skip to content
ევროპამათი თვალით

რატომ გაირიყა ევროკავშირი ყარაბაღის თემიდან?

ახლა, როცა სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის გამო კიდევ ერთ მცირე ომში არიან ჩართული ბევრი იმედით შესცქერის ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს – ეგებ რაიმე დიპლომატიური საშუალებით მოახერხონ ორ ქვეყანას შორის შუღლის მოგვარებაო. დაახლობით თხუთმეტი წლის წინათ, ევროკავშირი შეეცადა ამ კონფლიქტში შუამავლობას და მარცხი განიცადა. ამის შემდეგ, ბრიუსელმა ყარაბაღის კონფლიქტზე დიდწილად ხელი ჩაიქნია. თუკი ევროკავშირს მთიანი ყარაბაღის გარშემო ესკალაციის სულ უფრო ახალი ტალღების არიდება სურს თავიდან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან მიმართებაში ბევრად უფრო თანმიმდევრული მუშაობაა საჭირო, რათა ერევანიცა და ბაქოც დაარწმუნოს, რომ პრობლემის გადაწყვეტის გასაღები მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს და არა ბრძოლის ველზე.

ნიკუ პოპესკუ

ნიკუ პოპესკუ

“საგარეო ურთიერთობების კვლევითი საბჭოს” ევროპული სამეზობლოს ინიციატივის დირექტორი და მოლდოვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია.

2006 წელს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების კომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა თავის გამოსვლაში თქვა: “გასული კვირებისა და თვეების განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში შემაშფოთებელი ამბები განვითარდა. სამი უარყოფითი ტენდენცია ერთად შეიყარა და, მართალი გითხრათ, ეს ფრიად სახიფათოა. ერთი მხრივ, გაყინული კონფლიქტების – აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღისა და სამხრეთ ოსეთის – გადაჭრის საქმე წინ არ მიდის. ვერც ერთი ჩართული მხარე ვერ ასრულებს პრობლემების გადაწყვეტის მოსაძებნად საკუთარი პასუხისმგებლობის წილს. მეორე: რეგიონში სამხედრო ხარჯების მოცულობა დრამატულად გაიზარდა…. და მესამე: უკანასკნელი თვეების განმავლობაში აგრესიული რიტორიკა საზოგადოებრივ აზრს არასასურველი მიმართულებით წარმართავს. ძალიან ვშიშობ, რომ იმ რიტორიკის კვალობაზე, რაც გვესმის, ომის შესაძლებლობა იმატებს.” ფერერო-ვალდნერის გაფრთხილება წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: 2008 წელს საქართველოში მოხდა ომი, მთიანი ყარაბაღის გარშემო კი მას შემდეგ ვითარება უკვე რამდენჯერმე გამწვავდა.

ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში უფრო დიდი როლის თამაშს კი შეეცადა, მაგრამ მისი ერთიანი პოლიტიკა წევრი ქვეყნების დედაქალაქებს შორის უთანხმოებასა და თავად სომხეთისა და აზერბაიჯანის მოურიგებლობას შეეწირა.

ევროკავშირის ნეიტრალიტეტის მცდელობა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში ევროკავშირი უფრო აქტიურად იმიტომაც არ ჩაერთო, რომ ეს მისთვის არც სომხეთს და არც აზერბაიჯანს არ უთხოვია. სომხეთს ევროკავშირისათვის უფრო ფართო როლის მინიჭებით რუსეთის გაღიზიანება არ სურდა. აზერბაიჯანს კი 2000-იანი წლების შუა ხანებიდან სულ უფრო აღიზიანებდა ევროკავშირის ზოგჯერ ზედმეტად გაზვიადებული მცდელობა, თავი კონფლიქტში ნეიტრალურად წარმოეჩინა.

მაგალითად, 2005 წელს, როცა ევროკავშირი ევროპული სამეზობლოს პოლიტიკის ფარგლებში სამხრეთ კავკასიასთან კავშირების გაღრმავებას ლამობდა, დღის წესრიგში დადგა სომხეთთან და აზერბაიჯანთან სამოქმედო გეგმების ხელმოწერის საკითხი, რომელსაც თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები უნდა განესაზღვრა. ამ გეგმების შესახებ მოლაპარაკებებისას, ევროკავშირი შეეცადა, სამუშაო დოკუმენტები ზედმეტი პოლიტიზირებისაგან დაეცვა და ამიტომ გადაწყვიტა, მთიანი ყარაბაღი საერთოდ არ ეხსენებინა. აზერბაიჯანი ამას შეეწინააღმდეგა და შეეცადა, დოკუმენტში პირდაპირ ჩაეწერა, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა, მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად განიხილავდა, ხოლო მის გარშემო შვიდ რაიონს – სომხეთის მიერ ოკუპირებულად. ევროკავშირს ეს არ სურდა, რამაც აზერბაიჯანი გააღიზიანა. (სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ასეთი მიდგომის მიზეზი ისიც იყო, რომ ბრიუსელს სურდა კარს ღიად დაეტოვებინა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ისეთი შეთანხმებისათვის, რომლის ფარგლებშიც მთიან ყარაბღს განსაკუთრებული სტატუსი ექნებოდა – სწორედ ამას განიხილავდნენ მაშინ ბაქო და ერევანი ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერ წარმოებული მოლაპარაკებების ფარგლებში).

