ევროპამთავარი თემა

განმარტება | ლუკაშენკოს სვლა რუსეთისკენ

გასული კვირის მიწურულს, 28 მაისს, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთისგან ათვალწუნებულ ალექსანდრე ლუკაშენკოს სოჭში უმასპინძლა. მათი წინა შეხვედრიდან სულ რაღაც ერთი თვე გამოხდა, თუმცა, “რაიანეარის” თვითმფრინავის გატაცების შემდეგ ბელარუსი ლიდერის მაზანდამ ევროპაში კიდევ უფრო დაიწია. ლუკაშენკოც იხტიბარს არ იტეხს, მაგრამ კრემლის ბატონთან გადარჩენის მთხოვნელად უკვე მერამდენედ წარდგა. ერთ დროს ქვეშ-ქვეშად ურჩი ბელარუსი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ სულ უფრო მჭიდროდ ეჯაჭვება მოსკოვს.


ავტორი: გიორგი ფანიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთბების მიმომხილველია, ის 15 წელი იყო დიპლომატიურ სამსახურში.


რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

  • ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ წლების მანძილზე ნაშენები „ბალანსის“ პოლიტიკა, რომელიც მოსკოვსა და დასავლეთს ერთდროულად აშანტაჟებდა, მოიშალა. მოპარული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსის ხელისუფალი მკვეთრად რუსეთისკენ გადაიხარა და საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობს, რაც შეიძლება დამოუკიდებლობის დაკარგვითაც დასრულდეს. 
  • ბელარუსის სუვერენიტეტის ფაქტობრივი თუ იურიდიული დაკარგვა, აქ რუსული სამხედრო და უსაფრთხოების სტრუქტურების გამეფება ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილს – ბალტიის ქვეყნებს, პოლონეთს – და უკრაინას ფრიად დაუმძიმებს ვითარებას.
  • ევროპული კომპანიის, ერთი ევროპული დედაქალაქიდან მეორეში მიმავალი რეისის გატაცებამ ნათლად აჩვენა ბრიუსელსა და ევროპულ დედაქალაქებს, რომ ავტორიტარული ბელარუსი მხოლოდ პერიფერიული პრობლემა კი არა, მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის წონადი საფრთხეცაა.
  • არაა ცხადი, რამდენად მოიტანს შედეგს მინსკის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გამკაცრება. ხალხის თავგანწირული პროტესტი ჯერჯერობით ბელარუსული ოპოზიციის გამარჯვების საფუძვლად ვერ იქცა. ევროკავშირს არ შეუძლია ქვეყნის შიდა საქმეებში რუსეთისდარად ხისტად და სწრაფად ჩარევა, რაც პრეზიდენტ პუტინს ტაქტიკურ უპირატესობას ანიჭებს.

ანალიზი    

ჩაფლავებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სახალხო პროტესტის სიდიდით შეშფოთებული ლუკაშენკო ოპოზიციონერებსა და ჟურნალისტებს დაერია, ბევრი ციხეში ჩაყარა, ბევრიც ქვეყნიდან გააქცია. თუმცაღა, მინსკის რეჟიმის მოწინააღმდეგეები დასავლეთში თავს მაინც დაცულად გრძნობდნენ და იქიდან განაგრძობდნენ თავიანთ საქმიანობას. ეს მოცემულობა 23 მაისს მკვეთრად შეიცვალა, როდესაც ბელარუსის დიქტატორმა „რაინეარის“ სარეისო თვითმფრინავი სამხედრო გამანადგურებლის იძულებით მინსკში დასვა, რათა 26 წლის ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი, გავლენიანი ოპოზიციური ამბების პორტალის, “ნეხტას” დამფუძნებელი ჩაეგდო ხელში. პოტასევიჩს მასთან ერთად მყოფი რუსი მეგობარი გოგონა, სოფია საპეგაც მიაყოლეს და ორივე ციხეში ჩააგდეს. თვითმფრინავის და ევროპის 170-მდე მოქალაქის გატაცებამ სითავხედის ყველა ზღვარი გადალახა. მინსკი ევროპის დედაქალაქებისთვის ზოგად-პოლიტიკური პრობლემიდან კონკრეტულ საფრთხედ იქცა.

თავზეხელაღებული გატაცება

23 მაისს, “რაინეარის” თვითმფრინავი ათენიდან ვილნიუსში რეგულარულ ავიარესს ასრულებდა.  ის იყო ბორტი ლიეტუვას ცაში უნდა შესულიყი, როდესაც პილოტებს მინსკის სადისპეჩერო კოშკურიდან აცნობეს, თვითმფრინავზე ბომბიაო. ამის შემდეგ, ბელარუსის ავიაციის შეარაღებულმა მიგ-29 გამანადგურებელმა თვითმფრინავი აიძულა მინსკში დამჯდარიყო.

