Placeholder canvas
ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე, 14 იანვარი

ევროპარლამენტი წლის პირველ სესიაზე სტრასბურგში იკრიბება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინადადება, რომელსაც მათ ევროკომისია წარუდგენს, გარემოს დასაცავად 2030 წლამდე 1 ტრილიონი ევროს მოძიებას გულისხმობს, რომელიც როგორც სახელმწიფოებს, ისე კერძო კომპანიებს დაეხმარება, დედამიწისა და კლიმატის ხელშემწყობად იღვაწონ, ანდა, სულ მცირე, მათზე მავნე ზეგავლენა მაინც შეამცირონ. საბერძნეთი, მაგალითად, გეგმავს ენერგეტიკა ისე გადააიარაღოს, რომ ქვანახშირი საერთოდ აღარ გამოიყენოს. (EUObserver)

??ევროდეპუტატების სავარძლებს პირველად დაიკავებენ კატალუნიელი კარლეს პუიჯდემონი, რეგიონის მთავრობის ყოფილი მეთაური, და რეგიონის ყოფილი მინისტრი, ტონი კომინი. 2017 წლის ოქტომბერში ორივენი ხელმძღვანელობდნენ კატალუნიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამართვას, რომელიც ესპანეთმა უკანონოდ ცნო. ეს უკანასკნელი ორივეს დაპატიმრებას ლამობდა, ამიტომაც პუიჯდემონი და კომინი ბელგიაში გაიქცნენ, რომელმაც მათ ექსტრადირებაზე უარი თქვა. შემდეგ კი ევროპის იუსტიციის სასამარლომ დაადგინა, რადგან ორივე ევროპარლამენტში აირჩიეს, 2019 წლის 2 ივლისიდან მათზე დეპუტატის იმუნიტეტი ვრცელდებაო. ეს განჩინება მესამე კატალუნიელს, ორიოლ ჯუნქუერასსაც ეხებოდა, თუმცა მასზე სასამართლოს კანონიერი განაჩენი ძალაში არჩევნების შემდეგ შევიდა და ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ მის ციხიდან გამოშვებაზე უარი თქვა. ევროპარლამენტიც დაეთანხმა, მისი მანდატი გაუქმებულიაო. ასეა თუ ისე, ორი კატალუნიელი დეპუტატი ამბობს, ჩვენი მთავარი მიზანი ევროპარლამენტში იმის დამტკიცებაა, რომ კატალუნიის თემა ესპანეთის შიდა საქმე კიარა, ევროპული პრობლემაა და ამისთვის ძალღონეს არ დავიშურებთო. (Politico)

ევროკომისიამ გუშინ ორი პესტიციდი – მწერების საწინააღმდეგო პრეპარატი – „კალიპსო“ და „ბისკაია“ აკრძალა, რომლებსაც გერმანული გიგანტი „ბაიერი“ აწარმოებდა. მეცნიერთა დასკვნითა და კომისიის გადაწყვეტილებით, ამ პრეპარატების აქტიური შემადგენელი „ტრიაკლოპრიდი“ ფუტკარს ანადგურებს და არც ადამიანის ჯანმრთელობისთვისაა სარგო. ევროპის ველებიდან ფუტკრის გაქრობა სერიოზულ პრობლემად ითვლება, რადგანაც ეს მცენარეული სამყაროს მრავალფეროვნებას სასიკვდილო დარტყმას აყენებს და – შედეგად – ბუნებისათვის საჭირო მწერები თუ ჩიტებიც ქრებიან… (EUObserver)

მსგავსი/Related

Back to top button