ახალი ამბები

გაათავისუფლეს აქტივისტი, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ნაგავი დააყარა

ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტი ირაკლი ფანგანი, რომელიც პოლიციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის გამო 24 იანვარს დააკავა, დღეს ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს.

შემთხვევა ქალაქ ბათუმის ბულვარში 23 იანვარს 16 სართულიანი სასტუმროს – „ამბასადორი ბათუმის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე მოხდა. პროტესტის ადგილზე დეპუტატის გამოჩენას, რომელმაც ოპოზიციის საერთო ბოიკოტი დაარღვია და საკანონმდებლო ორგანოში შევიდა, აქციის მონაწილეთა პროტესტი მოჰყვა.

ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საარჩევნო ბლოკ „ენმ-ძალა ერთობაშიას“ პარტიული სიით მოხვდა, რომელიც რესპუბლიკურ პარტიასაც აერთიანებდა. ჩავლეიშვილი წლების განმავლობაში სწორედ ამ უკანასკნელის წევრი იყო. მიუხედავად ნაციონალური მოძრაობისა და რესპუბლიკური პარტიის მიერ საკანონმდებლო ორგანოების ბოიკოტისა, ჩავლეიშვილმა დეპუტატის მანდატზე უარი არ თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა. მან გადაწყვეტილების შემდეგ, რესპუბლიკური პარტიაც დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სისხლის სამართლის 156-ე და 239-ე მუხლებით იძიებს, რაც დევნასა და ხულიგნობას გულისხმობს. მათგან პირველი სასჯელის მაქსიმალურ ზომად ორ წლამდე, მეორე კი – 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ კი – ფანგანს ბრალი „პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით“ წარუდგინა. საქმეზე სასამართლო მოსმენა ჯერ არ გამართულა. უკვე ცნობილია, რომ საგამოძიებო უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

ფანგანის ქცევას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიის ნაწილმა მომხდარი დაგმო, ნაწილმა კი – ფაქტი გამოხატვის თავისუფლებად შეაფასა.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან ვარშალომიძემ ფანგანის დაკავება დაგმო და ის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების „დევნად“ შეაფასა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button