სანამ ბელარუსის „კა-გე-ბე“ (ბელარუსში უსაფრთხოების სამსახური კვლავ საბჭოთა სახელწოდებას ატარებს) რეისის ყველა მგზავრის ბარგს საჩვენებლად ძაღლებით ჩხრეკდა, 26 წლის ოპოზიციონერი ჟურნალისტი და მისი მეგობარი გოგონა ციხეში გადაიყვანეს. თვითმფრინავსა და დანარჩენ მგზავრებს საღამოსკენ მიეცათ საშუალება ვილნიუსისკენ აეღოთ გეზი. ოღონდაც ოთხი მგზავრი რუსეთის პასპორტით – სავარაუდოდ ბელარუსი ან/და რუსი სპეცსამსახურებიდან, რომლებიც პროტასევიჩს მწყემსავდნენ, რეისს აღარ გაყოლია.

რომან პროტასევიჩი ზე-პოპულარული გამოცემა “ნეხტას (Nexta)” თანადამფუძნებელია. ის არა მხოლოდ მკაცრად აკრიტიკებს ლუკაშენკოს რეჟიმს, არამედ საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პროტესტსაც უწევდა კოორდინაციას თავისი ტელეგრამ-არხის მეშვეობით, რომელსაც ასეულ ათასობით ბელარუსი ადევნებს თვალყურს. ბელარუსის ხელისუფლების მიერ შევიწროებული და დევნილი ჟურნალისტი არაერთ თანამოაზრესთან ერთად, ცხოვრებას და საქმიანობას ლიტვაში განაგრძობდა. რომან პროტასევიჩს ბელარუსის ხელისუფლება ტერორიზმისა და ექტრემიზმის ხელშეწყობას ედავება და  მას სამშობლოში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამამძიმებელი გარემოებების “აღმოჩენის” შემთხვევაში კი სიკვდილით დასჯაც კი ემუქრება.

ბელარუსის საერთაშორისო იზოლაცია

საპასუხოდ, ევროკავშირის ქვეყნებმა ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანიას აეროპორტები დაუკეტეს, ხოლო საკუთარ ავიაკომპანიებს ურჩიეს ფრენებისას, გვერდი აევლოთ ბელარუსის საჰაერო სივრცისთვის. მსგავსადვე მოიქცნენ ბრიტანეთი და აშშ-ც.

მეზობელმა უკრაინამ ბელარუსს ავიამიმოსვლის შეჩერება არ აკმარა და ელექტროენერგიის იმპორტიც აკრძალა. ამ მხრივ, უკრაინამ საკუთარი პრობლემებისა და რისკების მიუხედავად, გამორჩეულად პრინციპული პოზიცია დაიკავა და რუსეთსაც ერთმნიშვნელოვნად დაანახა, რომ მან ევროპული ბანაკის შუაგულში ყოფნა არჩია.

ამჟამად, ევროკავშირი, ბრიტანეთი და აშშ ერთობლივად განიხილავენ ბელარუსისთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესების საკითხს, რაც გარკვეულ დროს წაიღებს. ბელარუსი დისიდენტები ამბობენ, რომ ანგარიშების გაყინვის, სამგზავრო აკრძალვებისა და სხვა სანქციების გარდა, აკრძალვები უნდა დაწესდეს ბელარუსულ სასუქებსა და ნავთობპროდუქტებზეც. 

თითქოს მივიწყებული დევნილი ბელარუსი ოპოზიციონერები დასავლეთის დედაქალაქებში კვლავ გაიხსენეს და მიიწვიეს “დიდი შვიდეულის” შეხვედრაზე, ასევე ევროპარლამენტსა და ევროკომისიის სხდომაზეც.

მოკლედ, თუ წარსულში ევროპელი ლიდერები მკვეთრ ნაბიჯებს ერიდებოდნენ, რათა ბელარუსის მაშინ ავტოკრატი ლიდერი რუსეთისკენ უფრო მეტად არ გადახრილიყო, ახლა, ჩანს მოსარიდებელი აღარაფერია დარჩა. ევროპაში თვალი გაუსწორეს იმ ფაქტს, რომ მინსკი საბოლოოდ მოექცა რუსეთის ორბიტაში.

