კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე გაამწესა

მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებისა, რომ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, ქართულმა ოცნებამ დღეს გამართულ რიგგარეშე პლენარულ სხომაზე უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლეს დაუჭირა მხარი.

ქართულმა ოცნებამ შემდეგი ექვსი მოსამართლე დაამტკიცა – გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილი. პარლამენტმა ეკა ზარნაძის, ქეთევან მესხიშვილის და გიორგი შავლიაშვილის კანდიდატურები ჩააგდო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დირექტორმა, ნიკა სიმონიშვილმა „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ ქართულმა ოცნებამ „სწრაფად გადაწყვიტა ეს საკითხი“, რათა „დაენიშნა მოსამართლეები, რომლებიც მისთვის იყვნენ მისაღებნი“. მისივე თქმით, „აუცილებელი იყო ფუნდამენტური რეფორმა სასამართლოსთან დაკავშირებით, რომელიც კონსენსუსზე დაფუძლებით გადაწყვეტილების მიღების წესს დაადგენდა და ერთი პოლიტიკური ძალის მიერ გადაწყვეტილების მიღებას გამორიცხავდა“.

9 ივლისს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ოდირი) განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესმა ვერ დააკმაყოფილა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილის შეთანხმების პირობები. თუმცა, ქართული ოცნების თავმდჯომარემ და დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ შეთანხმებამდე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ვენეციის კომისიის „საკვანძო რეკომენდაციებს“ ეხმიანება.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლების 9 კანდიდატი 17 ივნისს წარუდგინა. პარლამენტში მათი საკომიტეტო მოსმენები 6 ივლისს დაიწყო.

სახალხო დამცველმა თავიდანვე განაცხადა, რომ „სასამართლო სისტემაში არსებული მოუგვარებელი უმწვავესი ინსტიტუციური პრობლემების გათვალისწინებით“, იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას მანამ არ მიიღებდა, „სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა“.

2 ივლისს, კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ასევე განაცხადა, რომ პარლამენტში შექმნილ მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მიიღებდა. კოალიციამ დასძინა, რომ წევრი ორგანიზაციები სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებდნენ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელიც პროცესში ჩაერთო.


მოსამართლეების დანიშვნა დღეს პარლამენტში დაძაბულობის ფონზე მოხდა, ოპოზიცია „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პრემირ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის გადადგომას ითხოვენ. ლაშქარავა 5 ივლისს, „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა სასტიკად სცემეს.

მოსამართლეებისთვის ხმის მიცემის მომენტისთვის სხდომთა დარბაზი, მსხვილი ოპოზიციური ჯგუფების – ნაციონალური მოძრაობისა და ფრაქცია „ლელო საქართველოსთვის“ წევრებს პლენარულ სხდომათა დარბაზიდან უკვე გასულები იყვნენ. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ისინი საპარლამენტო საქმიანობას აღარ გააგრძელებენ და მონაწილეობას მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო კენჭისყრასა და მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაში მიიღებენ.

ამავე დღეს, პლენარულ სხდომათა დარბაზში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version