ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ევროკავშირის კომპრომისულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 16 დეპუტატი, სავარაუდოდ, საკანონდემბლო საქმიანობაში ჩაერთვება, რამდენადაც მათ დღეს ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ წინადადებას ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანიც ესწრებოდნენ, თავად პრეზიდენტი მიშელი პროცესს თვალს ვიდეოფორმატში ადევნებდა. დოკუმენტს ხელი ქართულმა ოცნებამ და მოქალაქეებმაც მოაწერეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან დოკუმენტს ხელი როგორც ინდივიდუალურმა დეპუტატმა მოაწერა სალომე სამადაშვილმა. როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობის დანარჩენი დეპუტატები ხელმოწერისგან თავს იკავებენ, რამდენადაც მისმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია და პარტიის დამფუძნებელმა და ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წინადადება გააკრიტიკეს.

დოკუმენტზე ხელმოწერისგან ასევე თავი შეიკავეს ევროპულმა საქართველომ და პატრიოტთა ალიანსმა. ევროპული საქართველოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ დოკუმენტზე ხელმომწერები „არათანმიმდევრულობაში“ დაადანაშაულა და თქვა, რომ ოპოზიციას ისეთივე „მყარი პოზიცია“ უნდა გამოეჩინა, როგორც ეს დოკუმენტის თავდაპირველი ვერსიის დროს აჩვენა.

ამით პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა 112-მდე გაიზრდება. შედეგად დეპუტატების საერთო რაოდენობის (150) 2/3-ს და საკონსტიტუციო უმრავლესობას (113) მხოლოდ ერთი კანონმდებელიღა აკლდება. ქვემოთ მოცემულ სიაში მწვანე ფერით ის დეპუტატები არიან აღნიშნულნი, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში შესვლას გეგმავენ (მათ დღევანდელ განცხადებებსა თუ ხელმოწერებზე დაყრდნობით), წითლით კი – ისინი, რომლებიც შეთანხმების წინააღმდეგნი არიან.

ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია

ევროპული საქართველო

ლელო საქართველოსთვის

სტრატეგია აღმაშენებელი

გირჩი პარტიული სია

ლეიბორისტული პარტია

ქართული ოცნების სახელით დოკუმენტს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა მოაწერეს. მოქალაქეების სახელით კი – შეთანხმებაზე ხელმოწერა ალეკო ელისაშვილმა დააფიქსირა.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა და პარტიების მიხედვით სადეპუტატო მანდატების გადანაწილების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.

ხელმოწერის დროს გაკეთებული კომენტარები

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ხელმოწერის ცერემონიალს მასპინძლობდა, მისასალმებელ სიტყვაში თქვა, რომ „ეს დღე ქვეყნისთვის [არის] საქმიანი საწყისი იმისათვის, რომ ჩვენ მართლაც დავძლიოთ ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენ გველოდება“.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დღევანდელ დღეს „ემოციური“ უწოდა და განაცხადა, რომ შეთანხმება „არ არის ამბის დასასრული“, რამდენადაც პარლამენტმა შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განხორციელებაზე უნდა განაგრძოს მუშაობა. „როგორც ევროკავშირის ელჩი, მოუთმენლად ველი მეგზურობა გავუწიო ამ ზომებისა და შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელებას“.

მხარეებს შეთანხმების მიღწევა მიულოცა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და თქვა, რომ აშშ „საქართველოს, როგორც სტაბილური და წარმატებული დემოკრატიის ერთგულია“.  „თქვენ ყველამ გამოიჩინეთ რეალური პოლიტიკური გამბედაობა ამ ხანგრძლივი, რთული პროცესის განმავლობაში და ნამდვილი ლიდერობა ამ საღამოს პრეზიდენტ მიშელის კომპრომისული შეთანხმების ხელმოწერაზე შეთანხმებით”, – დაამატა ელჩმა დეგნანმა.

აღნიშნა რა, რომ „პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია“, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ „ეს შეთანხმება არა საბოლოო პუნქტი, არამედ საწყისი პუნქტია. ის არის საწყისი პუნქტი თქვენი მუშაობისთვის, რათა გაძლიერდეს ქართული დემოკრატია, ხოლო საქართველო ევრო-ატლანტიკურ მომავალს დაუახლოვდეს“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, რომელიც შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონიალს მმართველი გუნდის სახელით ესწრებოდა, აღნიშნა, რომ „დღეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებას უკავშირდება“. მისივე თქმით, „ის ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც საზოგადოებასთან და პარტნიორებთან ერთად გავატარეთ, გვაძლევს საშუალებას, რომ გვქონდეს წარმომადგენლობითი და მრავალპარტიული პარლამენტი“. „ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან საქართველოს პარლამენტში“, – დაამატა მან.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „დღეს ყველა ვართ გამარჯვებული“ და „პირველ რიგში, გამარჯვებულია ქართველი ხალხი [და] ჩვენი სახელმწიფო, იმიტომ, რომ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი“. „მე იმედი მაქვს, რომ ეს დოკუმენტი იქნება საქართველოში დაპირისპირების დასრულების. მე ნამდვილად არ მინდა, რომ საქართველო იყოს ბოიკოტების ქვეყანა, მე მინდა, რომ საქართველო იყოს თანხმობების ქვეყანა“, – დაამატა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version