ახალი ამბები

პრეზიდენტის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ღირსება დაცული უნდა იყოს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ღირსება, რომელიც გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში შიმშილს განაგრძობს. ამ კონტექსტში სპეციალური პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაყვანის ამსახველი კადრების გავრცელების გამო გააკრიტიკა.

„იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ამ ღირსებისა და პატივის შემლახავია, ჩემთვის როგორც პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია“, – თქვა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ „დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება რამეში დაიმსგავსოს წინამორბედს“.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „კანონის წინაშე ყველა თანასწორია“, თუმცა იქვე ხაზი გაუსვა, რომ „ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი“.

„იგი განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა, ჩვენი საზოგადოება, საერთაშორისო თანამეგობრობა, მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და თუ როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილი რიგითი პატიმარი არ არის, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მისი მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა, როგორც ამას ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი, ექიმები და ოპოზიცია ითხოვენ, „უფრო რთულად განსახორციელებელია“ და „მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე რისი დაზღვევაც ურთულესია“.

ამავე დროს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, „რათა არ გაჩნდეს არანაირი კითხვა თუ ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას – შიმშილობისას, თუ არანაკლებ საშიშ ეტაპზე, ანუ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ“.

მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს ვალდებულება ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, აკმაყოფილებს თუ არა გლდანის ციხის საავადმყოფო იმ სტანდარტებს, რომელთაც დაცვაც მოეთხოვება უცხოეთში პენიტენციური სისტემის კლინიკებს, სადაც მკურნალობენ მოშიმშილე პატიმრებს.

„ხელისუფლებას ევალება, რომ საზოგადოებას აცნობოს კონკრეტულად არსებული დაწესებულება აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს… და თუ არა, მოინახოს ალტერნატიული და უსაფრთხო გამოსავალი, ვინაიდან საზოგადოებაში ეს საკითხი იწვევს დიდ მღელვარებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოთქვა რა წუხილი, რომ სახელმწიფოს მიერ შექმნილ კონსილიუმს მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მიეცა, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ინიციატივას, რომ „ექიმების ჯგუფის მიერ შეფასდეს არსებული მდგომარეობა და საზოგადოებას მიეწოდოს დამატებითი ინფორმაცია, რამეთუ ინფორმაციის ნაკლებობა თავისთავად კვებავს მღელვარებას“.

„ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ინფორმაცია პრეზიდენტის, თუ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიეკუთვნება სხვა კატეგორიას, საჯარო და არა პირად მონაცემებს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ „საზოგადოებას უფლება აქვს, ჭორების, ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის და სპეკულაციის ნაცვლად, ყოველდღიურად მიიღოს სრულყოფილი, მიუკერძოებელი, სანდო და დეტალური ინფორმაცია – შიმშილობის, კვების, ანალიზების შესახებ“.

„მიუხედავად იმისა, რომ თავად მიიღო შიმშილობის გადაწყვეტილება და თავად ცდილობს მართოს ეს პროცესი, ეს არ ხსნის და არც ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას“, – დასძინა პრეზიდენტმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button