ახალი ამბები

პრემიერი: საქართველოს 16 მოქალაქე ქაბულიდან ევაკუირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევაკუირებულია ქაბულში ჩარჩენილი საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ქალაქზე თალიბანის მიერ კონტროლის აღების შემდეგ, ავღანეთიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

„ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან, უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებიან და მალე საქართველოში იქნებიან!“, – დაწერა Facebook-ზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მოქალაქეების ქაბულიდან უსაფრთხოდ გამოყვანაში დიდ ბრიტანეთს, თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„იმის გათვალისწინებით, რომ [ადგილზე] სიტუაცია კვლავ ძალიან შემაშფოთებელია, სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ევაკუაციის პროცესს ახორციელებენ“, – დაწერა Twitter-ზე სალომე ზურაბიშვილმა.

მანამდე ქაბული უნგრული თვითმფრინავით საქართველოს 6-მა მოქალაქემ დატოვა.

თავდაპირველად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშილმა განაცხადა, რომ ქაბულში საქართველოს სულ 23 მოქალაქე იყო ჩარჩენილი, რომლებიც კერძო კონტრაქტებით კანადურ და ამერიკულ კომპანიებში იყვნენ დასაქმებულნი. 


ისლამისტურ-ფუნდამენტალისტურმა მოძრაობა თალიბანმა აშშ-ის და მოკავშირეთა ჯარების ავღანეთიდან გამოსვლის პროცესის კვალდაკვალ მოკლე დროში თითქმის მთელი ქვეყანა აიღო. დედაქალაქ ქაბულში შესვლა თალიბებმა 15 აგვისტოს დილიდან დაიწყეს და დღის ბოლოსთვის ქალაქი თითქმის უბრძოლველად სრულად დაიკავეს. ქვეყანა დატოვა დასავლეთის სახელმწიფოთაგან მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ.

20-წლიანი მისიის შემდეგ, ნატოს მოკავშირეებმა მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში ავღანეთში განთავსებული სამხედრო დანაყოფების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. საქართველომ ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა 21 მაისს დაიწყო და 28 ივნისს დაასრულა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button