დაწურულადევროპა

მოკავშირეები უკრაინის სამხედრო დახმარებას გაზრდიან

რა მოხდა

ბრიუსელში 15-16 ივნისს მიმდინარე ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის პარალელურად, უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფის (the Ukraine Defence Contact Group) მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ავტორი: გიორგი ბილანიშვილი (Twitter: @bilanishviliG), მკვლევარი.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

ომის ამ ეტაპზე, უკრაინა რუსეთის შესაკავებლად უზარმაზარი რაოდენობის საბრძოლო მასალას ხარჯავს, დიდია მსხვერპლიც. ამუნიციის საბჭოთა მარაგები თითქმის ამოწურულია, ამიტომ აგრესიის შესაკავებლად უკრაინისთვის აუცილებელია მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერა. უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფს ამ დახმარების კოორდინირების ამოცანა ეკისრება და უკვე მესამედ იკრიბება. ამჯერად მასში კიდევ უფრო მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა ვიდრე აპრილის მიწურულს რამშტაინში გამართულ პირველ შეხვედრაში. საყურადღებოა, რომ საუბარი საშუალო და გრძელვადიან გეგმებზეც დაიწყო, რაც უკრაინას არა მხოლოდ აგრესიის შეჩერების, არამედ შემდგომი თავდასხმების პრევენციის საშუალებას მისცემს.   

რა ითქვა?

შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინისთვის მორიგი 1 მლრდ აშშ დოლარის სამხედრო და 225 მლნ აშშ დოლარის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ გამოაცხადა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, შეხვედრის მონაწილე 45-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს უთხრა, რომ უკრაინის მხარდაჭერაში უკან დახევა არ შეიძლება, და სამხედრო ამ დახმარების გაგრძელებასა და გაზრდაზე გაამახვილა.  

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რომელიც ასევე მონაწილეობდა უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში, ნატო, როგორც ორგანიზაცია, ასევე გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას. მისი თქმით, ივნისის ბოლოს, მადრიდში დაგეგმილ ნატოს სამიტზე, მოკავშირეები უკრაინისთვის მრავალმხრივი მხარდაჭერის პაკეტზე შეთანხმდებიან.

ნატოს როლი უმნიშვნელოვანესი იქნება სამხედრო დაგეგმარების საქმეში. იარაღთან ერთად, უკრაინას სულ უფრო სჭირდება ახალი სამხედრო დანაყოფების ფორმირება და გაწვრთნა.

იარაღის მიწოდების დინამიკა

ბოლო ხანებში სამხედრო თვალსაზრისით გააქტიურდა საფრანგეთი. პარიზი კიევს საკმაოდ მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევდა ომის დასაწყისიდან მოყოლებული, თუმცა, შეძლებისდაგვარად, უხმაუროდ. უკრაინელი სამხედროები განსაკუთრებით ემადლიერებიან ფრანგულ მსხვილკალიბრიან ჰაუბიცა “CAESaR”-ებს, რომლებიც ფრანგებმა (ბრიტანელებისაგან და აშშ-საგან განსხვავებით) უკრაინელებს დამიზნების ციფრულ სისტემასთან ერთად გადასცეს. კიივში ჩასული მაკრონი კიდევ ექვსი ასეთი დანადგარის გადაცემას დაპირდა უკრაინას.

15 ივლისს, რუმინეთში ვიზიტისას მაკრონმა მკაფიოდ გამოხატა რუსეთისადმი უფრო ხისტი დამოკიდებულება და ამოცანად ბრძოლის ველზე უკრაინის გამარჯვება დასახა. ეს ტონის ცვლილებაა ცოტა ხნის წინანდელ განცხადებასთან შედარებით, რომ არ უნდა მოხდეს რუსეთის დამცირება, რამაც უკრაინელები ფრიად გააღიზიანა.

ჩანს, გარდატეხა მოხდა გერმანიის პოზიციაშიც. კანცლერი ოლაფ შოლცი იარაღის მიწოდებაში შეფერხებების გამო შინ და გარეთ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. 16 ივნისს, კიივში ვიზიტის შემდეგ, გერმანიის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ უკრაინას მალევე გადასცემენ საშუალო სიშორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე ისტემას IRIS-T, სარადარო სისტემა Cobra-ს, ზალპური ცეცხლის სარაკეტო დანადგარებს MARS, და ჯავსნოსან მანქანებს Gepard.

დიდი ბრიტანეთი აგრძელებს დახმარების პროგრამას. როგორც გაირკვა, ლონდონმა ოცამდე თვითმავალი საარტილერიო დანადგარი M109 შეიძინა, შეაკეთა და უკრაინისთვის გაახაზირა.

გარდა ამ შეიარაღებისა, უმნიშვნელოვანესია ტყვია-წამლისა და ჭურვების მიწოდებაც. ბევრი უფრო მომცრო ქვეყანაც ეხმარება უკრაინას: ამასწინათ სურათზე აზერბაიჯანული წარმოების ნაღმმტყორცნიც კი გამოჩნდა.

მომავლის ხედვა

ომი უკრაინაში საარტილერიო დუელად გადაიქცა, რომელსაც ორივე დაპირისპირებული არმია გამოფიტვის ზღვრამდე მიჰყავს. რუსეთის არმიას საარტილერიო მარაგები უხვად აქვს, ამიტომ საგარეო დახმარების გარეშე უკრაინა ვერ შეძლებს მათ მოგერიებას. ამასობაში, უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფი მოკლევადიანიდან საშუალოვადიანი ამოცანების გადაწყვეტისკენ იხედება – საუბარია უკრაინის არმიის მთლიანად ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლაზე, ისევე, როგორც თავდაცვით დაგეგმარებაზე იმისათვის, რომ წლის ბოლოსთვის საკვანძო უკრაინული ქალაქები და ობიექტები საჰაერო შეტევებისგან დაცული იყოს, ხოლო ახალი ბატალიონები კი – გაწვრთნილი.

მსგავსი/Related

Back to top button