Placeholder canvas
ახალი ამბები

გერმანიის საელჩო: გერმანიაში სეზონურად დასაქმებულებს ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ

საქართველოში გერმანიის საელჩომ 18 ივნისს გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილე ქართველების სამუშაო პირობების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ  საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა დამსაქმებელმაც პროგრამით გათვალისწინებული პირობები დაარღვია, უკვე ამ კვირაში ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ. საელჩოს თქმით, პირველი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მათი უფლებები და მოთხოვნები ძალაში რჩება.

ამავე განცხადების თანახმად, გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო წუხილს გამოთქვამს ამ პრობლემასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ „ეს პრობლემა სამწუხარო ცალკეულ შემთხვევას წარმოადგენს“. „გერმანიის სახელმწიფო უწყებებმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიკვლიეს აღნიშნული შემთხვევა და მიიღეს შესაბამისი ზომები. სეზონურად მომუშავე პირებისთვის დასაქმების კარგი პირობების შექმნა მთავარი წინაპირობაა საშუამავლო შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გერმანიის საელჩომ ასევე გამოთქვა წუხილი „ამ ცალკეულ შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების გამო“ და აღნიშნა, რომ შრომითი კანონმდებლობის დარღვევებს გერმანიაში „სათანადო შედეგები“ მოჰყვება.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და თბილისში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა თებერვალში განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმებას შეძლებდნენ. მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, გერმანიამ მარტში შეთანხმების მასშტაბი გააფართოვა და აღნიშნა, რომ სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმებას საქართველოს 5 000 მოქალაქე შეძლებს, რაც წინა რაოდენობას ათჯერ აღემატება.

გერმანიაში ჩასვლის შემდეგ, საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ სოციალური მედიით ვიდეოები გააზიარა, სადაც ის მძიმე პირობები ჩანს, რომლებშიც მათ ცხოვრება და მუშაობა უწევდათ. მათ აღნიშნეს, რომ ხელშეკრულების პირობები მთლიანად დაირღვა,  დამსაქმებლები კი – ატყუებდნენ და ცუდად ეპყრობოდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button