახალგაზრდები არიან, რომელთაგან ბევრი მათგანი ინტერნეტ ტექნოლოგიების სფეროშია დასაქმებული. „ისინი მუშაობენ, ზოგი რაღაც სახსრებით ჩამოვიდა“.

ჟურნალისტის კითხვაზე – „რატომ დაუშვა ეს ვლადიმირ პუტინმა?“ – სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „თავდაპირველად, ვარაუდობდა, რომ ეს შეასუსტებდა მოსახლეობის რეაქციას განსაკუთრებით, მოსკოვში, სადაც [სამხედრო[ მობილიზაციამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია“.

„კიდევ გავიმეორებ, ის ყველა გათვლას არასწორად აკეთებს და ცუდ გადაწყვეტილებებს იღებს, მისი შეხედულებისამებრ“, – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version