ამ მოლაპარაკებების პარალელურად, აზერბაიჯანი და კვიპროსი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: ბაქოდან კვიპროსის თურქეთის მიერ დაკავებულ ნაწილში – ჩრდილოეთ კვიპროსში – ჩარტერული რეისი დაინიშნა და იმაზეც იყო საუბარი, რომ ბაქო ჩრდილოეთ კვიპროსის პასპორტებს აღიარებდა. შედეგად, კვიპროსმა აზერბაიჯანთან სამოქმედო გეგმის შესახებ ევროკავშირის მოლაპარაკებები ექვს თვეზე მეტი ხნით დაბლოკა. ევროკავშირი იძულებული გახდა მსგავსი მოლაპარაკებები სომხეთთან და საქართველოსთანაც შეეჩერებინა, რომ პროცესები ერთმანეთს არ ასცდენოდა.

როცა ბაქოსა და ნიქოზიას შორის კონფლიქტი ამოიწურა, კვიპროსმა ახლა უკვე სამოქმედო გეგმებში ტერიტორიული მთლიანობის საკითხის შეტანას დაუჭირა მხარი, რადგანაც ეს თემა აზერბაიჯანსაც აწუხებს და კვიპროსსაც. შედეგად, ევროკავშირ-აზერბაიჯანის სამოქმედო გეგმაში ჩაიწერა, რომ ორი მხარე ურთიერთობებს დააფუძნებს “საერთო ღირებულებებზე, რომელთა შორისაა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ერთმანეთის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პატივისცემა და მხარდაჭერა.”

ოღონდაც, საკითხი ამით როდი ამოიწურა. სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთმანეთთან დაპირისპირებულ ინტერესებს შორის ნეიტრალიტეტის შესანარჩუნებლად, ევროკავშირ-სომხეთის სამუშაო გეგმაში ჩაიწერა, რომ აუცილებელია, გაგრძელდეს “კონფლიქტის მოგვარების გზების ძიება საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების თანახმად, რომელთა შორისაა ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპიც”. ეს ჩანაწერი ისე ჟღერდა, თითქოს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლებოდა დამდგარიყო და ეს მაშინ, როცა სომხეთთან და საქართველოსთან ხელმოწერლ სამოქმედო გეგმებში ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის სრული და უყოყმანო მხარდაჭერა დასტურდებოდა.

სწორედ ამ პერიოდში მომიწია ბაქოში სტუმრობა და ერთმა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა შემომჩივლა, “სამოქმედო გეგმაზე ამ მოლაპარაკებების დროს, აზერბაიჯანმა პირველად დაინახა, რომ ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს მოლდოვასა და საქართველოში არსებული კონფლიქტებისაგან განსხვავებულად მიიჩნევს. ამ ორი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ის უყოყმანოდ უჭერს მხარს, სამაგიეროდ ჩვენთან, ევროკავშირი ამბობს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ემხრობა, მაგრამ მომავალში [ყარაბაღის] რეგიონის არანაირ სტატუსს არ გამორიცხავს.” მომდევნო წლებში აზერბაიჯანის დამოკიდებულება ევროკავშირის პოზიციისადმი კიდევ უფრო გამწვავდა.

ევროკავშირი და მინსკის ჯგუფი

2003 წელს ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი რომ დანიშნა, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მისი როლი რეგიონში გაიზრდებოდა. პირველი ორი სპეციალური წარმომადგენელი, ჰეიკი ტალვიტიე და პიტერ სემნები, ამის გაკეთებას გულდასმით შეეცადნენ. გაჩნდა მოლოდინი, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად ეუთოს ეგედით შექმნილი მინსკის ჯგუფის თანა-თავმჯდომარის როლში ევროკავშირი საფრანგეთს ჩაანაცვლებდა და უკვე ამ როლში შეუერთდებოდა რუსეთსა და აშშ-ს. ოღონდაც, პარიზს ბრიუსელისათვის თავისი სავარძლის დათმობა აზრადაც არ მოსვლია და ამაზე საუბარი მალევე ჩაკვდა.

