skip to content
დაწვრილებითმოსაზრებაწერილები

როგორ უყურებს „ორი ამერიკა“ რუსეთს და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

ავტორი: ირაკლი სირბილაძე, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი


2020 წლის 5 აგვისტოს, ამერიკულ ჟურნალში „Politico”, გამოქვეყნდა საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკოსებისა და თეორეტიკოსების წერილი, რომელშიც ისინი რუსეთის მიმართ ამერიკის არსებული საგარეო პოლიტიკის გადააზრების ინიციატივით გამოდიან. მალევე, საპასუხო წერილი გამოაქვეყნა მეორე ჯგუფმა, რომელიც პირველის საპირისპიროდ, რუსეთთან ახალი გადატვირთვის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდის.

ამერიკისა და რუსეთის გლობალური მნიშვნელობის მქონე ურთიერთობების ფონზე, საინტერესოა გავიგოთ: 1) როგორია ახლანდელი რუსულ-ამერიკული ურთიერთობები; 2) რუსეთთან როგორ მიდგომას გვთავაზობს პრაქტიკოსთა და თეორეტიკოსთა ორი ჯგუფი; 3) როგორია რუსეთისადმი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიციები; 4) რას ნიშნავს ეს ყოველივე საქართველოსთვის.

რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები: მოკლე შესავალი

საბჭოთა კავშირის დაშლამ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები სტრუქტურულ დონეზე შეცვალა. ეკონომიკურად დასუსტებული რუსეთი შიდა არეულობისა და სეპარატიზმის პრობლემების წინაშე დადგა, თუმცა, ამის მიუხედავად, იგი ინარჩუნებდა რეგიონულ დონეზე გავლენას.

ცივი ომის დასრულების შემდეგ, ამერიკასა და რუსეთს შორის უთანხმოების საკითხად ნატოს გაფართოება იქცა. რუსეთი ნატოს გაფართოების გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა, თუმცა ამას 2004 წლისთვის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ალიანსში გაწევრებისათვის ხელი არ შეუშლია. 2008 წლის ბუქარესტის სამიტმა – რომელზედაც უკრაინასა და საქართველოს ნატოს წევრობას დაჰპირდნენ- უთანხმოებები რუსეთსა და ამერიკას შორის კიდევ უფრო გაზარდა.

რუსეთისთვის დამატებითი წუხილის საგანი ამერიკის/დასავლეთის ცალმხრივი ქმედებები გახდა, განსაკუთრებით 1999 წელს კოსოვოს დაბომბვა და 2003 წელს ერაყში ინტერვენცია. უთანხმოების კიდევ ერთი საკითხი რუსეთის სამეზობლოში ე.წ. „ფერადი რევოლუციები“ და დემოკრატიზაციის საკითხი გახდა. რუსეთში ამან „რეჟიმის ცვლილებისა“ და შიდა საქმეებში ჩარევის შიშები გააჩინა. განსხვავებები კიდევ უფრო გამძაფრდა 2008 წელს დასავლეთის ქვეყნების მიერ კოსოვოს აღიარების გამო.

დასავლეთს რუსეთმა ახლო სამეზობლოში დომინაციის ჩვენებით უპასუხა. 2008 წლის აგრესიას საქართველოში, საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, 2014 წელს ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატიზმის მხარდაჭერას დასავლეთისადმი რუსეთის საპასუხო ნაბიჯებად მოიაზრებენ.

ამ განსხვავებების მიუხედავად, რუსეთსა და ამერიკას შორის თანამშრომლობაც მიმდინარეობდა, განსაკუთრებით ტერორიზმის წინააღმდეგ. 2009 წელს აშშ-მა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკაც წამოიწყო, თუმცა, ყირიმის ანექსიამ ცხადყო, რომ გადატვირთვამ რუსეთი არათუ დასავლური საერთაშორისო წესრიგის ნაწილი გახადა, არამედ – სამეზობლოში მისი აგრესია წაახალისა.

