Placeholder canvas
ევროპამთავარი თემა

ლიზ ტრასი: დამდეგი ზამთრის პრემიერი

სამშაბათიდან გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ბორის ჯონსონი ოფიციალურად დატოვებს, ელისაბედ დედოფალი კი მორიგი, აწ უკვე მეთხუთმეტე პრემიერისგან მოისმენს ქვეყნის აღმშენებლობის დიად გეგმებს. კონსერვატიულ პარტიაში უკვე აღარავინ მალავს, რომ გასულ პარასკევს ჩატარებულ კენჭისყრაში დედოფლისვე სეხნიამ გაიმარჯვა. ლიზ ტრასს მრავალ კრიზისთან მოუწევს შეჭიდება, თუმცა დაუნინგ სტრიტის ათი ნომრის ახალ მაცხოვრებელზე ერთი რამის თქმა დარწმუნებით შეიძლება – ის გამოწვევებს არასდროს უშინდება.

ავტორი: საბა ბრაჭველი ინგლისის მცოდნე და მოყვარული, “ევროპის მოამბის” ერთგული ავტორია.

ბორის ჯონსონის ჩრდილი და აჩრდილი

ბორის ჯონსონმა, თავისი სამწლიანი პრემიერობის განმავლობაში, ბევრი საჩოთირო სკანდალიდან დაიძვრინა თავი. განსაკუთრებულ ხათაბალაში თავისივე დაწესებული კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო მოხვდა, რის გამოც ივნისში ოპოზიციის მიერ გამოცხადებული უნდობლობის კენჭისყრის გადალახვაც კი მოუწია. მისი პრემიერობა იანვრიდან მოყოლებული წკიპზე ეკიდა.

მინისტრთა კაბინეტის, პარტიისა და ამომრჩევლების მოთმინების ფიალა საბოლოოდ მაშინ აივსო, როცა პარტიის ერთ-ერთ ლიდერად შესაძლო სექსუალური მოძალადე დაასახელა. თავიდან კი უარობდა ბორისი, პარლამენტარის წარსულზე არა გამეგებოდა რაო, მაგრამ ლორდი მაკდონალდი საჯაროდ დაადგა პირზე – ჯერ კიდევ 2019 წელს გაცნობეთ ამ სამარცხვინო ქცევის შესახებო. მინისტრების გადადგომების ფლეშმობის შემდეგ, ბორისს სხვა აღარაფერი დარჩენოდა და ბედს დანებდა.

თუმცა, რაკიღა ბორისმა წასვლამდე ოპოზიციის უნდობლობის კენჭისყრა გადალახა, შემდეგი პრემიერის ასარჩევად ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა საჭირო არ გახდა. მომავალი ლიდერის მოძიება კონსერვატორთა პარტიაში გახდა საჭირო.

ბორისს ამ რბოლაში მონაწილეობა არ შეეძლო, თუმცაღა ავი ენები ამბობენ, საზოგადოებას მის ტყუილებსა და სკანდალებზე გულისწყრომა რომ გადაუვლის, დაუნინგ სტრიტზე დაბრუნებას უთუოდ ეცდებაო. ქარიზმატული და პარტიაში კვლავ დიდი პოპულარობით მოსარგებლე ექს-პრემიერის აჩრდილი, სავარაუდოა, რომ კარგა ხანს იტრიალებს ვესტმინსტერში, მომავალ პრემიერს კი მისი ჩრდილიდან გამოსვლისთვის მნიშვნელოვანი ძალისხმევა დაჭირდება.

საზაფხულო პრაიმჰაუსი ბალმორალისთვის

სექტემბრის პირველ კვირაში პარლამენტი საზაფხულო შვებულებიდან დაბრუნდება, დედოფალი კი ახალ პრემიერს არა ლონდონის ბაკინჰემის სასახლეში, არამედ აბერდინში, ბალმორალის სასახლეში მიიღებს. ბოლო წლებში შოტლანდიასთან დაძაბული ურთიერთობების გათვალისწინებით, ეს შეიძლება უბრალო დამთხვევა არ იყოს.