ამის შემდეგ, ევროკავშირი კონფლიქტურ რეგიონებში ნდობის მშენებლობის პროექტების გნხორციელებას შეეცადა, იმ იმედით, რომ ეს კონფლიქტის მოგვარებას წაადგებოდა. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საქართველოს ხელისუფლების თანხმობით, ეს მეტნაკლებად გამოვიდა, მთიან ყარაბაღში კი ეს მცდელობა კედელს შეასკდა. აზერბაიჯანს არანაირი სურვილი არ ჰქონდა, საერთაშორისო თანამეგობრობას მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო მმართველებთან ემუშავა.

როცა აშკარა გახდა, რომ კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობა არ გამოდიოდა, ბრიუსელი მხარეებს დახმარებას კონფლიქტის დასრულების შემდეგ დაჰპირდა. პიტერ სემნებიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი “მზად იქნება მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, როცა კი კონფლიქტის გადაწყვეტა მოიძებნება და ჩვენ აქტიურად ვეძიებთ შესაძლებლობებს პოსტ-კონფლიქტური რეაბილიტაციის ანდა – თუკი მხარეები ამას მოითხოვენ – სამშვიდობო ძალებში მონაწილეობის თვალსაზრისით. შეიძლება სამშვიდობო ოპერაციას სათავეშიც კი ჩავუდგეთო”, განაცხადა მან. ოღონდაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმება არ შედგა და არც სამშვიდობო ძალების საჭიროება დამდგარა.

2007 წლის ბოლოსთვის, აზერბაიჯანი სულ უფრო სკეპტიკურად აფასებდა კონფლიქტის მოგვარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის შედეგიანობას. ბაქომ სამხედრო დანახარჯები მკვეთრად გაზარდა, საომარი რიტორიკა გამძაფრდა, დიპლომატიური მოლაპარაკებებისადმი ყურადღებამ კი იკლო.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში ევროკავშირის მონაწილეობის იმედებს საბოლოო დარტყმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობის მიერ 2008 წლის თებერვალში კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამ მიაყენა. აზერბაიჯანს გადაეწურა იმედი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს გულდასმით დაიცავდა. ამავე კონტექსტში, ბაქომ სამშვიდობო ძალების განთავსებასაც კიდევ უფრო კრიტიკულად შეხედა – მათი ხედვით, სერბეთმა მიიღო და ლეგიტიმაცია მიანიჭა კოსოვოში გაეროს ძალებს, შედეგად კი მათი მხრიდან კოსოვოს დამოუკიდებლობის გზაზე მხრდაჭერა მიიღო. ყოველივე ამის გამო, აზერბაიჯანი მკვეთრად გადაიხარა კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტისაკენ.

რას უნდა მოველოდეთ?

როცა ბრძოლის ეს ახალი ეტაპი დასრულდება, დიპლომატიური ძალისხმევის განახლებას უნდა მოველოდეთ, რომლის მიზანიც ე.წ. “მადრიდის პრინციპების” განორციელება იქნება. მათ თანახმად, სომხეთმა უნდა დათმოს კონტროლი აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოღონდაც დაინარჩუნებს ყარაბაღთან სახმელეთო კორიდორს და უნდა ჩაერთოს რეგიონის სტატუსზე საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ევროკავშირს შეუძლია ხელი შეუწყოს ამ პროცესს და დიპლომატიური ზეწოლით აზერბაიჯანიც და სომხეთიც დაარწმუნოს, რომ “მადრიდის პრინციპებს” დაემორჩილონ. თუკი ამ საქმეში წინსვლას შეამჩნევს, ბრიუსელს შეიძლია სამშვიდობო ოპერაციაზე და კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციის ფონდზე საუბარი განაახლოს, ანდა დონორების კონფერენცია მოიწვიოს, რომელიც ერევანსაც და ბაქოსაც მოლაპარაკებების მაგიდისკენ უბიძგებს. ოღონდაც, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირს ყოველივე ამის გაკეთება მხოლოდ სომხეთის, აზერბაიჯანის, მინსკის ჯგუფისა და ახლა უკვე ანკარას თანხობით შეეძლება. ამას თუ გავითვალისწინებთ, ევროკავშირის მხრიდან ამ კონკრეტული კონფლიქტის მოგვარებაში საგრძნობი წვლილის შეტანის იმედები ისეთივე ფუჭი შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც 15 წლის წინათ.

პირველწყარო
How the EU became marginalised in Nagorno-Karabakh

მსგავსი/Related

Back to top button