ახალი ამბები

ეროვნული ბანკი ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის წესს ამარტივებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის წესში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც გადახდისუნარიანი მსესხებლებისთვის სესხის აღება გამარტივდება.

სებ-ის მიერ 17 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვმია, რომ ცვლილებები „შეამსუბუქებს ბიუროკრატიულ ტვირთს, გაზრდის მოქნილობას და, შედეგად, დაკრედიტების პროცესს მეტ საოპერაციო ეფექტიანობას შეჰმატებს“.

„პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ძირითადი პრინციპი უცვლელი რჩება: სესხის მომსახურებამ ფინანსური სირთულეები არ უნდა შეუქმნას მსესხებელს, ვინაიდან სესხი გაიცემა იმ პირებზე ვისაც ვალდებულების ადეკვატური შემოსავლები აქვს“, – ვკითხულობთ სებ-ის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული ცვლილებები შემდეგია:

  • მსესხებლის შემოსავლის დადგენის პრაქტიკა წესად აღარ იქნება გაწერილი და ფინანსურ ინსტიტუტებს თავად შეეძლებათ შიდა პროცედურებით განსაზღვროს შემოსავლის დადგენის წესი. თუმცა, მსესხებლის შემოსავლის შესწავლა კვლავ სავალდებულო იქნება;
  • უქმდება სესხის მომსახურების კოეფიციენტის ლიმიტი და ის იმ მაქსიმალურ პერიოდზე დაითვლება, რომელზეც კონტრაქტით შეიძლება სესხის ვადის გაგრძელება;
  • სესხის მომსახურების კოეფიციენტების ზღვრების რაოდენობა ოთხიდან ორამდე მცირდება. ასევე, სესხის მომსახურების კოეფიციენტი განსხვავებული რჩება უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის, რაც მიზნად ისახავს მსესხებლისა და ფინანსური სისტემის უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობის რისკებისაგან დაცვას;
  • ლარში გაცემულ იპოთეკური სესხებისათვის მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე იზრდება;
  • საზღვარგარეთიდან შემოსავლის შემთხვევაში, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტზე მოთხოვნა 60%-დან 70%-მდე მსუბუქდება;
  • რეგულაცია აღარ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა სესხის მოცულობა 1 მილიონ ლარზე მეტია (ნაცვლად 2 მილიონი ლარისა) ან რომლებიც აკმაყოფილებენ გათვითცნობიერებული ინვესტორის კრიტერიუმებს („ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად);
  • კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის შემოდის კორპორაციულ მართვის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, რისკების მართვის ჩარჩო უნდა მოიცავდეს აღნიშნული დებულების დაცვის უზრუნველყოფას, როლების და პასუხისმგებლობების განაწილებას “დაცვის სამი ხაზის” (ბიზნესის ხაზი, რისკების მართვის ფუნქცია და შიდა აუდიტი) პრინციპის გამოყენებით.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ცვლილებები ძალაში 2020 წლის 15 აპრილიდან შევა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button