skip to content
ახალი ამბები

ISFED: საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის არჩევნების გამჭვირვალობას

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება და ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ავტორობით საარჩევნო „რეფორმის სამუშაო ჯგუფის გვერდის ავლით“ ინიცირებულ კანონპროექტს „მკვეთრად უარყოფითად“ აფასებს.

„[მივიჩნევთ], რომ ინიცირებული ცვლილებების ნაწილი აზრს უკარგავს არჩევნების შედეგების დროულად გამოცხადებისთვის საარჩევნო კანონმდებლობით აქამდე დადგენილ გამჭვირვალობისა და გაყალბების თავიდან აცილების მექანიზმებს და საფრთხის შემცველია დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ 14 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

ISFED-ი პრობლემურად აფასებს, რომ კანონპროექტის თანახმად:

  • საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ცესკოში არა პირდაპირ, არამედ საოლქო კომისიების მეშვეობით გადაიგზავნება;
  • ამომრჩევლის მოსყიდვის აკრძალვა არა სრულ საარჩევნო პერიოდზე, არამედ მხოლოდ არჩევნების დანიშვნიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით პერიოდზე გავრცელებდა;
  • აიკრძალება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების დამკვირვებლად დანიშვნა.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, „პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ნაწილი ძირეულად ცვლის შედეგების საჯაროობის აქამდე არსებულ პრინციპს, რაც თავის მხრივ ვენეციის კომისიის მიერ საარჩევნო საკითხების კარგი პრაქტიკის ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასთან დაკავშირებით დამკვიდრებულ პრინციპს ეწინააღმდეგება“, რომლის თანახმადაც, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო საკითხების ცვლილება არჩევნებამდე არაუგვიანეს ერთი წლისა, არ უნდა იქნას განხილული, თუ ეს ცვლილებები მიმართული არ არის ევროპული საარჩევნო სტანდარტების დამკვიდრებისკენ და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულებისკენ“.

ამასთან, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ „შემოთავაზებული ცვლილებების პრობლემური ნაწილი სრულიად ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარსულში პოზიტიურად შეფასებულ რეფორმას და საარჩევნო პროცედურებს, რაც არჩევნების შედეგების დროულად გამოქვეყნებასა და შესაბამისად, არჩევნების მანიპულაციებისა და გაყალბებისგან დაცვას განაპირობებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს:

  • საქართველოს პარლამენტს – საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ყველა ინიციატივა საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატში საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა მხარის ჩართულობით განიხილოს და პროცესი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ფართო კონსენსუსის ფონზე წარმართოს;
  • ცესკოს – გაუფრთხილდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ავტორიტეტს, არ გადადგას ნაბიჯები, რაც საარჩევნო პროცედურების გამჭვირვალობის არსებულ სტანდარტებს გააუარესებს, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას შეამცირებს და არჩევნების შედეგებით მანიპულაციის რისკებს გაზრდის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button