მორიგი თავდასხმა ოპოზიციის წარმომადგენელსა და აქციის მონაწილეზე

აქტივისტმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი მუმლაძემ 9 მაისს განაცხადა, რომ ოთხი ნიღბიანი მამაკაცი მანქანიდან, რომელიც სავარაუდოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნოდა, მას საკუთარ სახლთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში თავს დაესხა. ეს, როგორც ჩანს, „უცხოელი აგენტების“ კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და ოპოზიციის წევრებზე ორკესტრირებული თავდასხმების გაგრძელებაა.

მუმლაძემ ტელეკომპანია „მთავარს“ განუცხადა, რომ მისი სახლიდან დაახლოებით 30-40 მეტრში დაბურულმინებიანი მანქანა გაჩერდა და ის მაშინვე მიხვდა, რომ მის სათვალთვალოდ იყვნენ მისულები. მუმლაძის თქმით, მან მაშინვე დაიწყო ვიდეო გადაღება, რა დროსაც გადმოხტა ოთხი ნიღბიანი და დაუწყო მას უმოწყალოდ ცემა ოჯახისა და ბავშვების თვალწინ.

მუმლაძემ აღნიშნა, რომ მისთვის მძიმე დაზიანების მიყენება ვერ მოახერხეს, რადგანაც საშველად მეზობლები გამოვარდნენ. მისი თქმით, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ ხალხის დაშინების კიდევ ერთი მცდელობა, მაგრამ ქართველები უკან არ დაიხევენ. „რომც მომკლან, მაინც გაიმარჯვებს ეს იდეა. ეს იდეა არის საქართველოს თავისუფლება, ევროკავშირში გაწევრიანება და საქართველოს ერთიანობა“, – ამბობს მუმლაძე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version