და თუმცა დედოფლისგან კურთხევის მიღების ტრადიცია საუკუნეების მტვრითაა დაფარული, რვა კონსერვატორი პოლიტიკოსის შეჯიბრს ლიდერობისთვის, რომელიც ივლისსა და აგვისტოში გაემართა, თანამედროვე რეალითი შოუს ელფერი დაჰკრავდა.

კანდიდატები ერთმანეთს საჯარო დებატებში უპირისპირდებოდნენ, თითოეული რაუნდის შემდეგ კი კენჭისყრა ტარდებოდა, რის შემდეგაც ყველაზე ნაკლები ხმის მქონე რბოლას ეთიშებოდა. ასე შემოგვრჩა ორი კანდიდატი – რიში სუნაკი და ლიზ ტრასი.

მათ შორის საბოლოო არჩევანი არა მხოლოდ პარლამენტარმა კონსერვატორებმა, არამედ პარტიის ყველა რეგისტრირებულმა წევრმა გააკეთა. სწორედ ამ საბოლოო გარბენის შედეგებს შევიტყობთ ოფიციალურად ზეგ, დამდეგ ორშაბათს.

Ready for Rishi vs Liz for Leader

მიმომხილველების აზრით, საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი გავლენა სწორედ ამომრჩევლის ცვლილებასთან ადაპტაციის უნარმა მოახდინა. თუკი ფინალამდე მთავარი პარტიის წევრების დარწმუნება იყო, ფინალში გადამწყვეტ როლს კონსერვატორი ამომრჩევლები თამაშობდნენ.

ფინალამდე ჩატარებულ ყველა კენჭისყრაში ახალგაზრდა და ამბიციური კანცლერი – რიში სუნაკი ლიდერობდა, რომელსაც ზურგს დიდი ფული და სოციალურ მედიაში გაჩაღებული ორიგინალური საარჩევნო კამპანია უმაგრებდა. ახალბედა ფინალისტი თავს კომპეტენტურ და პროფესიონალ, ახალი იდეების მქონე პოლიტიკოსად წარმოადგენდა, თუმცა პარტიის ტრადიციულ ხაზზაც ქედს უხრიდა. სუნაკმა კამპანიის მთავარს სამიზნედ პარტიის ახალგაზრდა წევრები აირჩია და კამპანიაც შესაბამისად – ინსტაგრამზე დაიწყო. მისი “სთორები” მხოლოდ ინსტაგრამზე მილიონობით ნახვას რეგულარულად აგროვებდა.

რიში სუნაკის კამპანიის ნაწილი მისი ბავშვობის სურათები და ინდური წარმოშობის ბავშვის წარმატების ისტორია იყო. ფოტო: რიში სუნაკის კამპანია.

სუნაკისგან განსხვავებით, ტრასი თავს დიდი გამოცდილების მქონე მინისტრად აჩვენებდა, რომელმაც საგარეო პორტფელის მართვისას ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია. კონკურენტთან შედარებით თითქმის მოსაწყენიც კი იყო მისი კამპანიაც – ინსტაგრამზე კეკლუცობის ნაცვლად, ფსონი მან ტრადიციულ, ბეჭდურ გამოცემებზე გააკეთა და როგორც ბიბისი იუწყება, საბოლოოდ არც შემცდარა – კონსერვატიული პარტიის წევრთა უმეტესობა, გაგიკვირდებათ და, დეილი მეილს უფრო კითხულობს, ვიდრე ინსტაგრამის სთორებს სქროლავს…

“2024-ში ლეიბორისტებს მე დავამარცხებ” – ლიზ ტრასის კამპანიის ბანერი “დეილი მეილში”

ბორისის აჩრდილმა, ზემოთ რომ ვახსენეთ, ფინალშიც იჩინა თავი. კამპანია ორივე კანდიდატმა არა გვარზე, არამედ სახელზე ააწყო, რაც ბრიტანულ პოლიტიკაში სწორედ ბორისის მიერ დამკვიდრებული სიახლეა.

