Placeholder canvas
ევროპაევროპის მოამბემთავარი თემა

პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა უკრაინელი ერისადმი

14 თებერვლის საღამოს, მოსკოვის სავარაუდო სამხედრო ინტერვენციის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ერისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელა.ორიგინალ, უკრაინულ ენაზე გამოსვლა იხილეთ აქ, რუსულად — აქ, ინგლისურად ოფიციალური თარგმანი — აქ. „სამოქალაქო საქართველო“ გთავაზობთ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვის სრულ ქართულ თარგმანს:

„დიდებული ქვეყნის დიდებულო ხალხო!

მოგმართავთ ამ დაძაბულ მომენტში.

ჩვენი სახელმწიფო სერიოზული საგარეო და საშინაო გამოწვევების წინაშეა, რომლებიც ყველა ჩვენგანისაგან, მათ შორის ჩემგანაც, პასუხისმგებლიანობას, ნდობასა და კონკრეტულ მოქმედებებს მოითხოვს.

ჩვენ გვაშინებენ დიდი ომით და კვლავაც ასახელებენ სამხედრო შემოსევის თარიღს. ეს პირველად არ ხდება.

ჩვენს წინააღმდეგ ომი სისტემატურად მიმდინარეობს ყველა ფრონტზე. სამხედრო ფრონტზე, ისინი ჩვენი საზღვრების გარშემო კონტიგენტს ზრდიან. დიპლომატიურ ასპარეზზე ისინი ცდილობენ წაგვართვან უფლება, თავად გადავწყვიტოთ საგარეო პოლიტიკური კურსი. ენერგეტიკულ ფრონტზე ცდილობენ შეგვიზღუდონ ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და ქვანახშირი. საინფორმაციო კუთხით კი, ისინი ცდილობენ მედიით დათესონ პანიკა მოქალაქეებსა და ინვესტორებში.

მაგრამ დღეს ჩვენი სახელმწიფო ისე ძლიერია, როგორც არასდროს.

ეს არაა პირველი საშიშროება, რომელიც დაგვმუქრებია. ორი წლის წინ, ჩვენც, ისე, როგორც დანარჩენი მსოფლიო, დაბნეულნი ვუყურებდით პანდემიას. თუმცა ჩვენ გავერთიანდით და მკვეთრი,სისტემური ნაბიჯებით პრაქტიკულად დავამარცხეთ იგი. ამ რთულ ჟამს, ძლიერმა უკრაინელმა ხალხმა თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინა — ერთიანობა და ნება გამარჯვების.

განსხვავებით ორი წლის წინ დაწყებული პანდემიისა, დღეს კარგად ვიაზრებთ ყველა გამოწვევას, რომლის წინაშეც ვდგავართ და იმას, როგორ უნდა ვუპასუხოთ მათ. ჩვენ ვართ თავდაჯერებულნი, მაგრამ არ ვართ თვითდაჯერებულნი. ვიაზრებთ ყველა რისკს. ჩვენ განუწყვეტლივ ვაკვირდებით სიტუაციას, ვმუშაობთ სხვადასხვა სცენარზე, ვამზადებთ ღირსეულ პასუხს ყველა შესაძლო აგრესიულ ქმედებაზე.

ჩვენ ზუსტად ვიცით, სად არის უცხო ჯარი ჩვენს საზღვრებთან, ვიცით მათი რიცხვი, მდებარეობა, მათი შეიარაღება და მათი გეგმები.

ჩვენ ვიცით როგორ ვუპასუხოთ მათ. ჩვენ მშვენიერი არმია გვყავს. ჩვენს ბიჭებს უნიკალური საბრძოლო გამოცდილება და თანამედროვე იარაღი აქვთ. ეს ჯარი ბევრად უფრო ძლიერია იმაზე, რაც რვა წლის წინ გვყავდა.

არმიასთან ერთად, უკრაინული დიპლომატია ფრონტის წინა ხაზზეა ჩვენს ინტერესთა დასაცავად. ჩვენ მოვახერხეთ, მოგვეპოვებინა დიპლომატიური მხარდაჭერა ცივილიზებული მსოფლიოს თითქმის ყველა ლიდერისაგან. მათი უმეტესობა ან უკვე ეწვია უკრაინას და მხარი დაუჭირა მას, ან უახლოეს მომავალში იზამს ამას. დღეს ყველა აცნობიერებს, რომ ევროპისა და მთელი კონტიტენტის უსაფრთხოება უკრაინასა და მის არმიაზეა დამოკიდებული.

ჩვენ გვინდა მშვიდობა და გვინდა, ყველა საკითხი ექსკლუზიურად მოლაპარაკებების გზით გადავწყვიტოთ. დონბასიცა და ყირიმიც დაუბრუნდება უკრაინას. მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიის გზით. ჩვენ სხვას იმაში არ შევეცილებით, რაც ჩვენი არაა, მაგრამ არ დავთმობთ ჩვენს მიწას.

ჩვენ გვჯერა ჩვენი სამხედრო ძალების, თუმცა ჩვენმა მხედრობამ უნდა იგრძნოს ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი შეკრულობა, ჩვენი ერთობა. ჩვენი არმიის მთავარი საყრდენი საკუთარი ხალხის ნდობა და ძლიერი ეკონომიკაა.

