ახალი ამბები

ზალკალიანი დაკავებული კოლეგის გამოსარჩლების გამო დანიაში საქართველოს ელჩს საყვედურობს 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 8 ოქტომბერს კრიტიკულად შეაფასა დანიაში საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის განცხადება, რომელმაც „აზერბაიჯანისთვის ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის გადაცემის“ საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

აღნიშნა რა, რომ ეს, „ალბათ, ერთგვარი ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ“, ზალკალიანმა განაცხადა, რომ ასეთი, „უაღრესად მგრძნობიარე“ თემის შეფასებამდე გიგიაძეს საკითხის არსი ჯერ სამინისტროში უნდა გაერკვია.

გიგი გიგიაძემ, რომელიც 2014-2016 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მსახურობდა, აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე მიმდინარე გამოძიება გააკრიტიკა და მელაშვილისთვის წაყენებულ ბრალს „აბსურდული და საღ აზრს მოკლებული“ უწოდა.

გიგიაძის თქმით, მელაშვილი არის „საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი“, რომელსაც იგი 1997 წლიდან „პირადად“ იცნობს. მან იმედი გამოთქვა, რომ „დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება“.

პროკურატურამ აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე 29 სექტემბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. გამოძიება მათ მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ“ მიმართულ ქმედებას გულისხმობს და სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თქვა, რომ გიგიაძის განცხადება მისთვისაც „სიურპრიზი“ იყო და აღნიშნა, რომ ელჩს მიმდინარე გამოძიების შესახებ სათანადო ინფორმაციას მიაწვდიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button