ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტის გაეროში სიტყვით გამოსვლას მმართველი გუნდი და ოპოზიცია აფასებს

Tags

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას მმარველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებები მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ ამ შეფასებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის შეფასება

დიმიტრი ხუნდაძე – ქართული ოცნება: „გზავნილები იყო მნიშვნელოვანი, ის რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი პოლიტიკის არჩევანი გაკეთებული, ევროინტეგრაცია, საგარეო მიმართულების ხაზი იყო მკვეთრად გამოკვეთილი, იყო საუბარი რეფორმებზე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ალბათ, ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით მეტი პრინციპულობა იყო საჭირო“.

ირაკლი სესიაშვილი – ქართული ოცნება: „შეიძლება ქალბატონი სალომესგან მეტის მოსმენა მდომებოდა, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, აქ შეიძლება სხვა ფორმით, მწვავედ თუ რბილად უფრო მეტი თქმულიყო, რაც მე შეიძლება დამაკლდა. თუმცა, მე მაინც მიმაჩნია, რომ ის ძირითადი აქცენტები, რაც ამ მაღალი ტრიბუნიდან იყო გასაკეთებელი, მან ეს გააკეთა. “.

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქართული ოცნება: „იქიდან გამომდინარე, რომ ქალბატონ სალომეს წარსული აქვს დიპლომატიური, მისი ლექსიკა იყო უფრო დიპლომატიური, ვიდრე, შეიძლება პოლიტიკოსის ლექსიკა ყოფილიყო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სათქმელი მნიშვნელოვნად ითქვა. თუმცა, ნებისმნიერი გამოსვლის შემდეგ, გიჩნდება განცდა, რომ რაღაც არ არის ნათქვამი. აქ არის მნიშვნელოვანი, როგორ უყურებ საკითხს, რა ფორმატი გაქვს მოცემული და რამდენის თქმა შეგიძლია და რა ლექსიკით საუბრობ, იქიდან გამომდინარე, თუ რა პროფესიული ნიშანი გიკავია“.

თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი: „მან სათანადო ყურადღება დაუთმო ადამიანის უფლებების იმ მასიურ და გაუგონარ დარღვევებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყოველდღიურად ხდება. მან საკმაოდ დეტალურად, იმ მაღალი ტრიბუნიდან ამცნო მსოფლიოს, იმის შესახებ, თუ რა ყოფაში უწევთ ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრება… თუკი ოპონენტებმა პრეზიდენტს უნდათ, [შეუძლიათ] დაუთვალონ რამდენჯერ ახსენა რუსეთი. მან ისაუბრა რუსეთზე, როგორც ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოზე, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო“.

ოპოზიციის შეფასება

რომან გოცირიძე – ერთიანი ნაციონალური მოძროაბა: „[იყო] გაუბედავი საუბრები. შევადაროთ რა ილაპარაკა ზელენსკიმ, რომელიც ტრიბუნაზე ტყვიით გამოვიდა. ჩვენმა პრეზიდენტმა ციყვისა და მტრედის სიმბოლოთი, რაღაც ფაუნასა და ფლორაზე ილაპარაკა 28 წუთიდან 25 წუთი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს დიდი საერთაშორისო ტრიბუნა ვერ იქნა გამოყენებული და არც იქნება ამ ხელისუფლების და პრეზიდენტის პირობებში. ჩვენ ამ პროცესს, რომელსაც შეწყალებასთან დაკავშირებული სკანდალი ჰქვია, მივიყვანთ ბოლომდე და ადრე თუ გვიან, მოხდება მისი იმპიჩმენტი“.