ჩვენ შევქმენით საჭირო რეზერვები, რათა გრივნას გაცვლით კურსსა და ფინანსურ სისტემაზე დარტყმები მოვიგერიოთ. ჩვენ არ დავივიწყებთ არცერთ დარგს, რომელსაც მთავრობის დახმარება დასჭირდება. ისევე როგორც ავიაკომპანიების შემთხვევაში მოხდა წინა დღეებში. ამის მოწმე გრივნას მყარი გაცვლითი კურსი და კვლავაც გახსნილი საჰაერო სივრცეა.

თავდაცვის მნიშვნელოვანი ფრონტი შინაურ მედიასაშუალებათა მიერ ვითარების ობიექტურად გაშუქებაზე გადის. და ახლა მინდა, უკრაინელ ჟურნალისტებს მივმართო. ზოგიერთ თქვენგანს ზოგჯერ თქვენი მედიის მფლობელთა დავალებების შესრულება გიწევთ. მათი უმეტესობა უკვე გაიქცა საკუთარი ქვეყნიდან.

იშრომეთ უკრაინისათვის და არა იმათთვის — ვინც გაიქცა. ქვეყნის ბედი დღეს თქვენს პატიოსან პოზიციაზე ჰკიდია.

ახლა კი მივმართო მინდა არა იმათ, რომლებიც უკრაინაში და უკრაინის გვერდით დარჩნენ, არამედ მათ, ვინც ამ გადამწყვეტ დროს გაიქცნენ. თქვენი სიძლიერე არა ფული და თვითმფრინავები, არამედ თქვენი ის სამოქალაქო პოზიციაა, რომლის ჩვენებაც შეგიძლიათ. დაუბრუნდით საკუთარ ქვეყანასა და ხალხს, რომელთა წყალობითაც ფლობთ მაგ ქარხნებსა და სიმდიდრეს. დღეს ყველა აბარებს ტესტს უკრაინის მოქალაქეობისა. ღირსეულად უნდა ჩააბაროთ იგი. დაე ყველამ გაიგოს, ვისთვისაა უკრაინა სამშობლო ჭეშმარიტად და ვისთვისაა იქი მხოლოდ ფულის საჭრელი მანქანა.

ცალკე მივმართავ სახელმწიფო აპარატის წარმომადგენელთ: საჯარო მოხელეებს, დეპუტატებს ყველა დონეზე, რომელნიც უკვე გაიქცნენ ქვეყნიდან ან ამისი გეგმა აქვთ. უკრაინელი ხალხი გენდოთ არამხოლოდ იმისათვის, რომ სახელმწიფო გემართათ, არამედ იმისათვისაც, რომ დაგეცვათ იგი. ამ ვითარებაში, თქვენი პირდაპირი მოვალეობააჩვენთან ერთად იყოთ, უკრაინელ ხალხთან ერთად. დაჟინებით მოგიწოდებთ, უახლოესი 24 საათის განმავლობაში დაუბრუნდეთ სამშობლოს და დაუდგეთ გვერდით უკრაინულ არმიას, დიპლომატიასა და ხალხს!

ჩვენ გვეუბნებიან, რომ თებერვლის 16 თავდასხმის დღე იქნება. ჩვენ ამ დღეს ერთობის დღედ ვაქცევთ. შესაბამისი ბრძანება უკვე ხელმოწერილია. ამ დღეს, ჩვენ გამოვფენთ ეროვნულ ალმებს, გავიკეთებთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ ჩვენს ერთიანობას.

ჩვენ ერთი დიდებული ევროპული მისწრაფება გვაქვს. ჩვენ თავისუფლება გვწადია და მზად ვართ ვიბრძოლოთ მისთვის. ამ ომს შეწირული 14 000 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაგვცქერის ზეციდან. ჩვენ მათ ხსოვნას არ ვუღალატებთ.

ჩვენ გვსურს ბედნიერად ვიცხოვროთ, ბედნიერებას კი ძლიერები უყვარს. ჩვენ არასდროს გვცოდნია რა იყო დანებება და არც მომავალში გავიგებთ რა არის იგი.

დღეს უბრალოდ ვალენტინობის დღე არაა. ესაა დღე მათი, რომელთაც უკრაინა უყვართ. ჩვენ გვჯერა საკუთარი სიძლიერისა და კვლავაც გავაგრძელებთ საერთო მომავლის შენებას. ჩვენ უკრაინის სიყვარული გვაერთიანებს, უკრაინის, ერთიანისა და განუმეორებლის. და სიყვარული გაიმარჯვებს. დიახ, ახლა შეიძლება ფიქრობდეთ, რომ წყვდიადია გარშემო. მაგრამ გათენდება ხვალ და მზე კვლავაც იბრწყინებს ჩვენს მშიდობიან ცაზე.

გიყვარდეთ უკრაინა!

ჩვენ მშვიდად ვართ! ჩვენ ძლიერები ვართ! ჩვენ ერთად ვართ!

დიდებული ქვეყნის დიდებული ხალხი!“

მსგავსი/Related

Back to top button