ახალი ამბები

ჯეიმს აპატურაის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოუსმინეს

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე და კიბერუსაფრთხოებასა და ენერგოუსაფრთხოებაზე ისაუბრა.

დახურული შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, აპატურაიმ განაცხადა, რომ ალიანსმა გადაწყვიტა, რომ მეტი გააკეთოს საქართველოსა და სხვა პარტნიორებისთვის ევროპაში, ვინაიდან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა „ფუნდამენტურად შეცვალა უსაფრთხოების რუკა“ კონტინენტზე „დიდი ხნით“.

„კიბერთავდასხმა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის ნაწილი იყო საომარი მოქმედებების დაწყებამდე და საომარი მოქმედებების დროსაც“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ საქართველოსთვის და ნატოს თითოეული ქვეყნისთვის გადამწყვეტია, რომ გააძლიერონ საკუთარი კიბერუსაფრთხოება.

ჯეიმს აპატურაიმ ასევე განაცხადა, რომ ალიანსს გარკვეული იდეები აქვს ქვეყნისთვის, რათა ამ კუთხით, ასევე ჰიბრიდული თავდასხმებისა და კოორდინირებული დეზინფორმაციის კონტექსტში საკუთარი უსაფრთხოება გააძლიეროს.

რაც შეეხება ენერგოუსაფრთხოებას, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს როლი ევროპის მომარაგებაში „კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა“ მას შემდეგ, რაც ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთიდან მიწოდებაზე უარი თქვეს.

ამ კონტექსტში, მან საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რათა ქვეყანამ კიბერ ან ფიზიკური თავდასხმების წინააღმდეგ საკუთარი ენერგოინფრასტრუქტურა უკეთ მოამზადოს.

გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ მადრიდის სამიტისთვის ნატოს „ძალიან კონკრეტული იდეები“ ექნება საქართველოს დასახმარებლად.

მისივე თქმით, იგი მოელის, რომ ივნისში, მადრიდის სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ნატოს კარი ღია რჩება საქართველოსთვის.

თუმცა, აპატურაიმ ისიც აღნიშნა, რომ მოკავშირე სახელმწიფოებს სურთ იხილონ შემდგომი რეფორმები, ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო და ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი მუშაობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button