skip to content
ფილოსოფოსის რვეული

სიზიფე, ამბოხი და სიცოცხლისათვის ბრძოლა

ფილოსოფიური თვალით

ავტორი: გიომ ერნერი, სოციოლოგი, რადიო “ფრანს კულტურის” რედაქტორი და არარაციონალური ქცევის სოციოლოგიის შესახებ რამდენიმე ნაშრომის ავტორია.


„უნდა შეგვეძლოს სიზიფე ბედნიერად წარმოვიდგინოთ“ – ეს ფრაზა იაპონელმა მოაზროვნემ კუკი შუზომ წარმოთქვა, სანამ მას ფრანგი ალბერ კამიუ ევროპული საზოგადოებისათვის უკვდავყოფდა. ოღონდაც, კმაყოფილი სიზიფე მართლაც რთული წარმოსადგენია.

ვინაა ეს კაცი? ჰომეროსის პოემების თანახმად, სიზიფე კაცთა შორის მოხერხებულებით გამორჩეულია, უცდომელი ნაოსანია, დიდი კომერსანტი, რომელიც ყოყმანის გარეშე ეურჩება ზევსს და მდინარის ღვთაება აზოპოსს მიასწავლის, თუ სად გადამალა ზევსმა მისი მოტაცებული ქალიშვილი, ეგინეა.

რისხვით შეპყრობილი ზევსი თანატოსს სიზიფეს მოკვლას უბრძანებს, ოღონდაც სიზიფე იმდენად მოხერხებულია, რომ სიკვდილის მეუფის შებოჭვას მოახერხებს. სწორედ ორგზის წარმატებული ურჩობით აღშფოთებულმა ზევსმა მოუძებნა სიზიფეს საუკუნო სასჯელი – მთის ფერდობზე აღმა აგოროს ლოდი, რომელიც მწვერვალის მიღწევისთანავე უკან დაგორდება. და ასე, დაუსრულებლად.

ზოგი ამბობს, სიზიფეს მითი ბუნების მუდმივ და ციკლურ ცვალებადობას აღწერს – მზის ჩასვლა-ამოსვლას, ზღვის მიქცევ-მოქცევას. სხვათა აზრით, სიზიფე ადამიანური მოდგმის უბედურების, მისი ყოფის აბსურდულობის ალეგორიაა. სწორედ ამგვარად ხედავდე სიზიფეს კამიუც. ოღონდაც მისთივის მითიური პერსონაჟი უპირველეს ყოვლისა მებრძოლია: სიზიფე უარს ამბობს დანებდეს იმედგაცრუებას, რადგანაც ყოველ ჯერზე ლოდის თავქვე დაგორების შემდეგ, ის თავისი ნებით ირჩევს, განაგრძოს ლოდის აღმა გორება. ამით სიზიფე მისი ვითარების აბსურდულობისდა მიუხედავად – ირჩევს სიცოცხლეს.

კამიუს თვალით ამ კუთხიდან დანახული სიზიფე ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ფილოსოფიურ პრობლემას – თვითმკვლელობის საკითხს ასურათებს. სიცოცხლე ადვილი საქმე არააო, წერდა კამიუ, ის ხშირად აბსურდული ქცევების გამეორებას გულისხმობს, ყოველდღიურად და განსხვავებულ მიზეზთა გამო. ამ მიზესთაგან უმთავრესი უბრალოდ ჩვევაა. არ არსებობს უსარგებლო და აბსურდულ სამუშაოზე უფრო დიდი სასჯელი: რა უნდა იყოს უფრო მოსაბეზრებელი, ვიდრე აზრს ყოვლად მოკლებული, უსასრულო საქმე. ოღონდაც, სწორედ ასეთი საქმიანობა აძლევს აზრს სიზიფეს პერსონაჟს, სწორედ ამის კეთებით ეურჩება იგი ღმერთების თავკაცს და განუხრელად ირჩევს სიცოცხლეს.

ბრძოლაა სიზიფეს ცხოვრების აზრი. ეს მითი ტრაგიკული იმიტომაა, რომ მისი გმირი აცნობიერებს სასჯელის არსს, იცის, რომ მისი ხვედრი ზევსის კაპრიზული სასჯელის საუკუნო აღსრულებაა.

ამიტომაც წერს კამიუ: „სიზიფე, ღმერთების ეს პროლეტარი, ერთსა და იმავე დროს სასოწარკვეთილიც და ამბოხებულიც, მშვენივრად ისიგრძეგანებს თავისი უბედური ყოფის არსს. სწორედ ამაზე ფიქრობს ის ალბათ მთიდან დაშვებისას, ოღონდაც, სწორედ თავისი ყოფის აბსურდულობის გაცნობიერება, რაც მისთვის სატანჯველს უნდა წარმოადგენდეს, ამავე დროს, მისი გამარჯვებაცაა. სწორედ ამბოხის გამო აქვს სიზიფეს ცხოვრებას აზრი, რადგანაც მხოლოდ რაციონალური განსჯით შეუძლებელი იქნებოდა მისი ყოფის აბსურდულობისათვის მნიშვნელობის მინიჭება“. 

სასიამოვნო დღეს გისურვებთ – თუნდაც იმიტომ, რომ თქვენ არ გხვდათ წილად სიზიფეს წყევლა… თუ?!

ფრანგულიდან თარგმნა ჯაბა დევდარიანმა

პირველწყარო
Sisyphe ou le sens de l'absurde
Back to top button