მოსკოვის მხარდაჭერა

დასავლეთის საპირისპიროდ, რუსეთმა ბელარუსს „თამამი“ საქციელი მოუწონა, მხარდაჭერა გამოუცხადა და თავისი პროპაგანდისტული მანქანა მინსკის მხარდასაჭერად მომართა. RT-ის ხელმძღვანელმა, მარგარიტა გრიგორიანმა ლუკაშენკოს მეკობრული უნარები შეუქო და აღნიშნა – “არასდროს ვიფიქრებდი, რომ ბელარუსის შემშურდებოდა. მაგრამ ეხლა მშურს. ბერიკაცმა ეს ლამაზად გააკეთაო“. რუსული არხებიდან, სოციალური ქსელების ანგარიშებიდან მყის დაიწყეს ყურადღების გადატანის ტრადიციად ქცეული მეთოდების გამოყენება.

ხალხის დასაბნევად კრემლის საინფორმაციო ქსელებმა ათასგვარი ვერსია გაავრცელეს: აქაოდა ბომბზე ინფორმაცია ტერორისტული ორგანიზცია “ჰამასის” შტაბ-ბინიდან შემოვიდაო (თავად “ჰამასის” ტერორისტებმა ეს ამბავი უარყვეს და ბელარუსს “არქაული მეთოდებით პრესის მანიპულირებაში” დასდეს ბრალი). ხოლო ყურადღების გადასატანად კი ედვარდ სნოუდენის დროს ავსტრიაში შეყოვნებული ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავზე დაიწყეს საუბარი – აქაოდა, განა თქვენ არ სჩადიხართ მსგავს საქციელსო? (ოღონდ მორალესის თვითმფრინავი არც ძალით დაუჯენიათ, არც გაუჩხრეკიათ და არც ასობით მოქალაქის სიცოცხლე ჩაუგდიათ საფრთხეში).

საქმეში ჩაერთო ოფიციალური დიპლომატიაც: რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმაც განაცხადა –  „რუსეთი ბელარუსს საფრთხეში არასდროს მიატოვებს და ყოველთვის დაიხსნის მის მეზობელსა და სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია და საერთო სულიერი ფასეულობები“.

სულ უფრო ახლოს

შავ-თეთრი დუეტი. სოჭში შეხვედრს შემდეგ, პუტინმა და ლუკაშენკომ 29 მაისს შავ ზღვაზე კატარღით გაისეირნეს. ფოტო: სერგეი ილინი, კრემლი.

მართლაც, დემოკრატიული ფასეულობების სრული უარყოფა და პანიკური შიში საპროტესტო მოძრაობების მიმართ, მოსკოვსა და მინსკს ეხლა ისე აერთიანებს, როგორც არასდროს.

შარშან ზაფხულში, ფართოდ გაშლილი პროტესტების ფონზე ლუკაშენკოს ტახტი შეირყა. მაშინ კრემლი მინსკის რეჟიმს საპოლიციო და უშიშროების ოფიცრებით და საინფორმაციო პროპაგანდის სპეციალისტებით დაეხმარა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: პროტესტს შეერთებული ბელარუსი ჟურნალისტები და რედაქტორები, ასევე ტექნიკური პერსონალი სახელმწიფო ტელევიზიაში რუსებმა ჩაანაცვლეს. მას შემდეგ, ბელარუსის ოფიციალური პროპაგანდა – რომელიც მანამდე რუსეთსაც საკმაოდ კბენდა ხოლმე – სრულიად კრემლის პროპაგანდის კალაპოტში მოექცა.

შარშან ოქტომბერში, ვლადიმირ პუტინმა ბელარუსს 1.25 მილიარდ დოლარიანი დახმარება აღუთქვა და პირველი 500 მილიონი მაშინვე გადაურიცხა. მეორე ნაწილის გადარიცხვაზე შეთანხმება სწორედ ახლა, 28 მაისს, სოჭში შედგა.

აშკარაა, რომ ლუკაშენკოს, რომელიც პუტინს ადრე ხშირად ეურჩებოდა და საჯაროდ უკმეხადაც იხსენიებდა ხოლმე, ახლა საყელურზე ფრიად მოკლე თასმა შეაბეს. ბელარუსი მიმომხილველების თქმით, ლუკაშენკო ახლა მხოლოდ იმას ცდილობს, რაც შესაძლებელია უფრო კომფორტულად მოიწყოს ბედი საპრეზიდენტო სავარძლის დატოვების შემდეგ და, თუკი ეს შესაძლებელია, ძალაუფლება თავის შვილს გადააბაროს.

რუსული ანაბეჭდი

ევროპელი ლიდერები ცდილობენ – ყოველ შემთხვევაში საჯაროდ – თვალი აარიდონ იმ მარტივ ფაქტს, რომ “რაიანეარის” რეისის გატაცება ვაკუუმში არ მომხდარა. ის რუსეთთან კოორდინირებული საინფორმაციო და სპეცსამსახურების კამპანიის ნაწილია, რომელიც ბელარუსი ოპოზიციონერების და ჟურნალისტების გაუვნებელყოფას ისახავს მიზნად.

