skip to content
ევროპამათი თვალით

პანდემია დიდ ქალაქში

როგორ შეცვალა დაავადებებმა ქალაქების სახე

ნიუ-იორკში ამ დღეებში დილა არის ისე ჩუმი, თურმე ჩიტებს გაიგონებს მოდარაჯე კაცის ყური – თუკი გარიჟრაჟის სიმშვიდე სასწრაფო დახმარების სირენამ არ გაჰკვეთა. ქალაქი შეიცვალა – მანქანების ადგილას ფეხით მოსიარულეები დადიან. ფართო გამზირებზე, ერთმანეთისაგან შორიშორს მოძრავ ქვეითებს შეუძლიათ კარგად მიმოიხედონ და, ვინძლო, ისეთი რამეც შეამჩნიონ ქალაქის არქიტექტურაში, რაც აქამდე მხედველობიდან ეპარებოდათ. არქიტექტურის ისტორიკოსი ბეატრის კოლომინა (Beatriz Colomina) ამბობს, ამ დღეებში ნიუ იორკის ქუჩებში ხეტიალს არაფერი მირჩევნიაო.

მართლაც, ნიუ იორკში არქიტექტურის მრავალი ისეთი ნიმუშია, ისტორიკოსის და გინდაც უბრალო ესთეტი გამვლელის თვალს რომ გაახარებს. თუმცაღა, ქალაქის არქიტექტურა წინა ეპიდემიების აწ უკვე შეხორცებულ ჭრილობებსაც მრავლად ატარებს. ამ ეპიდემიებიდან ბევრი კოვიდ-19-ზე ბევრად უფრო სასიკვდილო იყო. ქვემო ვესტ-საიდის შენობებიდან დაწყებული, ცენტრალური პარკითა თუ მეტროს სისტემით დამთავრებული, ნიუ იორკის არქიტექტურული ქსოვილი ამ ეპიდემიებმა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობებმაც მოქარგა.

ნიუ იორკის მეტროს ამოცანა მანჰეტენის განტვირთვა და მოსახლეობის სიმჭირდროვის შემცირება იყო. ფოტო: Photo by Adi Goldstein on Unsplash

ადრეული მე-20 საუკუნის ერთი მიმომხილველი ნიუ-იორკს „მოსიარულე სიკვდილის ქალაქს“ უძახდა და იმ ხანებში ამგვარი შეფასება მარტო ამ მეტროპოლისს როდი შეშვენოდა. ეპიდემიებმა: შავმა ჭირმა, ქოლერამ თუ ტუბერკულოზმა ლონდონი თუ მილანი იავარქმნა და მათი არქიტექტურაც ჩამოქნა, შეცვალა. ქალაქურ გარემოში ეპიდემიების გავრცელების ისტორიას თუ გადავხედავთ, შეგვეძლება უკეთ ვიმსჯელოთ, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია კოვიდ-19-ს ქალაქებზე. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პანდემიის შედეგები ხშირად წარმავალია და ხშირად იმაზე ხანმოკლეც, ვიდრე ახლა წარმოგვიდგენია.

დაახლოებით მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, ქალაქებში სიკვდილიანობა ქალაქგარეთისას იმდენად აღემატებოდა, უწყვეტი იმიგრაცია რომ არა, ბევრი ქალაქი ალბათ საერთოდ დაიცლებოდა. 1847 წელს, შოტლანდიელ ექიმ ჰექტორ გევინის (Hector Gavin) შეფასებით, ლონდონში გადმოსახლება ადამიანს სიცოცხლის საშუალოდ რვა წლით შემცირებად უჯდებოდა, ინდუსტრიულ ლივერპულში კი – 19 წლად. თავად ექიმი ამბობდა, ჩემი შეფასება ცოტათი მოკრძალებულიაო…