აშშ-რუსეთის ურთიერთობების ამ უპრეცედენტოდ დაბალ ნიშნულზე ყოფნის ფონზე, ამერიკელ მკვლევართა და პრაქტიკოსთა ერთი ნაწილი რუსეთთან არსებული ურთიერთობების გადააზრების ინიციატივით გამოვიდა.

ურთიერთობები რუსეთთან უნდა გადავიაზროთ:  გოტემიულერი, ჰილი, მირშაიმერი et al.

ამერიკელი თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები რუსეთთან ურთიერთობების გადააზრების ინიციატივით 2020 წლის აგვისტოს დასაწყისში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე გამოვიდნენ.

ავტორთა მოსაზრებები შემდეგნაირად შეიძლება შეჯამდეს:

  • სანქციებისა და სუსტი დიპლომატიის პოლიტიკა ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობებს ჩიხში აქცევს, რაც სამხედრო კონფრონტაციისა და ბირთვული დაპირისპირების საფრთხეს ზრდის;
  • რუსეთის რევიზიონისტული ქმედებები დასავლეთის მხრიდან საერთო ენის გამონახვას შესაძლებლობას ართულებს. თუმცა, რადგან „ურთიერთობები მოსალოდნელია რომ დარჩება კონკურენციისა და თანამშრომლობის ნაზავი“, აუცილებელია სწორი ბალანსის დაცვა;
  • აუცილებელია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზაცია და სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგი. ამ მხრივ ავტორები გამოყოფენ New START ხელშეკრულების ვადის გაგრძელების საჭიროებას (ბირთვული სტაბილურობა) და ღია ცის შესახებ ხელშეკრულებისა და ვენის 2011 წლის დოკუმენტის შენარჩუნებას (ბალტიისა და შავი ზღვისპირეთში დაძაბულობის თავიდან ასარიდებლად);
  • რუსეთთან არსებული განსხვავებების – მაგალითად უკრაინასა და სირიაში – აღმოსაფხვრელად აუცილებელია, ამერიკამ მოკავშირეებთან ერთად საკუთარი პრინციპები დაიცვას, თუმცა ასევე აუცილებელია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც საერთო ჯამში ურთიერთობებს გააუმჯობესებს;
  • რუსეთის მიმართ არსებული სანქციების პოლიტიკა ხელს უშლის მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგანაც რუსეთი სანქციებს მუდმივ ინსტრუმენტად აღიქვამს. სანაცვლოდ, საჭიროა სანქციების მოქნილი რეჟიმი.

წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამერიკა ვერ შეცვლის იმ სტრატეგიულ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც პუტინი მოქმედებს და რომელშიც მისი შემდგომი მემკვიდრე იმოქმედებს. ამერიკელი მკვლევრების აზრით, ესაა ნაციონალისტური ტრადიციებით ნაკარნახევი სტრატეგიული ჩარჩო, რომელიც მიმზიდველია როგორც რუსი ელიტისათვის, ისე – საზოგადოებისთვის.  თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკას არსებული პოლიტიკის მიღმა გზა არ აქვს.

რუსეთთან ახალი გადატვირთვის წინააღმდეგ: კრამერი, კელი,  ჰოჯისი, et al.

ჟურნალ „პოლიტიკოში“ გამოქვეყნებულ წერილს მალევე მოჰყვა გამოხმაურება. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველი წერილისგან განსხვავებით, რომელსაც საერთაშორისო ურთირთობების დისციპლინის წამყვანი თეორიტიკოსები აწერენ ხელს, საპასუხო წერილების ავტორები უმეტესწილად კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები არიან.

განსხვავება ასევე შესამჩნევია პრაქტიკოსებში – თავდაპირველი წერილის ავტორები უფრო მეტად ვაშინგტონში პოლიტიკის ყოფილი განმსაზღვრელები და რუსეთში შტატების ყოფილი ელჩები არიან, ხოლო საპასუხო წერილის ავტორები რუსეთის სამეზობლოში და რუსეთის სამეზობლოს საკითხებზე მომუშავე პრაქტიკოსები არიან.

