skip to content
ახალი ამბები

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი 7 ივნისს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ესტუმრა, სადაც იგი უკვე შეხვდა ქართველ კოლეგასა და ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანს და პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრისას, დავით ზალკალიანმა  განაცხადა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგული რჩება და „მტკიცედ აგრძელებს იმ რეფორმების გზას, რომელიც ქვეყანას  2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად მოამზადებს“.

აღნიშნა რა ნატოში ინტეგრაციის გზაზე ლატვიის „ურყევი მხარდაჭერა“, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, რომ რიგა „აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და იმ ფაქტს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი დინამიური და შინაარსობრივად დატვირთული, როგორც დღეს“.

საქართველოს საგარეო უწყებისვე ცნობით, თავის მხრივ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ნატოს 14 ივნისის სამიტი და ნატოს სამიტის დეკლარაციაში იმის ნათელი დადასტურების საჭიროება განიხილეს, რომ ალიანსის „კარი ღიაა“. „ჩვენ ნატოს სამიტიდან ველით ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, ველოდებით იმ საკითხებზე მუშაობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს მოკავშირეებისთვის როდესაც მე-5 მუხლს ეხება საქმე“, – განაცხადა მანვე.

მისივე თქმით, ლატვია მხარს დაუჭერს, რომ ნატოს სამიტის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე საქართველო-ნატოს შეხვედრა შედგეს.

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა საქართველოს 15 000 დოზა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გადმოსცემს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო ლატვიისგან. აღსანიშნავია, რომ იმავე რაოდენობის ვაქცინა საქართველოსთვის ლიეტუვამაც გამოყო.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე ნატოს ღია კარის პოლიტიკასა და 2024 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადზეც იმსჯელეს.

დღესვე, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ვიზიტის დასრულებამდე, იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება და ცხინვალის საოკუპაციო ხაზს ესტუმრება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button