გევინი ამას იმით ხსნიდა, რომ ქალაქში ცუდი ჰაერიაო. ამაში ის ნახშირის და შეშის ღუმელებით გამოწვეულ სმოგს არ გულისხმობდა, რომელიც სქელი საბანივით ეფარა ქალაქებს. „სასიკვდილო საწამლავი გაზი როდიაო“, წერდა გევინი, „არამედ ორგანული ნაწილაკების ღრუბელი, რომელიც მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდისო“. ამ აღწერით ექიმი საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებულ რწმენას იმეორებდა, რომლის თანახმადაც, „ცუდი ჰაერი“ ეგრეთ წოდებული „მიაზმებით“ იყო სავსე, რომელიც სასიკვდილო შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს თეორია შუა საუკუნეებიდან მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე ძალუმ გავლენას ახდენდა საერო მეცნიერებაზე, მანამ, სანამ ის ბაქტერიების მეცნიერულად დასაბუთებულმა თეორიამ არ ჩაანაცვლა. სწორედ ამ მიზეზით ითვლებოდა ქალაქები, თავიანთი ვიწრო ქუჩაბანდებით, კანალიზაციის ბინძური არხებითა და ტვირთმზიდავი ცხოველებისაგან დატოვებული ნაკელით ბევრად უფრო არაჯანსაღად ითვლებოდა, ვიდრე – სოფელი.

მიაზმებისაგან ქალაქის განიავება საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმთავრეს ამოცანად იქცა. შავი ჭირის ეპიდემიებისას, რომლებიც ევროპას პერიოდულად ატყდებოდა თავს XIV-XVIII საუკუნებში, ქალაქის მესვეურებმა ნაგვის შეგროვება და კოცონებზე დაწვა, ზოგჯერ კი – აქაოდა მიაზმების განსადევნად – ზარბაზნების სროლაც კი დაიწყეს. ზღუდით შემოსალტული ქალაქები ეპიდემიებისას ჭიშკარში შემომავალ მოგზაურებს აჩერებდნენ და მათ ხელთ არსებულ ყოველ ქსოვილს წვავდნენ, რადგანაც ითვლებოდა, რომ მიაზმები ქსოვილზე რჩებოდა. შავი ჭირით დაავადებულებს საკუთარ სახლებში გამოკეტავდნენ, სწორედ იმიტომ, რომ მათი მიაზმები არ გავრცელებულიყო. ყოველი შემთხვევისათვის – და სხვათა გასაფრთხილებლად – ამგვარ სახლებს ჯვარსაც დაუსვამდნენ ხოლმე კარზე.

ზოგან უფრო შორსაც წავიდნენ. XV საუკუნეში იტალიის ქალაქებში „ლაზარეთები“ (lazzaretti) გაჩნდა: ეს ჭირით დაავადებულთა თავშესაფრები იყო და მათი კარანტინისათვის გამოიყენებოდა. მილანის ლაზარეთი 16 ათას კაცს იტევდა. სნეულები ერთად, ვიწრო ოთახებში იყვნენ შეყრილი, რომლებსაც უზარმაზარი საკვამურები ჰქონდა დატანებული, რათა მიაზმები განიავებულიყო. საცხოვრებელი პირობები აქ იმდენად საზარელი იყო, რომ თვითმხილველთა ცნობით, 1629 წელს აქ შესამოწმებლად შესულმა ქალაქის მთავარმა ექიმმა თურმე გონი დაკარგა და ძლივს მოასულიერეს. შენობა მე-19 საუკუნეში დაანგრიეს, მაგრამ მასთან არსებული ეკლესია დღესაც დგას, ხოლო ქალაქის გეგმაზე უზარმაზარი ლაზარეთის მოხაზულობას კვლავაც ამოიცნობთ.

მილანის მაგალითს ყველამ როდი მიბაძა. 1660 წელს ინგლისის ლორდთა პალატამ არ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ეკლესიებს ავალდებულებდა შავი ჭირით სნეულთათვის თავშესაფრების აეგო. ლორდებმა თავიანთი სასახლეების ხედის ლაზარეთებით წაბილწვა და საკუთარ მიწებზე სნეულების მიღება არ ისურვეს. სამაგიეროდ, შავმა ჭირმა სახლების ხარისხი გააუმჯობესა: 1652 წელს აგურის მწყობელთა ამქარი ხალხს მოუწოდებდა ხის სახლები აგურის სახლებით ჩაენაცვლებინათ. ბუნებრივია, ამაში მათი კერძო ინტერესიც აშკარა იყო, თუმცა ზოგადად ითვლებოდა, რომ ხის სახლების ქუჩებზე გადმოშვერილი აივნები ჰაერის მოძრაობას აფერხებდა და ამდენად მიაზმების გავრცელებასა და დაგროვებას უწყობდა ხელს. ამქარი იმასაც ამბობდა – და დღევანდელი ინჟინრები თუ ექიმებიც დაეთანხმებიან – რომ აგურის სახლებში ნაკლები ვირთხა ბუდობს და ამდენად უფრო ჯანსაღიაო.