გარდა ამისა, სუნაკსა და ტრასს შორის არჩევანი, პარტიის წევრებისთვის, შეიძლება სწორედ ბორისისადმი მათმა დამოკიდებულებამაც განაპირობა – სუნაკი ერთ-ერთი პირველი ‘მოჯანყეთაგანი’ იყო, ვინც ბორისს განუდგა, ტრასი კი ბოლომდე დარჩა ყოფილი პრემიერის ერთგული. ვინ იფიქრებდა, რომ ერთგულება პოლიტიკაში ასე დაფასდებოდა?!

ლიზ ტრასი – კარიერით პოლიტიკოსი

ლიზ ტრასის გაპრემიერებით კიდევ ერთი ბრიტანული ტრადიცია შენარჩუნდება, რომელიც სათავეს 1955 წლიდან იღებს და რომლის მიხედვითაც გადამდგარი პრემიერის ადგილს მისი კაბინეტის საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ან ფინანსთა მინისტრი იკავებს. აკი სწორედ საგარეო საქმეთა მინისტრობისას დააგროვა მომავალმა პრემიერმა მთავარი პოლიტიკური კაპიტალი. თუმცა მისი კარიერა ბევრად უფრო ადრე იწყება.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, სტუდენტობის დასრულებამდე ტრასი ლიბერალ-დემოკრატების წევრი და მონარქიის გაუქმების ურყევი მომხრე იყო, თუმცა, 1996 წელს კონსერვატორებს შეუერთდა და ახალგაზრული ამბოხის აზრებიც თემზის წყალს გაატანა. მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიციის ცვლილება ტრასისთვის უჩვეულო არაა: 2016 წლამდე ის ბრექსიტის თავგადაკლული მოწინააღმდეგე იყო, 2017 წლის შემდგომ კი ევროკავშირიდან გასვლას ‘ახალი შესაძლებლობების ფანჯარად’ მოიხსენიებს.

პარტიაში ლიზ ტრასი თავდაპირველად დევიდ კემერონმა დააწინაურა და მერე ეკონომიკური, გარემოს დაცვის, ვაჭრობისა და იუსტიციის მიმართულებით სხვადასხვა თანამდებობებს მომდევნო კაბინეტებშიც იკავებდა. 2021 წელს, ტრასი ბორის ჯონსონმა საერთაშორისო ვაჭრობის მდივნიდან საგარეო საქმეთა მინისტრად აღაზევა. თუკი ადრე, ფართო პუბლიკისთვის ლიზ ტრასი მხოლოდ ყველთან და ვაშლებთან დაკავშირებული უცნაური მონოლოგით იყო ცნობილი, უკრაინის ომმა მისი იმიჯი და კარიერაც შეცვალა.

უკრაინის უდიდესი მეგობარი

2022 წლის 10 თებერვალს ლიზ ტრასი რუს კოლეგას, ლავროვს შეხვდა. რუსმა შეხვედრის შემდგომ გაღიზიანება ვერაფრით დამალა – ჩვენი შეხვედრა ‘ყრუსა და მუნჯს შორის’ დიალოგს ჰგავდაო. საპასუხოდ ტრასმა განაცხადა, შეხვედრაზე მე სიმუნჯის არაფერი მეტყობოდაო, რითიც სმენის პრობლემებზე მეორე მხარეს მიანიშნა. ორ კვირაში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ტრასმა კი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო.

“ტრასი ტანკში”: 2021 წლის ნოემბერში ტრასმა (მარცხნივ) ესტონეთში ტანკისტის მუზარადიც მოირგო და ამით რუსეთსაც მიანიშნა თავისი განზრახვა, სახელოვან წინამორბედს, მარგარეტ ტეტჩერსაც (მარჯვნივ, 1986 წელი, დასავლეთ გერმანია) ჩაუკრა თვალი და ამომრჩეველსაც მიანიშნა თავისი ამბიციების მიმართულება. ფოტო: დაუნინგ სტრიტი/გეტის არქივი.

ომის დაწყებიდან სამ დღეში ტრასმა საჯაროდ დაუჭირა მხარი იმ ბრიტანელებს, რომლებიც უკრაინის ომში მოხალისეებად მიდიოდნენ. ამის გამო ის საკუთარი პარტიის რამდენიმე წევრმაც კი გააკრიტიკა, თუმცა ტრასს უკრაინის მხარდაჭერა არ შეუწყვეტია. ის იყო რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების დაწესების ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და ‘ქორული’ პოლიტიკის ურყევი მომხრე. ტრასმა საარჩევნო კამპანიის დროს დააანონსა კიდეც – პრემიერი თუ გავხდები, უკრაინას ჩემზე დიდი მეგობარი არ ეყოლებაო.