მოპასუხე ავტორთა ჯგუფი წერს, რომ ახლა რუსეთთან კიდევ ერთი გადატვირთვის პოლიტიკისთვის საუკეთესო დრო სულაც არ არის. პირიქით, პუტინის რუსეთის პოლიტიკა ამერიკის მკაფიო საპასუხო ნაბიჯებს მოითხოვს. მათი შემოთავაზებით, საჭიროა:

  • პუტინის რეჟიმის კორუფციის მხილება; მეზობლებისა და საკუთარი მოსახლეობისადმი რუსეთის აგრესიის საფრთხედ აღიარება; რუსეთის ნაბიჯებზე ამერიკის საზოგადოების ინფორმირება და რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე მოკავშირეებთან კოორდინაცია;
  • რუსეთის რეჟიმის რუსი ხალხისგან განსხვავება და რუსეთში ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა;
  • სანქციების რეჟიმის შენარჩუნება და საჭიროებისამებრ გაფართოება, ვიდრე: 1) რუსეთი არ გამოვა უკრაინიდან (მათ შორის ყირიმიდან) და საქართველოდან; 2) ნამდვილად არ მოეშვება ამერიკის არჩევნებში ჩარევასა და კიბერთავდასხმებს; 3) არ შეწყვეტს უსაფუძვლო ბრალდებებით ამერიკელების დაკავებას; და 4) არ შეაჩერებს რუსი ხალხის მიმართ ადამიანის უფლებათა დარღვევას;
  • რუსეთის მეზობლებისადმი სამხედრო, პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური მხარდაჭერის გაწევა და იმ ქვეყნების ევროატლანტიკური ორიენტაციის მხარდაჭერა, რომლებიც ამისკენ მიისწრაფვიან;
  • რუსეთთან შეიარაღების კონტროლისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე მუშაობა, თუმცა იმის აღიარებით, რომ რუსეთმა წარსულში ზოგიერთი შეთანხმება დაარღვია.

ცხადია, რომ საპასუხო წერილის ავტორები უკეთ აფასებენ რუსეთის პოლიტიკის ყოველდღიურ შედეგებს სამეზობლოში. ისინი ახმოვანებენ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ გადატვირთის პოლიტიკა არა თუ იწვევს რუსეთის საგარეო პოლიტიკური ამბიციების მოთოკვას, არამედ პირიქით – კვებავს მათ.

ამერიკელ ექსპერტთა ამ ორი ჯგუფის მოსაზრებები აჩვენებს, რომ რუსეთის მიმართ ამერიკის პოლიტიკის ძირეულ საკითხებზე თანხმობა არსებობს, თუმცა მიდგომები, თუ როგორ უნდა განვითარდეს შემდგომი ურთიერთობები, განსხვავებულია.

ტრამპის რუსეთის პოლიტიკა და ბაიდენის შესაძლო რუსეთის პოლიტიკა

რუსეთთან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა განისაზღვრება, ერთი მხრივ, ტრამპის პიროვნებით (სადაც ტრამპი რუსეთისადმი დათმობით პოზიციებს აჟღერებს) და მეორე მხრივ, ადმინისტრაციის უშუალო პრაქტიკული პოლიტიკით (რომლითაც ამერიკა რუსეთის პოზიციების დამაზიანებელ რიგ ნაბიჯებს დგამს). ასევე, აღნიშვნის ღირსია კონგრესისა და სენატის შემაკავებელი როლი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში.

ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთს სხვადასხვა საერთაშორისო პოლიტიკურ მოვლენასთან დაკავშირებით მრავალმხრივი სანქციები დაუწესა, იგი ეწინააღმდეგება ეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ენერგოპროექტს „ჩრდილოეთის ნაკადი II“ და მასში მონაწილე კომპანიებს სანქციებს უწესებს. თავდაპირველი წერილის ავტორები რესპუბლიკური ადმინისტრაციის სწორედ ამ ნაბიჯებს აკრიტიკებენ.

