ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე – 24 ივლისი

🇨🇾🇹🇷🇬🇷🇫🇷 სანქციებით ემუქრება საფრანგეთი თურქეთს. საქმე კვიპროსის წილ ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ ტერიტორიებს ეხება, სადაც თურქეთი ნავთობმომპოვებელ ბურღვას გეგმავს. საფრანგეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს კვიპროსსა და საბერძნეთს. თუ საჭირო გახდა სანქციებსაც არ მოვერიდებითო – ანუგეშა საფრანგეთის პრეზიდენტმა კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისს გუშინ პარიზში გამართულ შეხვედრაზე. შემთხვევითი არაა, რომ საფრანგეთისა და კვიპროსის ლიდერებმა ბრიუსელის სამიტზე 4 დღე და ღამე ერთად გაატარეს. როგორც ჩანს, ბატონ ნიკოს დრო უქმად არ დაუკარგავს. თურქეთის გარეშე საქმეთა მინისტრს კი განუცხადებია, სანქციების მუქარა არ გაჭრისო.

🇪🇺 ბრიუსელისკენ გავსწიოთ. ვაგლახ, რომ ევროპარლამენტი სწუნობს ევროპულ საბჭოზე მიღებულ კორონა-ფონდებსა და ბიუჯეტზე რის ვაივაგლახით მიღწეულ შეთანხმებებს. როგორც გუშინ მოგიყევით, ევროპელი პარლამენტარები უკმაყოფილონი არიან, რომ ჯანდაცვის სფეროზე მეტი თანხა არ გაიმეტეს ფულის გადანაწილებისას. ჩვენს მითითებებს თუ არ გაითვალისწინებთ, შეთანხმებას ჩავშლითო – შეუთვალეს გაჯიუტებულმა ევროპარლამენტარებმა აღმასრულებელთ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ რეზოლუციაში.

🇳🇱 ჰააგისაკენ გავუყვეთ გზას. ორ ცეცხლს შუაა ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტტე, მის აზრებს ბოლომდე არც აქეთ იღებენ, არც – იქით. აქეთ ევროპელი კოლეგები შემოსწყრომიან ხოლმომჭირნეობაზედ, სოლიდარობას არ იჩენ და ჩვენი სამხრეთელი მეზობლების ბედი არად გადარდებსო. სახლში დაბრუნებულს კი თავისიანებმა უსაყვედურეს, კარგად არ დაიცავი ჩვენი ინტერესები და რატომ უფრო ხელმომჭირნე არ იყავიო. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ჰოლანდიის მოსახლეობის 61% მხარს არ უჭერს კორონა დახმარების გეგმას. იტალიის პენსიებთან ჩვენ რა ხელი გვაქვსო, – კითხულობენ ჰოლანდიელები.

🇸🇰 ცენტრალური ევროპისაკენ გადმოვინაცვლოთ. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი იგორ მატოვიჩი უნდობლობის ვოტუმს გადაურჩა. პრემიერისადმი უნდობლობის გამოცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ერთ-ერთმა გაზეთმა დაწერა, ბატონმა მატოვიჩმა 1990-იან წლებში მთელი თავისი სადიპლომო ნაშრომი მოიპარაო. სლოვაკეთის 150 კაციან პარლამენტში პლაგიატობაში ბრალდებული მატოვიჩის საქმეზე 125 დეპუტატი გამოცხადდა, რომელთაგანაც პრემიერს უნდობლობა მხოლოდ 47-მა გამოუცხადა.

🇸🇰 მატოვიჩის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში თებერვალში გაიმარჯვა. მის ცენტრისტულ-მემარჯვენე „ჩვეულებრივი ხალხის“ პარტიას სამთავრობო კოალიცია აქვს შეკრული ბიზნესისადმი კეთილგანწყობილ „თავისუფლებისა და სოლიდარობის პარტიასთან“, კონსერვატიულ პარტიასთან „ხალხისთვის“ და მემარჯვენე პოპულისტთა პარტიასთან სახელად „ჩვენ ვართ ოჯახი“.

მსგავსი/Related

Back to top button