ახალი ამბები

საქართველომ გაეროში ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიში წარადგინა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ 13 ივლისს მდგრადი განვითარების შესახებ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმზე (HLPF), 2030 წლისთვის დასახული მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელების თაობაზე საქართველოს ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) ამსახველი ანგარიში წარადგინა.

ანგარიში საქართველოში სამ პრიორიტეტულ მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას. ესენია: ეკონომიკური ზრდა; ადამიანური კაპიტალის განვითარება და სოციალური კეთილდღეობა და დემოკრატიული მმართველობა. დოკუმენტი 2016 წელს გამოქვეყნებულ პირველ ანგარიშს ეფუძნება. ხაზი გაესვა მიდგომის – „არავინ დარჩეს განვითარების მიღმა“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რაც ახალგაზრდებში ინვესტირებას, დეცენტრალიზებულ განვითარებას, ასევე მწვანე ენერგიის წარმოებასა და მოხმარებას გულისხმობს.

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას უსაფრთხოების ნაკლებობა, კერძოდ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია აფერხებს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მძიმე ჰუმანიტარულ პრობლემებს უქმნის.

ანგარიშის თანახმად, ბოლო 10 წელიწადში რეალური მშპ-ის ზრდისა და სიღარიბის შემცირების მიუხედავად, ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობის პრობლემა კვლავ დგას და ქვეყნის მოსახლეობის 20-21%-ის სიღარიბეში აისახება.

დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ „საქართველო ადამიანურ კაპიტალს მდგრადი განვითარების მიღწევისა და მთელი საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესების მთავარ ფაქტორად მიიჩნევს“. ანგარიშის თანახმად, „განათლება ქვეყნის განვითარების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“.

დოკუმენტის თანახმად, განათლების ხარისხი და მისი შეუსაბამობა შრომის ბაზართან საქართველოს განათლების სისტემის პრობლემად რჩება.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ახალგაზრდების სუსტი მონაწილეობა და ახალგაზრდობის უმუშევრობის მაღალი დონე ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ის აღნიშნავს, რომ იმ ახალგაზრდების (15-24 წლის ასაკის) პროცენტულობა, რომლებიც არც სწავლობენ, არც დასაქმებულები არიან ან არც რაიმე მომზადებას გადიან, 2014 წელს 27.9%, ხოლო 2018 წელს – 26.9% იყო.

დასაქმების და შრომის უფლებებზე საუბრისას, ანგარიში აღნიშნავს, რომ 2019 წელს სამუშაო ადგილზე ფატალური შემთხვევების ყოველწლიური რაოდენობა 24%-ით შემცირდა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიზანია, რომ საზოგადოებაში თანასწორობას მიაღწიოს ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და მრავალფეროვნებისა და პლურალიზმის პრინციპების საფუძველზე საზოგადოების ხელშეწყობის გზით.

ანგარიში აღნიშნავს, რომ მთავრობას სურს, რომ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ახალმიღებული პოლიტიკის დოკუმენტი განახორციელოს, რომლის მიზანიცაა სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლა, ცნობიერების ამაღლება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ, ასევე ლგბტქი+ თემის საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების უზრუნველყოფა.

დასასრულს დოკუმენტში ნათქვამია, რომ რეფორმების დღის წესრიგის განხორციელება მხოლოდ მშვიდობისა და სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი. ანგარიშის თანახმად, მაშინ როდესაც ხელისუფლება მშვიდობიან გზას ეძებს, რათა დაასრულოს რუსული ოკუპაცია, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს, გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად, უფრო ძლიერი საერთაშორისო ჩართულობაა საჭირო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button