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „მას გარკვევით არ უსაუბრია ეთნიკურ წმენდაზე, მას არ გამოუყენებია ეს ტრიბუნა, რომ კონკრეტულ ჰუმანიტარულ პრობლემაზე ესაუბრა, მაგალითად გიგა ოთხზორიას მკვლელობაზე, იქ ისხდნენ იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც ხელს აფარებენ მკვლელს. სწორედ ასეთი ტრიბუნები გამოიყენება ასეთი წნეხისთვის. მას არ ჰქონია ხედვა და არ უთქვამს, რა უნდა თავისუფალი სამყაროსგან საქართველოს. ისაუბრა, რომ დიალოგში ჩართულობა უნდა რუსეთთან. კი, ყველას გვინდა ეს დიალოგი, მაგრამ შთაბეჭდილება დატოვა, რომ კი, პრობლემები არის, მაგრამ საერთო ჯამში, დრამატული სიტუაცია კი არ არის და რუსეთი საქართველოს თავისუფლებისთვის, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და ზოგადად, თავისუფალი სამყაროსთვის საფრთხე კი არ არის, არამედ რაღაც პრობლემებია. ბუნებრივია, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ არჩევნების შედეგებს აქვს შედეგები ქვეყნისთვის და ამაზე პასუხს აგებს ივანიშვილი და მთელი გუნდი ვინც, მათ შორის, უკანონო მეთოდებით, თავზე დაასვა ეს პრეზიდენტი, რომელიც არის მავნებელი“.

ეკა ბესელია – დამოუკიდებელი დეპუტატი: „მგონია, რომ გამოსვლაში ოკუპაციაზე, ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე იყო საუბარი და ნამდვილად ვერ ვიტყვით იმას, რომ პრეზიდენტმა არ თქვა იმის შესახებ, რომ საქართველო ოკუპირებულია და რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები. ახლა, ვინ უფრო მჭახედ გამოთქვამს, ეს არის ფორმის საკითხი, მაგრამ შინაარსობრივად ის იმ პრობლემებს შეეხო, რა პრობლემებიც დღეს საქართველოს ყველაზე მეტად უდგას“.

ნინო გოგუაძე – ოპოზიციური პარტია თავისუფალი დემოკრატები: „საქართველოს პრეზიდენტის ეს გამოსვლა ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე და ტრიბუნაზე არ იყო გამოსვლა, რომელიც ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტს შეეფერებოდა. მან ვერ გამოიყენა ეს ტრიბუნა საქართველოსთვის უმწვავეს პრობლემებზე სალაპარაკოდ. მან არ ილაპარაკა იმაზე, რომ დღემდე გრძელდება საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ნაწილ-ნაწილ მიტაცება. ეს იყო ქართული ოცნების ხელისუფლებასთან შეთანხმებული სიტყვა, სადაც არაფერი ზედმეტი თქმული არ უნდა ყოფილიყო და არც რუსეთი უნდა გაეღიზიანებინა, კერძოდ ვლადიმერ პუტინი“.

თამარ კორძაია – რესპუბლიკური პარტია: „ის რომ რუსეთია ძირითადი პრობლემა ჩვენი ქვეყნის და საერთოდ, ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ყველა იმ საკითხის განვითარებას რაზეც მან ისაუბრა, როგორც გლობალურ პრობლემებზე რუსეთი, რომ აფერხებს საქართველოში, ამაზე მას აქცენტი არ გაუკეთებია. ამიტომ, მგონია, რომ გამოსვლა, საბოლოო ჯამში, ტექსტის რაფინირებულობის მიუხედავად, იყო სუსტი, იმიტომ, რომ ის არ აჩვენებდა საქართველოს პოზიციას რუსეთთან მიმართებით, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს რუსეთზე, როგორც პრობლემაზე“.

ბაჩუკი ქარდავა – ოპოზიციური პარტია ეროვნული დემოკრატები: „ეს იყო წყალი, არანაირი კონკრეტიკა. შინაარსობრივად რამდენიმე დიდი შეცდომა იყო დაშვებული, [რაც] შეცდომა შეგნებული გადაწყვეტილება იყო. ის, რომ არც ოკუპაციას ახსენებ, სიფრთხილე პუტინის ხსენებასთან დაკავშირებით და თვითონ განწყობაც. ბიძინა ივანიშვილმა დააბარა, ისაუბრე ისე, რომ არ გავაღიზიანოთ რუსები. ეს იყო შეგნებული გადაწყვეტილება და იმის ნიშანი, რომ ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, ჩვენ არ გვყავს პრეზიდენტი“.

ასევე ნახეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button