დადგა მე-19 საუკუნე და ევროპის ქალაქები აზიაში უკვე კარგად ნაცნობ დაავადებას, ქოლერას შეეტაკნენ. ქალაქის მესვეურებმა შავი ჭირისას გამოცდილი მეთოდები მოიხმეს – ქუჩები ნაგვისაგან დაასუფთავეს და ხალხი ლაზარეთებში შეყარეს. თუმცაღა, მალე საკუთარ ტყავზე იგრძნეს, რომ სხვა დრო დამდგარიყო – ამგვარ ზომებს ჯანყი მოჰყვა, მათ შორის, პარიზშიც. 1831 წელს აღშფოთებული ბრბო სანკტ-პეტერბურგის ჰოსპიტალში შეიჭრა. ექიმები მოკლეს და კარანტინში ძალით მიყვანილი მოქალაქეები გაათავისუფლეს. ისტორიკოსი სერ რიჩარდ ევანსი (Sir Richard Evans), რომელიც ამ აჯანყებებს სწავლობს, გვეუბნება, რომ ძალადობრივი რეაქციის სისწრაფემ და ქაოტურობამ ძალაუფლების მქონენი იმდენად დააფრთხო, რომ ამიერიდან ხალხის ლაზარეთებში ძალით შერეკვა აღარავის უცდია. მიდგომა შეიცვალა. ქალაქის მესვეურებმა გადაწყვიტეს საკუთარი მეტროპოლისები სტრუქტურულად გაეჯანსაღებინათ.

1834 წელს საფრანგეთში ოფიციალური ანგარიში გამოქვეყნდა. მისმა ავტორებმა ქოლერის ეპიდემიის გავრცელება და მისი შედეგები შეისწავლეს და მონაცემებზე დაყრნობით ასაბუთებდნენ, რომ ღარიბი მოქალაქეები ბევრად უფრო დაზარალდნენ. ანგარიშში მათ დაასკვნეს, რომ ამის მიზეზი – ნაწილობრივ მაინც – ამ ადამიანების საცხოვრებელი გარემო იყო: პარიზის ვიწრო ქუჩები და ხეივნები სნეულების გავრცელების ხელშემწყობად ჩაითვალა. დაავადება რომ არ დაბრუნდეს, ქუჩები უნდა გაფართოვდეს და მეტი ფართო მოედანი შეიქმნასო, ასკვნიდნენ ავტორები: „ამგვარად სინათლე და სასიცოცხლო ძალა გავრცელდება ამ ჩაბნელებულ უბნებში, სადაც მოსახლეობის ნახევარი მაინც ბინდ-ბუნდშია საცოდავად ჩაფლული, სადაც სიბინძურეა ყველგან, ხოლო ჰაერი მიაზმებითაა სავსე.” პარიზში, საფრანგეთის მეორე იმპერიის დროს ფართო გამზირების გაყვანის ერთ-ერთი ამოცანა – იმპერიული დიდებულების ჩვენებასა და მოსახლეობაზე საპოლიციო კონტროლის გაადვილებასთან ერთად – დაავადების კონტროლის გაუმჯობესებაც იყო.

ევროპასა და ამერიკაშიც საკანალიზაციო ქსელები გავრცელდა, აჩუხჩუხდა სასმელი წყლის ფანტანებიც. დიდი, სახალხო პარკები მოდაში შემოვიდა – მათ მხოლოდ იმიტომ კი არ აშენებდნენ, რომ ქალაქს ალამაზებდა, არამედ იმიტომაც, რომ მწვანე სივრცე ჰაერისა და წყლის გაწმენდის საშუალებადაც ითვლებოდა. 1858 წელს ნიუ იორკში ცენტრალური პარკის გაშენების უფლება ფრედრიკ ლო ოლმსტედმა (Frederick Law Olmsted) და კალვერ ვომ (Calvert Vaux) მოიგეს. დღევანდელი პარკის ადგილას მაშინ დაჭაობებული მიწა იყო. სამუშაოების წარმოებისათვის გამარჯვებულებმა ჯორჯ უორინგს (George Waring) მიმართეს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების დრენაჟის სპეციალისტი იყო და მიაზმების თეორიისაც მყარად სწამდა. უორინგმა ჭაობის შესავსებად უზარმაზარი რაოდენობით მოზიდა მიწა, მის ქვემოთ კი მილების უზარმაზარი ქსელი გაიყვანა, რომელიც წვიმის წყლის სწრაფ დაწრეტას დღესაც უზრუნველყოფს.

