ახალი ამბები

საქართველოს 1 მილიონზე მეტი მოქალაქე სრულად აიცრა

1-ელი დეკემბრის მდგომარეობით, მარტის შუა რიცხვებში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან რვა თვის თავზე, სრულად, საქართველო მილიონზე მეტი მოქალაქე აიცრა.

დღეის მდგომარეობით, მინიმუმ ერთი დოზით 1 165 835 მოქალაქეა (მოზრდილი მოსახლეობის 41.0 %) აცრილი, მათ შორის 1 001 801 (მოზრდილი მოსახლეობის 35.1%) სრულად, ორივე დოზით.

საგულისხმოა, რომ ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება მთავრობის ვაქცინაციის გეგმას, რომელიც 2021 წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობით 60%-ის – დაახლოებით 1.7 მილიონი ადამიანის აცრას ითვალისწინებდა.

საქართველოში ამჟამად „ფაიზერის“, ასევე ჩინური წარმოების – „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებია ხელმისაწვდომი. 16 წლიდან მოქალაქეებს ნებისმიერი ვაქცინის, ხოლო 12-15 წლის მოზარდებს „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება შეუძლიათ.

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი ზაფხულიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად შენელდა. ვაქცინაციის ტემპის დაჩქარების მიზნით, ხელისუფლება გამოვიდა ინიციატივით, რომ პენსიონერებს პირველი დოზით აცრის შემდეგ ერთჯერადად 200 ლარი აჩუქოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ რამდენჯერმე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედება არჩევანის თავისუფლებაში ჩარევის ტოლფასი იქნება.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button