ახალი ამბები

შოთა დიღმელაშვილს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 მარტს სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტს, შოთა დიღმელაშვილს მთავრობის კანცელარიისთვის კვერცხის სროლის გამო 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა, რაც სამოქალაქო სექტორის შეფასებით, აუარესებს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას.

8 მარტს ჩაწერილ ვიდეოში ჩანს, რომ დიღმელაშვილი სხვა აქტივისტების დაკავებას მარტო აპროტესტებდა. სამართალდამცველებმა ისინი 7 მარტს მაშინ დააკავეს, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საქართველოს მთავრობის სადავო პოზიციას აპროტესტებდნენ.

ვიდეოში ასევე ჩანს, რომ პოლიციელები დიღმელაშვილს მას შემდეგ მიუახლოვდნენ, რაც მთავრობის კანცელარიის შენობას კვერცხი ესროლა და უთხრეს, რომ ეს არ შეიძლება.

გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, ნონა ქურდევანიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ „პოლიცია ისევ იყენებს ნაცად მეთოდს, აქტივისტის ქმედებას აფორმებს ,,პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად“. „იმ პირობებში, როდესაც მოთხოვნის არსებობის ფაქტიც კი არ მოწმდება სასამართლოს მიერ, პატიმრობის გამოყენების ფორმალური საფუძველი უკვე სახეზეა“, – დასძინა მანვე.

დიღმელაშვილისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის მისჯამდე ერთი დღით ადრე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქციების ფონზე, „ხელისუფლებამ სამოქალაქო აქტივისტების დაკავებები დაიწყო და მათ მიმართ ადმინისტრაციული დაკავების შერჩევითად, არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად გამოყენების პრაქტიკა განაგრძო“.

„ამ და უწინ მომხდარი დაკავებების დროს სამართალდამცავებისა და სასამართლოს მიერ პერმანენტულად ირღვეოდა აქტივისტების უფლებები, სახეზე იყო კანონმდებლობის შერჩევითი გამოყენება და აქტივისტების უსაფუძვლო დაკავება“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button