ახალი ამბები

საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი სტუმრობს

საქართველოს ორდღიანი ვიზიტით მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი ეწვია, სადაც იგი უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს.

2007 წელს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ეს მონტენეგროს პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საქართველოში. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მონტენეგროს გეოპოლიტიკური მოცემულობა, ასევე ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც დასავლეთ ბალკანეთში, ასევე კავკასიაში უფრო მეტად ვიგრძნოთ ევროკავშირის ჩართულობა“.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის მაღალი დონის ჩართულობა“ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევასა და ოპოზიციასა და მმართველო გუნდს შორის 19 აპრილის შეთანხების მიღწევაში, თუმცა დასძინა, რომ „ახლო მომავლისთვის, შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, რომ ევროკავშირმა თავის საგარეო პოლიტიკაში უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ამ რეგიონებს, რომლებიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

ხაზი გაუსვა რა, რომ მონტენეგრო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი 2017 წელს გახდა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ამ მხრივ მონტენეგროს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ჯუკანოვიჩმა ხაზი გაუსვა გაფართოების პოლიტიკის გაგრძელებისკენ ევროკავშირის ინტერესის „შემცირებას“, თუმცა დასძინა, რომ ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის 2021 წლის სამიტი იყო „ოპტიმიზმის ახალი ამოსუნთქვა“ ევროკავშირთან კიდევ უფრო ინტენსიური თანამშრომლობის გასაგრძელებლად.

მონტენეგროს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იგი ხედავს საქართველოსა და მის ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების „დიდ შესაძლებლობას“ , მათ შორის ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებში.

ვიზიტის ფარგლებში, მონტენეგროს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button