ახალი ამბები

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა და 23 მაისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8767 ლარით განისაზღვრა.

ახალი კურსის გათვალისწინებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 15%-ით გამყარდა 10 მარტს არსებულ 3.4019-იან კურსთან შედარებით.

კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან, ლარის კურსი 1 აშშ დოლართან მიმართებით 3-ის ფარგლებში მერყეობდა. მოგვიანებით, 2020 წლის მარტში კი – 3.4842-მდე დაეცა.

ეროვნული ვალუტა საქართველოში 2022 წლის აპრილში, სულ ცოტა 2000 წლიდან ფულადი გზავნილების შემოდინების ყველაზე მაღალი დონის ხარჯზე მყარდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 58.8%-ით მეტია 2021 წლის აპრილის ანალოგურ მაჩვენებელზე და 59.6%-ით მეტი 2022 წლის მარტის მაჩვენებელზე.

ზრდა დიდწილად რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდამ განაპირობა, რამაც აპრილში 133 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგურ მაჩვენებელზე 299%-ით მეტია.

საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ს მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების განყოფილების უფროსმა, ლაშა ქავთარაძემ განაცხადა, რომ ფულადი გზავნილების ზრდის გარდა, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება ტურიზმის ზრდამ და საექსპორტო შემოსავლებმა განაპირობა.

მან იქვე განმარტა, რომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ დადებითი ტენდენცია წლის ბოლომდე გაგრძელდეს.

„რისკები და გაურკვევლობები ისევ მაღალია. ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ მცირედი გაუფასურება იყოს წლის ბოლოსკენ“, - განაცხადა მან 18 მაისს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ განაცხადა, რომ ლარის გამყარების ერთ-ერთი ფაქტორი რეფინანსირების მაღალი, 11%-იანი განაკვეთია.

რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა დროში ემთხვევა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებას მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომის გამო რუსეთს საერთაშორისო სანქციები დაეკისრა.

რუსეთის მოქალაქეების შემოდინების თაობაზე არსებული მზარდი წუხილების ფონზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 17 მარტს განაცხადა, რომ 24 თებერვლიდან მოყოლებული, საქართველოში 30 439 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, საიდანაც 17 801 გავიდა, ხოლო 12 638 დარჩა.

მინისტრის თქმით, 2019 წლის იმავე პერიოდში, რუსეთიდან საქართველოს 64 008 ვიზიტორი ესტუმრა, 63 097 გავიდა, 911 კი – დარჩა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button