skip to content
ახალი ამბები

პროკურატურამ 24 ოქტომბრის დაპირისპირებაზე ენმ-ის დეპუტატისა და სხვათა მიმართ საქმე აღძრა

გენერალურმა პროკურატურამ 4 თებერვალს განაცხადა, რომ 2021 წლის 24 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ენმ-ის დეპუტატის, დავით კირკიტაძისა და ჩხუბში მონაწილე კიდევ სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკუატურის განცხადებით, სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა. რაც შეეხება დავით კირკიტაძეს, გირაოს მოთხოვნით საგამოძიებო ორგანო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

პროკურატურის განცხადებით, 24 ოქტომბერს, სამი ბრალდებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან პროტესტის გამოსახატად იმყოფებოდს, რა დროსაც, მათთან დეპუტატი კირკიტაძე და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები და მხარდამჭერები მივიდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, დეპუტატმა კირკიტაძემ ორ მათგანს სცემა, თავის მხრივ სამმა ბრალდებულმა კი – ნაციონალური მოძრაობის ორ მხარდამჭერს სცემეს.

დავით კირკიტაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (11-ის „გ“) მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. კიდევ ერთი ბრალდებულის მიმართ გამოძიება ასევე 126-ე (11-ის – „ბ“ და „გ“) მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს. კიდევ ორ ბრალდებულს გამოძიება ჯგუფურად ძალადობას ედავება (126-ე, 11-ის „ბ“).

დანაშაული სასჯელის სახედ ჯარიმას ან 180-240 სთ-მდე საზოგადოებისთვის სასრგებლო შრომას ან 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ კირკიტაძეს გირაო შეუფარდა 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ დავით კირკიტაძეს 5 თებერვალს 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და თანხის გადასახდელად 20-დღიანი ვადა განუსაზღვრა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სასამართლო მოსამართლის გადაწყვეტილებამდე დატოვა. კირკიტაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იგი სამართალდამცელ ორგანოებს არ ენდობა და „არ ადარდებს“ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი.

მისივე თქმით, დღეს პროკურატურა ქართული ოცნების პოლიტიკურ დანამატად არის გადაქცეული და სამართალდამცველები ხალხის ნაცვლად „ოლიგარქ“ ბიძინა ივანიშვილს ემსახურებიან.

დავით კირკიტაძის ადვოკატის განცხადებით, მის დეპუტატის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვეელი არ არსებობდა, ამიტომ ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩვრებენ.

წინაისტორია 

დაპირისპირება 24 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე 6 დღით ადრე მოხდა, რა დროსაც დავით კირკიტაძე რუსთავის მერობისთვის ბრძოლაში ქართული ოცნების კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს უპირისპირდებოდა.

მაშინ, მედიასთან საუბარში, დავით კირკიტაძემ ქართული ოცნება „პროვოკაციის“ მოწყობაში დაადანაშაულა და ამტკიცებდა, რომ აწ უკვე ბრალდებულთაგან ერთ-ერთი სუს-ის აგენტი იყო.

ამ უკანასკნელმა ქართულ ოცნებასთან კავშირი უარყო და თქვა, რომ ისინი ენმ-ის ოფისთან ყოფილი ხელისუფლების რეჟიმის გასაპროტესტებლად მივიდნენ.

საბოლოოდ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში დავით კირკიტაძე ნინო ლაცაბიძესთან დამარცხდა. მან ხმების 46.29% მიიღო, ლაცაბიძემ კი – 53.71.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button