ელჩი ჰერჩინსკი და პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე სიტყვით გამოვიდნენ

9 მაისს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდნენ რუსთაველის თეატრში, ევროკავშირის წარმომადგენლობის მასპინძლობით, ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე და შემდეგ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. გამოსვლები ისეთ აქტუალურ საკითხებს შეეხო, როგორიცაა საქართველოს დაშორება ევროკავშირისგან „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გამო და ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერება, ასევე 8 მაისის ძალადობა. მიწვევის მიუხედავად, არც ერთ ღონისძიებას „ქართული ოცნების“ წევრები არ დასწრებიან.

ევროპის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი რუსთაველის თეატრში

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის გამოსვლა

თავის გამოსვლაში ევროკავშირის ელჩმა გასულ წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება გაიხსენა და განაცხადა, რომ „სწორედ ამიტომ, დღეს, სულ რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ევროკავშირმა საბოლოოდ ფართოდ გაუღო კარი საქართველოს, გულდასაწყვეტია ყოყმანისა და დაეჭვების დანახვა. დაბნეულობის, დაყოფის და უფრო უარესი, დაშინების და ძალადობის დანახვა“.

მისი თქმით, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, „საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს“.

ელჩმა ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამ წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. მაგრამ „ამისთვის საქართველომ უნდა აჩვენოს ევროკავშირის ღირებულებებისადმი  მტკიცე ერთგულება და საჭირო რეფორმები განახორციელოს“. ელჩმა განაცხადა, რომ „ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. ის ხელიდან არ უნდა გაუშვათ. არ გაუშვათ ის ხელიდან“.

ელჩმა ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს ელოდება. „გვინდა, რომ საქართველო თავისი მშვიდობიანი და ეკონომიკურად სტაბილური მომავლის უზრუნველყოფაში წარმატებული იყოს. გვინდა, რომ გახდეთ ჩვენი კავშირის ნაწილი, რადგან პატივს ვცემთ საქართველოს  ამაყ ხალხს, რომელიც არის მშვიდობისმოყვარე, ნიჭიერი და ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს იზიარებს“.

მან ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ქართულ ენაზე განაცხადა: „ძალა ერთობაშია“. ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ „ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე“.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან იზიარებს, და მანაც გაიმეორა ევროკომისიის პრეზიდენტის ფონ დერ ლაიენის სიტყვები, რომ „საქართველო არის გზაგასაყარზე მის ევროპულ მომავალსა და რუსულს წარსულს შორის“.

პრეზიდენტმა ევროპისკენ სვლისთვის ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება და ახალგაზრდობა შეაქო, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველო ახლა დიდი ძალადობის მომსწრეა. მან აღნიშნა, რომ ეს ძალადობა გამოიყენება „ერის კოლექტიური სურვილის წინააღმდეგ, რომ იყოს დამოუკიდებელი“. პრეზიდენტმა ასევე ახსენა ოპონენტების ცემა, შავი სიები, რეპრესიები, რომლებიც ამჟამად ქვეყანაში ხდება და ხაზი გაუსვა, რომ ასეთ მეთოდებს „არაფერი აქვს საერთო ევროპულ მიზნებთან და ძალიან ჰგავს ავტორიტარული რეჟიმების მეთოდებს, რომლებიც სხვების  აღმოფხვრას ცდილობენ და ადანაშაულებენ მათ უცხოური ინტერესების გატარებაში“.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს პარტნიორები, რომლებიც მხარს უჭერდნენ მის დამოუკიდებლობას, ინსტიტუტებსა და განვითარებას, ახლა ძალადობის სამიზნეები გახდნენ, ვინაიდან მათ „დესტაბილიზაციის გამოწვევაში, ომის გაღვივებასა და დაპირისპირების სურვილში“ ადანაშაულებენ.

„ქართველი ერი დღეს აქ არ იქნებოდა 26 საუკუნის შემდეგ, გონიერი რომ არ ყოფილიყო, რადგანაც ის ბრძენია, პროვოკაციებს არ წამოეგება, დაპირისპირებაზე არ წავა, მაგრამ არც დანებდება, ბოლომდე ივლის და გაიმარჯვებს თავის ევროპულ გზაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, რასაც ის და მე დავიცავთ უკანასკნელ მომენტამდე“, – დაასრულა პრეზიდენტმა.

ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ორბელიანების სასახლეში

ევროპის დღის აღნიშვნა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით ორბელიანების სასახლეში გაგრძელდა. ღონისძიებას ასობით მოქალაქე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წელს პირველად ზეიმობს ქვეყანა ევროპის დღეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს ამ დროს ევროკავშირთან მოლაპარაკებები იქნება გახსნილი. მან ხალხს მიმართ: „ეს იქნება არავისი დამსახურება. ეს იქნება თქვენი დამსახურება“.

აღნიშნა რა, რომ „ხვალინდელი ევროპული საქართველოს“ გზა რთულია, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „არასდოს არ დაბრუნდება საქართველო უკან… ვერავინ ვერასდროს ვერ დააბრუნებს საქართველოს იმ ბნელ წარსულში“.

პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში აქტიური მონაწილეობისთვის და უფროს თაობას მათ გვერდით დგომისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქვეყნის პარტნიორებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის რუსთაველის თეატრში გამართულ გალა კონცერტზე არ დასწრებით.

პრეზიდენტი მიესალმა „უცხოელი აგენტების“ კანონის გამო საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ელჩის გოჩა ჯავახიშვილის მიერ გადადგომის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ „საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას, ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე“.

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის გამოსვლა

ევროკავშირის ელჩი სიტყვით ქართულ ენაზე გამოვიდა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირის კარი ფართოდაა ღია საქართველოსთვის, „განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე სახელმწიფოსთვის“.  „მთავარია პოლიტიკურ ლიდერებს ისევე კარგად ესმოდეთ ხალხის ხმა, როგორც ეს ხმა ევროკავშირში ისმოდა შარშან“.

„ზღვა, შესაძლოა, ხანდახან, ღელავს, მაგრამ, „საქართველო, შენი გემი, ევროპისკენ დაძრულია“. შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ. ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ“, – დასძინა ევროკავშირის ელჩმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version