„მედიაკოალიცია“ მიმართავს პრეზიდენტს შეიწყალოს ნიკა გვარამია

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოთა გაერთიანება, „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეიწყალოს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი, ნიკა გვარამია და „დადებითი როლი შეასრულოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში“.

2 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში კოალიცია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და ომბუდსმენის ოფისის მიერ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას იშველიებს, რომელთა მიხედვითაც გვარამიას მიმართ ბრალდება „არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს“.

„შესაბამისად, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ხელმძღვანელის დასჯას ემსახურება“, – აცხადებენ კოალიციაში.

უფლებადამცველები ასევე აღნიშნავენ, რომ ნიკა გვარამიას საქმე მოხვდა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც.

ამდენად ისინი მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილება „ეწინააღმდეგება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის [კანდიდატის] სტატუსის მისაღებად დაწესებულ მოთხოვნებს პლულარისტული მედიაგარემოსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შესახებ“.

„სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ბუნდოვანი გადახადა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version