Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს და იტალიის პრეზიდენტებმა რომში ევროკავშირის განაცხადზე ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რომს სტუმრობს, სადაც 7 ივნისს იტალიელ კოლეგას, სერჯო მატარელას შეხვდა და ევროკავშირში საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე იმსჯელა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იტალია „ ერთ-ერთი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ყველაზე უფრო მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენს გვერდით ამ რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე“.

მისი თქმით, ქვეყნის განაცხადზე იტალიისა და ევროპის მხარდაჭერა „საქართველოს მოსახლეობის 88%-ისთვის, რომელიც საქართველოს ინტეგრაციას ემხრობა, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება“.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს „მისი ევროპაში დაბრუნების ერთ-ერთი სიმბოლო იქნება, იქნება აღიარება საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებისა და იმისა, რომ მისი ადგილი იქ არის“.

„ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს გააჩნია ევროპული და დემოკრატიული მომავალი“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა. „ჩვენ ისიც ვიცით, რომ ამ მომავლისთვის საქართველოსაც აქვს ძალიან დიდი ვალდებულებები და თუ აჩქარებულია ინტეგრაციის პროცესი, ასევე აჩქარებული უნდა იყოს ჩვენი რეფორმების პროცესი და არანაირი შეფერხება მას თან არ უნდა ახლდეს“, – დასძინა მანვე.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინის წინააღმდეგ „სასტიკი რუსული აგრესიის“ შესახებ. „ეს რუსეთის აგრესია შეიძლება სხვადასხვა ფორმით გაგრძელდეს, მაგრამ უკვე წარუმატებელია, რადგან მას ევროპა დახვდა ფხიზელი და დახვდა ისეთი გაერთიანებული, როგორც არასოდეს და ის გადაწყვეტილებები, რაც ევროპის მიერ იქნა მიღებული მყარია და ადვილად არ შეიცვლება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველომაც არაერთხელ გაიარა მსგავსი აგრესია – 1921, 1991 და 2008 წლებში.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მან და მისმა კოლეგამ ისაუბრეს ნატოსთან ურთიერთობის „უალტერნატივო გზაზე“. „იტალია ჩვენს გვერდით დგას – ეს იქნება სწავლებებში მონაწილეობით, სხვადასხვა მისიაში ჩვენი თანამშრომლობით, თუ ნატოში ჩვენი მხარდაჭერით“, – აღნიშნა მან.

უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და იტალიას საერთო მოსაზრება აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირმა უნდა ჩამოაყალიბოს სტრატეგია შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად.

ამასთან, პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა „საუკუნოვან ურთიერთობებზე ჩვენს ორ კულტურასა და ცივილიზაციას შორის“.

პრეზიდენტ მატარელას თქმით, იტალია საქართველოს ევროპულ კურსს მხარს უჭერს 

„საქართველომ, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, წვლილი შეიტანა ევროპული ცივილიზაციის დიდ ოჯახში და ამდენად, სრულიად ბუნებრივია, რომ დღეს მას სურს ევროკავშირის სრულუფლებიანი წვერი გახდეს. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ კურსს“, – განაცხადა პრეზიდენტმა მატარელამ. „ველით საჭირო ნაბიჯებს ევროკომისიისგან“.

მისი თქმით, ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობა მეტ ყურადღებას მოითხოვს იმ ფონზე, როცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს „სერიოზული შედეგები მოჰყვა აღმოსავლეთ სამეზობლოში“.

იტალიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა და უსაფრთხოება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ „ყველას ეხება, ვინაიდან ისინი მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას იქცევს“.

უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაზე საუბრისას, იტალიის პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომი და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაც გაიხსენა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა იტალიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში „კონსტრუქციული მოლაპარაკებების“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პრეზიდენტმა მატარელამ აღნიშნა, რომ თბილისსა და რომს საერთო ხედვა გააჩნიათ „იმ ღირებულებების, რომელთაც საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ეფუძნებოდეს: ომის უარყოფა, მშვიდობიანი თანაარსებობა ხალხებს შორის და სუვერენიტეტისა და საზღვრების პატივისცემა“.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვიზიტი იტალიაში 

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერმინისტრ მარიო დრაგის, სენატის თავმჯდომარეს, მარია ელიზაბეტა ალბერტი კაზელატის და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, რობერტო ფიკოს.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თორთლაძე და ქართული ოცნების დეპუტატი და დიასპორის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია იტალიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button