ახალი ამბები

PACE-ის თანამომხსენებლებმა თბილისში ვიზიტი დაასრულეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) ქართული ოცნებისა და ოპოზიციის დეპუტატებს, ასევე გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ და 10 დეკემბერს თბილისში ვიზიტი დაასრულეს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ასევე მმართველი გუნდის დეპუტატებთან – მარიამ ლაშხთან, ირაკლი ჩიქოვანთან და გივი მიქანაძესთან შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. „შეხვედრაზე მათ გავუზიარეთ ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რომლებიც საქართველოში შიდა პოლიტიკური პროცესების განვითარებას უკავშირდება. შევეხეთ აბსოლუტურად ყველა აქტუალურ თემას“, – განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ქართული ოცნების დეპუტატებმა მონიტორებს მიაწოდეს „ის ინფორმაცია და არგუმენტები, რომლებიც მიგვაჩნია, რომ საფუძვლიანია და რეალობას ასახავს“.

პარლამენტის პრესსამსახურისვე ცნობით, 10 დეკემბერს PACE-ის თანამომხსენებლები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს – აკაკი მინაშვილსა და ზაალ უდუმაშვილს შეხვდნენ და მათთან პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე, ასევე სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმირებაზე იმსჯელეს.

„ვისაუბრეთ იმაზეც, რომ თუ გვინდა ქვეყანაში კრიზისი დაძლეული იყოს, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, შერჩევითი მართლმსაჯულება და შურისძიება“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა და დასძინა, რომ მონიტორებს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი „არის წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის, პოლიტიკური დევნის და შურისძიების მსხვერპლი“.

„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ვისაც ხელისუფლებისაგან განსხვავებული პოზიცია აქვს, მათ შორის სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს და აქტივისტებს, მათ მიმართ ფართო მასშტაბიანი დევნა ხორციელდება“, – ხაზი გაუსვა მანვე.

მინაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „იმისთვის, რომ ქვეყანას ეკონომიკური განვითარების შანსი გაუჩნდეს, აუცილებელია დამოუკიდებელი სასამართლო და რეალური რეფორმის გატარება“. ამის შემდეგ, მან ქართული ოცნების ხელისუფლება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევით მოსამართლეთა დანიშვნების გამოც გააკრიტიკა და დასძინა, რომ „სარჩევნო რეფორმის, ვადამდელი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარეშე, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ აირჩიონ ხელისუფლება, რომლის მიმართაც ექნებათ ნდობა, ბუნებრივია, ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა“.

პარლამენტის პრესსამსახურისვე ცნობით, PACE-ის თანამომხსენებლები ლელოს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წევრებს – ბადრი ჯაფარიძეს, დავით უსუფაშვილს, ანა ნაცვლიშვილსა და სალომე სამადაშვილსაც შეხვდნენ, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლო სისტემის რეფორმასა და 19 აპრილის შეთანხმების განხორციელებაზე იმსჯელეს.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნის საზიანოდ გადადგა ქართულმა ოცნებამ, დაწყებული 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლით, გაგრძელებული მტრული საუბრით, მტრის ხატის შექმნით, პოლიტიზირებული მართლმსაჯულებით, მედიაზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლით და მუდმივი დაძაბულობის ინიცირებით ქვეყანაში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

იმავე დღეს, თანამომხსენებლები პარტია მოქალაქეების დეპუტატს და ვიცე-სპიკერს ლევან იოსელიანს შეხვდნენ და მასთან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, ასევე სასამართლო სისტემის რეფორმა და საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს.

„მე მათ განვუცხადე, რომ მნიშვნელოვანია გატარდეს ის საკონსტიტუციო რეფორმა, რაზეც ჩვენ შეთანხმებული ვართ და შემდეგი არჩევნებისთვის ბარიერი იყოს ისეთი, რომელსაც პოლიტიკური პარტიები გადალახავენ და პარლამენტი იყოს მრავალფეროვანი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

PACE-ის მონიტორები პარტია ევროპელი სოციალისტების დეპუტატებს – ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანსაც შეხვდნენ, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო სისტემის რეფორმაზე იმსჯელეს. „ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი პოზიცია, რომ კარგი იქნება მიღებული იქნას საკონსტიტუციო ცვლილება, რასაც მხარი დავუჭირეთ პირველ მოსმენაზე, მხარს დავუჭერთ შემდეგშიც“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ და დასძინა – „ჩვენ წინააღმდეგი ვართ და არარაციონალურად მიგვაჩნია ახლა ხელახალი არჩევნები, რაც გამოიწვევს დამატებით ვნებათაღელვას“.

თანამომხსენებლები ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის დეპუტატებს – ჰერმან საბოს და ალექსანდრე რაქვიაშვილს, ასევე დამოუკიდებელ დეპუტატ – თამარ კორძაისა და კანონი და სამართლის დეპუტატ თამარ ჩარკვიანს, აგრეთვე უფრაქციო დეპუტატებს – ხათუნა სამნიძეს, ტარიელ ნაკაიძესა და პაატა მანჯგალაძეს შეხვდნენ.

გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, 10 დეკემბერს ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე მხარეებმა პროკურატურასა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, განიხილეს ერთობლივად განხორციელებული პროექტები და მიმდინარე რეფორმები. ასევე, ხაზი გაესვა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას.

ვიზიტის ფარგლებში PACE-ის მონიტორები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს, ასევე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button