დაწურულადევროპა

შარლ მიშელი: გაფართოების პროცესის განსამტკიცებლად

გუშინ, 18 მაისს, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი ევროკავშირის ეკონომიკური და სოციალური საკითხების კომიტეტის პლენარულ სხდომაზე გამოვიდა, სადაც გაფართოების საკითხზე საინტერესო მოსაზრებები გააცნო მსმენელებს. გთავაზობთ ამონარიდს ამ გამოსვლიდან. აზრის უკეთ გადმოსაცემად, აქაიქ სარედაქციო დაზუსტებები მოვიშველიეთ, რომლებიც კვადრატულ ფრჩხილებშია ჩასმული.


დარწმუნებული ვარ, რომ უნდა ვიმუშაოთ გაფართოების პროცესის ეფექტურობისა და დინამიზმის გასაზრდელად. ვაღიაროთ: დღეს არსებული პროცესი თამაშია ნულოვანი შედეგით – ან ყველაფერს იღებ ან არაფერს. ამგვარმა მიდგომამ ბევრი იმედგაცრუება და ფრუსტრაცია მოიტანა პროცესში ჩართული ყველა მხარისათვის. დამეთანხმებით, თუკი ურთიერთნდობის მშენებლობა გვინდა, ეს არაა სასარგებლო ემოციები. თესალონიკის შეხვედრიდან, სადაც ევროპელი ლიდერები დასავლეთ ბალკანეთისკენ ევროკავშირის გაფართოებაზე შეთანხმდნენ, ცხრამეტი წელი გავიდა. გაფართოების მოლაპარაკებები გაიწელა, ზოგჯერ მისაღები, ზოგჯერაც მიუღებელი მიზეზებით. დღეს ჩვენს მაგიდებზე უკვე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მოთხოვნებიც დევს.

გეტყვით გულწრფელად, გახსნილად. მოვიდა დრო, რომ გადავლახოთ ეს ბარიერი და ახალი ენერგიით წავახალისოთ რეფორმები, რათა ევროპულმა ინტეგრაციამ წინ წაიწიოს. ჩემი აზრით, გაწევრების პროცესი უფრო სწრაფი, უფრო ეტაპობრივი და შექცევადი უნდა გახდეს. ვფიქრობ, უნდა შეგვეძლოს კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური უპირატესობები მივანიჭოთ ჩვენს პარტნიორებს ჯერ კიდევ გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, ისე, რომ არ დაველოდოთ ამ მოლაპარაკებების დასრულებას.

ჩემი თვალთახედვით, გამოსავალი იქნებოდა გაწევრების პროცესის მიმდინარეობისას [კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში] ეტაპობრივი და თანდათანობითი ინტეგრაცია. მეტი – მეტისათვის. მაგალითად: თუკი ქვეყანა დააკმაყოფილებს მოცემულ სექტორში აუცილებელ ნორმებს, მას უნდა შეეძლოს აქტიურად, საკონსულტაციო ხმით, მიიღოს მონაწილეობა ამ სექტორის დარგობრივი მინისტრთა საბჭოს მუშაობაში, ჩართული იყოს დღის წესრიგისა და თემატიკის ფორმირებაში. მოცემული ქვეყანა ასევე ეტაპობრივად უნდა ჩაერთოს ევროკავშირის ყოველდღიურ მუშაობაში, თუკი მისი კანონდებლობა შეესაბამება საერთო სარეგულაციო ჩარჩოს, მაგალითად შიდა ბაზრის, თავისუფალი გადაადგილების ანდაც ენერგეტიკის სფეროში.

ხოლო როცა ქვეყანა წინასწარგანსაზღვრულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, მას, ჩემი ხედვით, უნდა გაუჩნდეს პროგრამულ დაფინანსებასთან წვდომის საშუალება, რაც კონკრეტულ, ხილულ, ხელშესახებ სიკეთეს მოუტანს მოქალაქეებს. როცა ვამბოთ, თანდათანობითო, ვგულისხმობთ [ქვეყნების მიერ გაწეული სამუშაოს] პროპორციულ, მართულ, კონტროლირებად პროცესს. ამავე პროცესში ინტეგრირებული უნდა იყოს შექცევადობის პრინციპიც – ანუ თუკი ქვეყანა უკან-უკან წავა – რაც ბუნებრივია არ გვსურს – ამას პირდაპირი გავლენა უნდა ჰქონდეს ქვეყნის ინტეგრაციის ხარისხზეც [მისი შემცირების მხრივ].

მაგალითისთვის, თუ ქვეყანამ უკან გადადგა ნაბიჯები კანონიერების დაცვის, ანდა ადამიანის უფლებების მხრივ, მანამდე მიღებული გარკვეული უპირატესობები შეიძლება შეუწყდეს, წინასწარ დადგენილი ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. რა იქნება ამგვარად შეცვლილი, ახალი გაწევრების პროცესის უპირატესობა? მისი მიზანი იქნება იმ სტრუქტურული რეფორმების წახალისება და დაჩქარება, რომლებიც უკეთ დაუკავშირებს ამ ქვეყანას ევროკავშირს. ამასთანავე, არ დავივიწყოთ, რომ ორმხრივი სირთულეები, რომლებიც ხშირად უმცირესობების დაცვის საკითხთანაა დაკავშირებული, ასევე სასწრაფო ყურადღებას იმსახურებს, რომ ასეთი დავები დროულად მოგვარდეს.

ვფიქრობ, გაფართოების საკითხებზე რამდენიმე კვირაში მოგვეცემა ევროკომისიასთან დებატის საშუალება მაშინვე, როგორც კი ის უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხრიდან შემოტანილ საკანდიდატო განაცხადებზე გამოაქვეყნებს თავის აზრს.

პირველწყარო
Discours du président Charles Michel lors de la session plénière du Comité économique et social européen

მსგავსი/Related

Back to top button