ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე

ფრანგულ გამოცემა Revue Défense-თან ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საქართველოსთვის ევროკავშირს ალტერნატივა არ გააჩნია“.

„საქართველო ყოველთვის იყო ევროპული სახელმწიფო და ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია სხვა არაფერია, თუ არა, ჩვენს დიდ ევროპულ ოჯახში დაბრუნება, რომელსაც საბჭოთა ოკუპაციამ დაგვაშორა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა 6 ოქტომბრის ინტერვიუში.

მისი თქმით, „ახლა, ბრიუსელში, შესაძლოა, ჯერ კიდევ არ იყოს შესაფერისი დრო ახალ კანდიდატებზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად“, თუმცა „ლოდინის ამ პერიოდში, ევროპაში სექტორული ინტეგრაციის მისაღწევად, ჩვენ ყველა კარზე დავაკაკუნებთ“.

აღნიშნა რა, რომ საქართველო ასოცირების შეთანხმებიდან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლიდან სარგებელს იღებს, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ შემდგომი ეტაპისათვის სრულიად მზად ვართ“.

ნატოზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „თითოეული გამოკითხვა აჩვენებს, რომ ყველანაირი პოლიტიკური მიმართულების მქონე ქართველთა სულ მცირე 70%-ს სურს ნატოში გაწევრიანება“.

მისივე თქმით, საქართველო ავღანეთში ალიანსის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი, ასევე ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო და სანდო პარტნიორია.

პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ „არსებობს ალიანსის გაფართოების სურვილი და ჩვენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ მუდმივად მოვდივართ შესაბამისობაში სამხედრო დანახარჯების შესახებ ნატოს სტანდარტთან, მუდმივად ვანახლებთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებს“. „საქართველო ნატოსთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს“, – დასძინა მან.

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რთულია ამ კონფლიქტის გაყინულ კონფლიქტად მიჩნევა, როდესაც ვხედავთ, რა ხდება უშუალოდ ადგილზე“. მისივე თქმით, რუსეთთან 2008 წელს „უთანასწორო და ტრაგიკული“ ომის შედეგად, „კვლავ გვიწევს ცხოვრება გადაუჭრელ კონფლიქტებთან ერთად, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევას, ფართომასშტაბიან ოკუპაციასა და ჩვენი ტერიტორიის ბორდერიზაციას იწვევს“.

„თუმცა, რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს, ვერ გადაგვახვევინა დასავლეთისაკენ მიმავალი გზიდან. საქართველომ დაამტკიცა თავისი სიმტკიცე, სიმტკიცე, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში შექმნა ჩვენი იდენტობა და რომლითაც ვამაყობთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა დიალოგია“. მისივე თქმით, „ომი არაა გამოსავალი და საქართველომ აირჩია მშვიდობის გზა“.

„ეს არ არის საქართველოს ოკუპირების პირველი შემთხვევა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ ჩვენს ერთიანობას“, – დასძინა პრეზიდენმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button