ოლმსტედის იდეალი მხოლოდ ის კი არ იყო, რომ ქალაქელებს პარკებში გასეირნება შესძლებოდათ. ის მიიჩნევდა, რომ ქალაქელების საცხოვრისიც უფრო უნდა დამსგავსებოდა სოფელს. „საყოველთაოდაა აღიარებული“, წერდა ის ჩიკაგოს მიწათმფლობელებს 1868 წელს, „რომ მკაცრად საქალაქო ტიპის განაშენიანება სხეულსაც ვნებს და გონსაც“. ოლმსტედის აზრით, საქალაქო გარეუბნების სიმჭიდროვე უნდა შემცირებულიყო, სიმწვანე, იზოლირებული საოჯახო სახლები და ხეებით შემოკავებული გზები სნეულებისაგან უკეთ დაიცავდნენ მაცხოვრებლებს.

იმავე დასკვნამდე სხვებიც მივიდნენ – XIX საუკუნეში ურბანული რეფორმის ამერიკელი მიმდევრების გულისწყრომას მჭიდროდ დასახლებული კორპუსები იწვევდა. ისინი ქოლერისა და ტუბერკულოზის ბუდედ ითვლებოდა – დაავადებისა, რომლის ბაქტერიული გამომწვევსაც უკვე 1880-იანი წლებიდან მიაკვლიეს. ნიუ-იორკის თავებმა იმით დაიწყეს, რომ კორპუსებში ფართო სავენტილაციო შახტები სავალდებულო გახადეს. ახალი წესებით შენობების წინა და უკანა ფასადები ფართო უნდა ყოფილიყო, შიდა წელი კი უფრო ვიწრო და ვენტილირებული. 1901 წლისათვის დიდ კორპუსებში სავალდებულო გახდა შიდა ეზოების დატანება. მოსახლეების რაოდენობა – და, შესაბამისად, საკუთარი შემოსავალი – რომ არ შეემცირებინათ, ბინათმფლობელებმა უფრო მაღალი სახლების მშენებლობა დაიწყეს. ეს განსაკუთრებით გზაჯვარედინებზე გამომავალ შენობებს შეეხო. მანჰეტენის ძველ უბნებში ამგვარ დაგეგმარებას დღესაც მშვენივრად დაინახავთ.

ყოველივე ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 1908 წელს ნიუ იორკის მუზეუმებში „სიმჭირდროვის შოუ“ გამოჩნდა, რომლის ამოცანაც ქალაქის მესვეურების იმაში დარწმუნება იყო, რომ ბინადრობის მაღალი სიმჭიდროვე ტუბერკულოზის გავრცელებას ხელს უწყობდა. შტატის გუბერნატორზე ამან შთაბეჭდილება მოახდინა. დაიგეგმა მეტროს ქსელის მშენებლობა. ათი წლის შემდეგ ნიუ იორკს უკვე ჰქონდა ზონალური განაშენიანების გეგმა. ქალაქის თავების ამოცანა იყო, ბრუკლინისა და ქვინსის სწრაფად მზარდი უბნები არასოდეს დამსგავსებოდა მანჰეტენის „ჭიანჭველების ბუდეს“.

ტუბერკულოზმა ევროპაშიც დიდი, თუმცა უფრო არაპირდაპირი გავლენა მოახდინა მშენებლობაზე. არქიტექტორები ცდილობდნენ ტუბერკულოზთან საბრძოლველად შექმნილი „სანატორიუმების“ არქიტექტურული გადაწყვეტილებები შემოეტანათ ქალაქის სახლებში – თეთრი კედლები, ფანჯრები იატაკიდან ჭერამდე, სინათლის მაქსიმალურად შემოსაშვებად – ეს ყველაფერი შვეიცარიული დავოსის სანატორიუმების ესთეტიკას მოგაგონებდათ. სწორედ სინათლე ითვლებოდა ბაცილების მტრად. შენობების სახურავები ბრტყელი გახდა – რათა დაცურებული ყინული გამვლელებს არ დასცემოდა. თეთრი საღებავი, შუშის კედლები, ბრტყელი სახურავი – ევროპული მოდერნისტული არქიტექტურის სახასიათო ელემენტებად იქცა.

