Placeholder canvas
ახალი ამბები

როგორ ერევა კრემლი საქართველოს არჩევნებში – რუსული არასამთავრობოს II ანგარიში

კრემლის კრიტიკოსის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა რუსულმა საგამოძიებო პროექტმა – ცენტრმა „დოსიემ“ მეორე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე მოგვითხრობს.  
 
საგამოძიებო პროექტის პირველ ანგარიშში, რომელიც 24 აგვისტოს გამოქვეყნდა, დოსიე რუსეთს პატრიოტთა ალიანსის  წინასაარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში ამხელდა.

დოსიეს გამოძიება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, კერძოდ კი უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსის, ვლადიმირ ჩერნოვის სამდივნოდან გამოჟონილ დოკუმენტებს ეფუძნება, მათ შორის სამუშაო დოკუმენტებს, ანალიტიკურ ანგარიშებს, ფინანსურ შეფასებებს, საარჩევნო სახელმძღვანელოებს და ოპერატიულ ანგარიშებს.

ახალი დოკუმენტები და პასუხები „ილორის საქმეზე


ახალი ანგარიშში მოთხრობილია პატრიოტთა ალიანსისთვის წინასწარ გაწერილ მითითებებზე, მათ შორის, როგორ ეპასუხათ აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებულ კრიტიკაზე, საარჩევნო კამპანიის სტრატეგიაზე, სამუშაო გეგმებზე, „აგიტატორის სახელმძღვანელოზე“ და ა.შ.

დოსიე ირწმუნება, რომ მოსკოვმა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებს, ირმა ინაშვილსა და გიორგი ლომიას, აფხაზეთის ვიზიტისთვის წინასწარ შეუდგინა თავის გასამართლებელი მიზეზები. ინაშვილი და ლომია 18 აგვისტოს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას ესტუმრნენ, რასაც აფხაზეთში ოპოზიციურ ჯგუფთა აღშფოთება და აფხაზეთის ლიდერ ასლან ბჟანიას თანაშემწის, ლაშა საქანიას გადადგომა მოჰყვა.

ჩერნოვის დეპარტამენტიდან მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, რუსებმა პატრიოტებს თავის გასამართლებლად შემდეგი არგუმენტები შესთავაზეს:

  • ვიზიტი საქველმოქმედო მიზნებით, ღვთისმშობლის ხატის გადასაცემად შედგა, თუმცა მათ ეს შესაძლებლობა ნათესავების მოსანახულებლადაც გამოიყენეს.
  • პატრიოტთა ალიანსის მიერ ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ ქართველების 70% „სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის აღდგენას“ ემხრობა. აქედან გამომდინარე, სოხუმთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება  და „სახალხო დიპლომატია” მოსახლეობის ნებას ასახავს.
  • რეალური მოღალატეები აფხაზეთთან „სახალხო დიპლომატიის“ იდეის მოწინააღმდეგეები არიან, რომლებიც ომისგან პირად სარგებელს იღებენ და იარაღითა და „ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეებით“ ვაჭრობის ხარჯზე მდიდრდებიან.
  • მორიგი ომის თავიდან ასარიდებლად პატრიოტთა ალიანსი საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის კონცეფციას გვთავაზობს, რაც კონსტიტუციურადაც უნდა იყოს გაწერილი.
  • ბოლო რვა წლის მანძილზე [ოკუპირებულ რეგიონებთან] მხოლოდ ოფიციალური არხებით კომუნიკაციამ შედეგი ვერ გამოიღო.

რჩევები საარჩევნო კამპანიისთვის და დაგეგმილი აქტივობები 

მოძიებული „აგიტატორის სახელმძღვანელოს“ მიხედვით, პატრიოტთა ალიანსი არჩევნებში შემდეგი მიზნებით მონაწილეობს:

  • ხელისუფლებას „არ ესმის ხალხის“, ხოლო პატრიოტთა ალიანსს შეუძლია ხალხის აზრი პოლიტიკური ლიდერების ყურებამდე მიიტანოს;
  • სამართლიანობის აღსადგენად პატრიოტთა ალიანსს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება სჭირდება;
  • პატრიოტთა ალიანსი არსებული ხელისუფლების რეალურ ალტერნატივას წარმოადგენს. პარტიის წევრებს ეროვნულ და მუნიციპალურ წარმომადგენლობით ორგანოებში მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნიათ.

გამოჟონილ დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ არსებული და წარსული სახელისუფლებო ძალებისგან განსხვავებით, რომლებიც უცხო ქვეყნების ინტერესებს უწევენ ანგარიშს, პატრიოტთა ალიანსმა უნდა დააფიქსიროს, რომ პირველ რიგში საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა არის აუცილებელი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კრემლი პატრიოტთა ალიანსს რამდენიმე კამპანიის ღონისძიების დაგეგმვაში ეხმარება:

  • აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე: განუსაზღვრელი დროით პარლამენტის შენობის პიკეტირება აჭარის მოსახლეობის მიერ, მათ შორის, ტურიზმსა და მომსახურების სფეროში დასაქმებულების, ბიზნესის მფლობელებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მობილიზებით. პიკეტირებას რომელიმე ადგილობრივი ძალა უნდა ხელმძღვანელობდეს, როგორიცაა, მაგალითად „მუსლიმი და ქრისტიანი ძმები საქართველოს ერთიანობის დასაცავად“.
  • საქველმოქმედო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც, ადგილობრივი ფონდებისა და ბიზნესმენების შემწეობით, ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან სასკოლო ნივთები გადაეცემათ. ღონისძიება განხორციელდება, თუკი ეს კანონით ნებადართული იქნება.
  • 8 სექტემბერი: კონფერენცია ჟურნალისტთა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
  • საზღვარგარეთ, მათ შორის რუსეთშიც, საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა. ინიციატივის მიზანია, რომ „ყველა ქართველმა”, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობა შეძლოს.
  • 28 აგვისტო, მარიამობა: ნებისმიერი ცნობილი მონასტრისთვის ხატის შეწირვა. ამასთან ერთად, ქართულმა ეკლესიამ მოსკოვში და საქართველოში მოღვაწე მღვდელმსახურებმა საჯაროდ უნდა გაცვალონ საჩუქრები. ამის შემდეგ  უნდა გაიმართოს პრესკონფერენცია მართლმადიდებლური ქრისტიანობის როლზე, რომელიც სასულიერო პირების მიერ პარტიის ლიდერების დალოცვით უნდა დასრულდეს.

დოსიეს თქმით, ჩამოთვლილ ღონისძიებათა მიზანია, ხაზი გაუსვას საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიისა და პატრიოტთა ალიანსის ლიდერების/ მთლიანად პარტიის ძირითად პოზიციებში თანხვედრას, მათ შორის, რუსეთთან და რუსებთან, როგორც „ერთმორწმუნე ძმებთან“, ურთიერთობების აღდგენისა და ტრადიციებისა და რელიგიური ღირებულებების შენარჩუნების საჭიროების შესახებ.

თავის მხრივ, ეს ღონისძიებები რელიგიური ამომრჩევლის გადმობირებას შეუწყობს ხელს, მათ შორის მათიც, ვინც წარსულში მმართველ პარტიას ან სხვა ოპოზიციურ ძალას უჭერდა მხარს.

უკმაყოფილო კონსულტანტები და ცნობადი სახეების მობილიზება

დოსიეს თანახმად, პატრიოტთა ალიანსის თანამშრომლებსა და POLITSECRETS-ის ვერა ბლაშენკოვას შორის გასაჯაროებულ მიმოწერაში ჩანს, რომ რუსი პოლიტიკური კონსულტანტები უკმაყოფილო არიან პარტიის არასაკმარისი მუშაობითა და ძალისხმევით. ბლაშენკოვას თქმით, პარტია ასეთი ტემპით ამომრჩეველთა 10%-საც ვერ მოიპოვებს, ხოლო მათი ამჟამინდელი რეიტინგი 5%-საც ძლივს აღწევს.

პატრიოტთა ალიანსი „ონლაინ” ღონისძიებებსაც გეგმავს. ციფრული კამპანიის მიზანი ახალგაზრდა ბლოგერების მოზიდვაა, რომლებიც პარტიის შეხვედრებს გააშუქებენ. გარდა ამისა, იგეგმება პატრიოტული სიმღერების კონკურსის ორგანიზება, ასევე ონლაინფლეშმობი, რომელშიც ცნობადი სახეები პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერას საჯაროდ გამოხატავენ. ცნობად სახეებს შორის არიან:

  • ზურაბ მჟავია, კომპოზიტორი
  • ჯემალ სეფიაშვილი, კომპოზიტორი
  • თემურ თათარაშვილი, მომღერალი
  • ირმა ნიორაძე, ბალერინა
  • ნინო სალუქვაძე, ქართველი მიზანში მსროლელი და სამგზის ოლიმპიური მედალოსანი
  • დავით ოქიტაშვილი, კულტურის პალატის ყოფილი თავმჯდომარე
  • ნანა დევდარიანი, ყოფილი სახალხო დამცველი
  • ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე

გასაჯაროებული მიმოწერის მიხედვით, რუსმა კონსულტანტებმა პატრიოტთა ალიანსისგან ქართველი ამომრჩევლების მონაცემებიც მოითხოვეს. მოთხოვნილ მონაცემებში შედის ამომრჩეველთა მისამართები და მათ სახლებში არსებული სადარბაზოებისა და სართულების რაოდენობა. როგორც მიმოწერიდან ირკვევა, პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები ვერ მიხვდნენ სადარბაზოებისა და სართულების რაოდენობის მოთხოვნის მიზანს, თუმცა მონაცემთა გადაცემას მაინც დათანხმდნენ.

რეაქციები „დოსიეს“ წინა ანგარიშზე

საგამოძიებო ცენტრის პირველმა ანგარიშმა, რომელიც 24 აგვისტოს გამოქვეყნდა, ქართულ ოპოზიციაში აღშფოთება გამოიწვია. ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ 25 აგვისტოს პროკურატურას მიმართა გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

თუმცა, როგორც ხოშტარიამ მოგვიანებით, 31 აგვისტოს, განაცხადა, მან პროკურატურისგან გამოძიების დაწყებაზე უარი მიიღო. თუმცა, ხოშტარიას თქმით, საქმე აუდიტის სამსახურს გადაეცა.

თავად ირმა ინაშვილმა ბრალდებები უარყო და დოსიეს თავდაპირველ ანგარიშს „აბსურდული“ უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button