Placeholder canvas
ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა ერთიანი ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 20 სექტემბერს განაცხადა, რომ ერთიანი ევროგადახდების სივრცეში (Single Euro Payment Area – SEPA) გაწევრიანების განაცხადი წარადგინა.

სებ-ის თქმით, აღნიშნული საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე „უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია“ და საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც SEPA-ში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა.

ეროვნული ბანკის განმარტებით, SEPA-ს მიზანი ევროპის მასშტაბით, ევროს ელექტრონული გადახდების ჰარმონიზაცია და გადახდების ერთიანი, სტანდარტიზებული სისტემის შექმნაა და ის მონაწილე ქვეყნებს შორის ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს აუქმებს. შედეგად, მომხმარებლებსა და ბიზნესს ერთი და იმავე პირობებით, უფლებებითა და პასუხისმგებლობებით ევროში ელექტრონული გადახდების შესაძლებლობას ეძლევათ.

ამასთან, სებ-ის განმარტებით, SEPA-ში გაწევრიანებით საერთაშორისო არენაზე საქართველოს საფინანსო სექტორის სანდოობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, გაიოლდება ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობები, ასევე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გამარტივებული და იაფი მომსახურებით ისარგებლონ.

ეროვნული ბანკის ცნობით, ევროპული გადახდების საბჭო, წელიწადში 4-ჯერ იკრიბება, წევრობაზე განაცხადს კი – ევროპულ კომისიასთან კონსულტაციით განიხილავს. სებ-ის თქმით, საბჭოს, სავარაუდოდ, 2022 წლის ნოემბერში შეიკრიბება.

პარლამენტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გასაწევრიანებლად მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით 9 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე მიიღო. საკანონმდებლო პაკეტი 21 კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button