Farnsworth House in Plano, Illinois
ფარნვორს ჰაუსი, ილინოისი. ლუდვიგ მიესის “სტერილური” შედევრი. ფოტო: ფარნვორს ჰაუსი.

ფინელმა არქიტექტორმა ალვარ აალტომ (Alvar Aalto) სახელი სწორედ პაიმიოში აშენებული სანატორიუმით გაითქვა, შემდეგ კი ბიბლიოთეკები, ეკლესიები და საცხოვრებელი სახლებიც შექმნა. ლე კორბუზიემ და ლუდვიგ მიეს ვან დერ როჰემაც სანატორიუმის ესთეტიკა ისესხეს. მიესის ერთ-ერთი კლასიკური ნამუშევარი ფარნსვორს ჰაუსია ილინოისში. მისი ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით, „სახლი რენტგენის სურათივით გამჭვირვალეა… ქალაქში ხმები დადის, ტუბერკულოზის სანატორიუმიაო“. ჰოდა, თუკი მოდერნისტულ არქიტექტურაზე გაიგონებთ „სტერილურიაო“, იცოდეთ, რომ ეს სულაც არაა შემთხვევითი შედარება…

კოვიდის შემდეგ?

ბევრი ამბობს, კოვიდ-19 ქალაქებს შეცვლისო. ველოსიპედის მოყვარულები მოითხოვენ, მანქანებისათვის გზების ნაწილს ნუღარ გავხსნითო. ჯოელ კოტკინი (Joel Kotkin), კალიფორნიის ჩეპმენის უნივერსიტეტის ურბანისტი ამბობს, კორონავირუსი „მეგა-ქალაქების“ ერას დაასრულებს და ნიუ იორკის მაგვარ ქალაქებში ცხოვრება აღარავის ენდომებაო – მათ შორის ეპიდემიების შიშითაც.

თუმცა ისტორიული გამოცდილება სწორედ დიდი ქალაქების სიცოცხლისუნარიანობას მოწმობს. შავი ჭირისა და ქოლერის სასიკვდილო ეპიდემიებმა ლონდონისა თუ პარიზის ზრდა სულაც ვერ შეაფერხა. ტორონტოს უნივერსიტეტის ურბანისტი რიჩარდ ფლორიდა (Richard Florida), გვეუბნება, რომ 1918-19 წლების „ესპანური გრიპის“ პანდემიამ ვერ მოახერხა ჩიკაგოს, ნიუ იორკისა და ფილადელფიის ზრდა შეეფერხებინა. კოვიდ-19 ყველა ამ წარსულ ეპიდემიაზე ნაკლებად სასიკვდილოა და არც მჭიდრო დასახლებებთანა გადაჯაჭვული: მართალია, ბევრი ქალაქი სერიოზულად დაზარალდა, თუმცა ვირუსის აფეთქებები გარეუბნებშიც მოხდა და ალპურ კურორტებზეც.

თუკი მომდევნო წლების განმავლობაში კოვიდ-19-ს გავუმკლავდით, ეგებ ქალაქების სახე დიდად არც შეიცვალოს. შავმა ჭირმა, ქოლერამ და ტუბერკულოზმა ქალაქები თანდათანობით შეცვალა, მათ შორის იმიტომაც, რომ მაშინ სჯეროდათ, რომ ამ დაავადებების მთლიანად აღმოფხვრა ვერ მოხდებოდა. ძველი დროისაგან განსხვავებით, დღეს ბევრს გვჯერა, რომ კორონავირუსის დამარცხება უახლოეს წლებში მოხერხდება. იმ ქალაქებში, რომლებმაც კორონავირუსის პირველი შეტევა იწვნიეს, ზოგიერთი ურბანული ცვლილება უკვე გაუქმდა: ჩინეთში, მაგალითად მრავალსართულიან კორპუსების შესასვლელებში თაროები გაჩნდა, რათა დამტარებლებს შეკვეთები დაეტოვებინათ. როგორც კი შეზღუდვები მოიხსნა, თაროებიც გაქრა… ■

პირველწყარო
Covid-19 might not alter cities as much as previous pandemics
Back to top button