ახალი ამბები

არასამთავრობოები სოფო კილაძის საკითხზე გერმანიის ელჩის პოზიციას ეხმაურებიან

Tags

45 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია 29 ივნისს გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშს გამოეხმაურა, რომელმაც უფლებადამცველი ორგანიზაციები გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში სოფო კილაძის კანდიდატურის შესახებ გაგზავნილი წერილისათვის გააკრიტიკა.

ორგანიზაციების თქმით, მათ აკვირვებთ ელჩის შეფასება, „როცა ის სამოქალაქო სექტორის დასაბუთებულ კრიტიკას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს“.

„მსგავსი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეუფერხებელ მუშაობას“, – ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ერთი კვირის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატად სოფიო კილაძის წარდგენაზე გააკრიტიკეს. ამის მიზეზად ორგანიზაციებმა ბავშვის უფლებათა სფეროში კილაძის გამოუცდელობა და შერჩევის გაუმჭირვალე პროცედურები დაასახელეს.

25 ივნისს, გერმანიის საელჩომ დაწერა, რომ ელჩი შეშფოთებას გამოხატავს უფლებადამცველი ორგანიზაციების წერილის გამო. ჰუბერტ ქნირშმა ორგანიზაციები კილაძეზე „პირადი ხასიათის თავდასხმების“ გამო გაკიცხა, და თქვა, რომ მსგავსი თავდასხმები ქვეყანაში „უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს“ ფონზე „სამწუხაროა“.

ელჩის პასუხად, ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ სოფო კილაძის შერჩევის პროცესს გამჭირვალობა აკლდა, ხოლო თავად კანდიდატს „გაეროს ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე“ მუშაობისთვის საკმარისი კვალიფიკაცია არ გააჩნია.

„უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა გაეროს კომიტეტებში. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებოდით სახელმწიფოს პირველი მხარდამჭერები ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესში, თუკი ეს მოხდებოდა ღიად, გამჭვირვალედ, პროცედურებისა და გაეროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების სრული დაცვით“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button