პუტინი-ლუკაშენკოს წინა, 22 აპრილის შეხვედრამდე, სადაც რუსეთ-ბელარუსის კავშირის გაღრმავება განიხილებოდა, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლებით ბელორუსმა ჩეკისტებმა ფარდა ახადეს დასავლურ შეთქმულებას, რომლის მიზანიც ლუკაშენკოს მკვლელობა იყო. დამკვეთად “ევროკავშირის ერთ-ერთი სახელმწიფო” ხოლო შემსრულებლად – ბუნებრივია – ბელარუსული ოპოზიცია დასახელდა. მალევე სახელმწიფო არხებზე დატრიალდა პროპაგანდისტული ფილმი – „პრეზიდენტის მოკვლა“, რომელიც პროტესტსა და დემონსტრანტებს მკვლელებად და ტერორისტებად წარმოაჩენდა.

„ფილმში ნათლად ჩანს, რომ ეს ვითომ მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც ცვლილებებს ითხოვენ, რეალურად პირსისხლიანი ძაღლები არიან, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას, მკვლელობას და გატაცებას ამზადებდნენ…. ჩვენ რეალურად ტერორიზმს ვებრძვით და როგორც კი ბრძანებას მივიღებთ, ვიპოვნით და გავანეიტრალებთ მათ“ – განაცხადა ლუკაშენკოს ერთ-ერთმა გენერალმა, უსაფრთხოების საბჭოს წევრმა ნოკოლაი კარპენკოვმა.   

სწორედ ამ “კონტრ-ტერორისტული ოპერაციის” ნაწილი იყო რაინეარის თვითმფრინავის გატაცება და რომან პროტასევიჩის დაკავებაც. თვითმფრინავიდან ჩამოსული რუსეთის ოთხი მოქალაქე – სავარაუდოდ რუსი ჩეკისტები – იმას მიუთითებს, რომ ათენში ჟურნალისტს სწორედ ეფესბე “მწყემსავდა” და რეისის გადამისამართებაც კოორდინირებულად მოხდა.

ოღონდაც ამ კავშირის შესახებ ჯერ დამაჯერებელი ფაქტები არ არსებობს. ევროპაში ბევრი ანალიტიკოსი მოელის, რომ კერძო მოხალისე მკვლევარები – მაგალითად “ბელინგკეტი” – სპეცსამსახურებზე უფრო სწრაფად მოახერხებენ კრემლის კვალის მოძიებას, როგორც ეს უკრაინის თავზე მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდების, ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის და ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემთხვევებში მოხდა.

რას უნდა ველოდეთ:

  • ის დღეები, როდესაც ბელარუსი დასავლეთსა და რუსეთს ერთმანეთით აშანტაჟებდა და შედეგად ორივეს ფულს ძალავდა, წარსულს ჩაბარდა. ბელარუსი მკვეთრად რუსეთისკენ გადაიხარა და ლუკაშენკოს ხელში ეს მოძრაობა, ჩანს, შეუქცევადია.
  • პუტინი არ ენდობა ლუკაშენკოს, მათ წინააღმდეგობრივი წარსული აქვთ. საშუალოვადიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ ლუკაშენკოს ოფიციალურ წასვლას პრეზიდენტობიდან და სწორედ ამ წასვლის პირობები იქნება კრემლთან ვაჭრობის მთავარი საგანი.
  • ამ ფონზე, შესაძლებელია ბელარუსის მხრიდან ყირიმის რუსეთის ნაწილად ცნობა, ისევე როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, რასაც აქამდე ალექსანდრე ლუკაშენკო თავს არიდებდა. თუმცაღა, იზოლირებული და დევნილი ლიდერის მხრიდან ეს ჟესტი საქართველოსთვის ნაკლებ საზიანო იქნება – ის ლუკაშენკოს ასადის რეჟიმის გვერდით დააყენებს, სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების განწყობაზე კი – თავი რომ დავანებოთ სხვა ქვეყნებს – გავლენას ვერ მოახდენს.
  • ევროპისათვის ბელარუსი კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი და არასაიმედო გახდა. რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის ბელარუსზე შესაძლო ღია გავრცელება ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდებს უკრაინასაც. ამ ფონზე, სავარაუდოა რომ პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების მოთხოვნა მეტი დასავლური სამხედრო დახმარების შესახებ უფრო მეტ მომხრეს შეიძენს დასავლეთში.

მსგავსი/Related

Back to top button