ახალი ამბები

ევროკავშირი: 31 ოქტომბრის არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის 29 ოქტომბრის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება და არჩევნების დროს, 70–ზე მეტი სადამკვირვებლო  გუნდი საქართველოში 1 000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე მივა.

განცხადების თანახმად, ევროკავშირის მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და მიმდინარე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელშეწყობაა.

ევროპელ დიპლომატთა გუნდი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების თანამშრომლებისგან შედგება, მათ შორისაა ავსტრია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვაკეთი და შვედეთი, ასევე ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოები.

„ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

„ანუ, ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და ამაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ  უნდა აიღოს“, – დასძინა მან.

„ეს არის ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება ქართული დემოკრატიის მიმართ და ჩვენი მზადყოფნა, რომ უფრო მეტად გავამყაროთ ნდობა ამ არჩევნების მიმართ დამატებითი საერთაშორისო „თვალისა და ყურის“ საშუალებით“, – თქვა მანვე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button