ტრასის ხედვა ბრიტანული უსაფრთხოების სამსახურების ხედვას ემთხვევა, რომლებიც ლიტვინენკოსა და სკრიპალის დანაშაულების შემდეგ პუტინის რუსეთთან თანამშრომლობას – საფრანგეთისა და გერმანიისგან განსხვავებით – შეუძლებლად მიიჩნევენ. ამრიგად, გასაკვირი არაა, რომ ლავროვთან შეხვედრიდან მოყოლებული, რუსული მედია ლიზ ტრასს პერმანენტულად ესხმის თავს და ერთ-ერთ მთავარ მტრად ასახელებს.

სამომავლო პერსპექტივები და პოლიტიკა

ტრასის ერთ-ერთი მთავარი დაპირება ის იყო, რომ წინამორბედის პოლიტიკას გააგრძელებდა. შესაბამისად, მისგან მკვეთრ ცვლილებებს არ უნდა მოველოდეთ. როგორც კლასიკური ლიბერტარიანული ეკონომიკური პოლიტიკის მომხრე და ტეტჩერისტი, ტრასის ერთ-ერთი მთავარი დაპირება გადასახადების შემცირებაა. პირველი ალბათ ე.წ. „მწვანე ბეგარა“ იქნება, რომელიც ვესტმინსტერმა განახლებად ენერგიაში ინვესტირებისთვის შემოიღო, თუმცა, მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე რიგითი ბრიტანელის ჯიბეს დამატებით ტვირთად აწვება. ეკონომიკური პოლიტიკის გარდა, ტრასის ტეტჩერიზმი თავდაცვის პოლიტიკაშიხ გამოიხატება. გარდა უკრაინის მყარი მხარდაჭერისა, ტრასი თავდაცვაში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ის გადასროლას აპირებს.

საგარეო პოლიტიკაში რუსეთის მიმართ სიხისტე სავარაუდოდ შენარჩუნდება, თუმცა უფრო შემაშფოთებელია ტრასის საკმაოდ უხეში დამოკიდებულება ევროკავშირსა და საფრანგეთთან. ევროკავშირი იმას უფრთხის, რომ ტრასი ბრეგზიტის დროს ირლანდიასთან საბაჟო წესების შესახებ დადებულ ხელშეკრულებას დაარღვევს. საფრანგეთის პრეზიდენტზე ლიზ ტრასის ამასწინანდელმა ნათქვამმა, კაცმა არ იცის, მაკრონი ბრიტანეთის მტერია თუ მეგობარიო, ბევრი გააღიზიანა პარიზში. ბორის ჯონსონით უკვე მოღლილი კონტინენტური ევროპელები ტრასის გამოხტომებს მშვიდად ალბათ არ აიტანენ. ევროპული ერთობის რღვევა კი მიმდინარე ომისა და დამდეგი ენერგეტიკული კრიზისის დროს კარგი საქმე ვერ იქნება.

გაერთიანებული სამეფოს შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ბოლოს უნდა ჩაინიშნოს და 2025 წლის დასაწყისში ჩატარდეს. შემდეგი არჩევნების მოგება მომავალი პრემიერისთვის მთავარი საზრუნავი იქნება. რაკი ტრასი – ტეტჩერისაგან განსხვავებით – ქარიზმატულობით არ ბრწყინავს, მას გამკლავება მოუწევს როგორც ოპოზიციასთან, ისე – საკუთარი პარტიის ლიდერშიფთან, რომელმაც არჩევნებისთვის შესაძლოა უფრო ქარიზმატული სახის ხილვა ისურვოს.

ჩვენი მხრივ კი, ვუსურვებთ არია სტარკის მოყვარულ პრემიერს იმ ზამთართან გამკლავებას, რომელიც ნამდვილად მოდის და წელს შესაძლოა განსაკუთრებულად სუსხიანიც აღმოჩნდეს.

მსგავსი/Related

Back to top button