რაც შეეხება პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს, ჯოზეფ ბაიდენს, Council on Foreign Relation-ის (საგარეო ურთიერთობათა საბჭოს) მომოხილვის თანახმად, რუსეთ-ამერიკულ ურთიერთობებში მნიშვნელონ საკითხებზე მისი პოზიციები შემდეგია:

  • ნატოს გაფართოება. ბაიდენი ნატოს გაფართოების მხარდამჭერია და ასევე ემხრობა ორგანიზაციაში უკრაინისა და საქართველოს წევრობას. რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაკავებლად ის აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ჯარების განთავსების მომხრეცაა;
  • რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევა. ბაიდენი მხარს უჭერს „ამერიკულ დემოკრატიაზე რუსეთის თავდასხმასთან“ დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას. გამოძიებამ უნდა შეიმუშავოს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა შეაკავონ რუსეთი ამ მიმართულებით;
  • სანქციების პოლიტიკა. ბაიდენი მხარს უჭერს რუსეთის მიმართ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებულ სანქციებს და საჭიროების შემთხვევაში მის გაფართოებას. ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია ექნება ბაიდენს რუსეთის მიმართ სხვა სანქციების დაწესებასა თუ მოხსნაზე;
  • შეიარაღების კონტროლი. ბაიდენი მხარს უჭერს ახალი შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებს მოსკოვთან და New START ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივებას.

იმ შემთხვევაში, თუკი ჯოზეფ ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, რუსეთისადმი ხისტი მიდგომის შენარჩუნება მოსალოდნელია. განსაკუთრებით ეს შეეხება ამერიკის არჩევნებში ჩარევას; ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას. ამ მხრივ, როგორც ტრამპის, ისე ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის მიმართ ხისტ მიდგომას შეინარჩუნებენ.

თუმცა, რუსეთისადმი დემოკრატიული პარტიის თანამშრომლობითი საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით, მოსალოდნელია რუსეთთან სტრატეგიული დიალოგის დაწყება და ტრამპის რიგი გადაწყვეტილებების შეცვლა. ასევე, მოსალოდნელია სხვა საკითხებზე, მაგალითად, ირანის ბირთვული შეთანხმებისა და სირიის კონფლიქტის თემებზე – რუსეთთან თანამშრომლობა.

საქართველოს საფიქრალი

ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს გავლენა აქვს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზეც. თუმცა, აშშ-საქართველოს ურთიერთობების ისტორია აჩვენებს, რომ მიუხედავად ადმინისტრაციის ცვლილებისა, ქვეყნებს შორის ფუნდამენტურ სფეროებში ურთიერთობები კვლავ გაგრძელდება.

ავტორთა მეორე ჯგუფის პოზიციები საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის უფრო ხელსაყრელია. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომავალი ამერიკელი პრეზიდენტი თავდაპირველი წერილის ავტორების სულისკვეთებას გაიზიარებს და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას დაისახავს მიზნად, ამას საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე პირდაპირი უარყოფითი გავლენა სავარაუდოდ არ ექნება.

2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ საქართველომ დასავლეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები კიდევ უფრო გააღრმავა. 2009 წელს ამერიკის ჯერ კიდევ რესპუბლიკური პარტიის ადმინისტრაციის პირობებში ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც 2016 წელს, უკვე დემოკრატიული პარტიის პირობებში, კიდევ უფრო გაღრმავდა. აშშ კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს რეგიონების არააღიარების პოლიტიკას.

საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს ის, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს რუსეთი ნორმალიზაციის პოლიტიკის შემდეგ და რამდენად შეძლებს საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან ურთიერთობების ისე გაღრმავებას, რომ რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკური პრობლემების სამხედრო გზით გადაწყვეტა გამორიცხოს.

Back to top button