დაწვრილებითმოსაზრებაწერილები

საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაცია და მიღწეული პროგრესი

ლელა ჩიქოვანი

ლელა ჩიქოვანი

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

საქართველოს ისტორიული გამოცდილება, ისევე, როგორც მსოფლიოში მიმდინარე პროცესები გვიჩვენებს, რომ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, მოქალაქეთა სიცოცხლის დასაცავად, დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს ასაშენებლად, აუცილებელია თავდაცვის მყარი საფუძვლების შექმნა. საქართველო ქვეყნის თავდაცვას აფუძნებს მის მოქალაქეთა ურყევ ნებაზე – ერთად დაიცვან ქვეყანა ნებისმიერი საფრთხისაგან.

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მტკიცე და ურყევ პრიორიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რჩება, რაც საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციითაც არის გამყარებული. ზუსტად ამისათვის, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებამდე, არ ვიშურებთ ძალისხმევას ჩვენი ძალებით და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით, ეტაპობრივად მივაღწიოთ ქვეყნის თავდაცვის ძალების განვითარებასა და ნატოსთან მათ მაქსიმალურ თავსებადობას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზანს წარმოადგენს მდგრადი, ეფექტური და ქმედითი თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბება და საქართველოს თავდაცვის ძალების ოპტიმალური სტრუქტურისა და შესაძლებლობების ფორმირება, რომელთა მეშვეობით, ჩვენ მოვახერხებთ არსებულ საფრთხეებთან გამკლავებასა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.

ამისათვის, უკანასკნელ პერიოდში ჩვენ გადავდგით მთელი რიგი ნაბიჯები თავდაცვის ძალებში არსებული გამოწვევების დასაძლევად და სამომავლო განვითარებისთვის მყარი ინსტიტუციონალური საფუძვლის შესაქმნელად.

„ტოტალური თავდაცვის“ მიდგომა

2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიამ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, რომ არსებული შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით, ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავისუფალი განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სისტემური მიდგომის გამოყენება. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა თავდაცვის ორგანიზების ახალი პრინციპი – „ტოტალური თავდაცვის“ მიდგომა.

ტოტალური თავდაცვის მიზანია, უზრუნველყოს მშვიდობიანობის პერიოდში იმ მექანიზმების ჩამოყალიბება, რომელთა ამოქმედებითაც ქვეყანა აგრესიის მოსაგერიებლად სწრაფად და ეფექტიანად მობილიზდება. ტოტალური თავდაცვის კონცეფცია გულისხმობს, რომ საქართველოს თავდაცვა არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს საქმეა, არამედ – ყველა უწყებისა და მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობა.

ტოტალური თავდაცვის სისტემაში ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ეროვნული რესურსების ერთიან და კოორდინირებულ გამოყენებას გულისხმობს და ითვალისწინებს, როგორც სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან თავდაცვის ძალების მხარდაჭერას, ისე მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების უწყვეტობის უზრუნველყოფას.

თავდაცვის ძალების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა ქვეყნის თავდაცვის მდგრადობის ქვაკუთხედია. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო თავდაცვის სისტემის სრული ტრანსფორმაცია.

ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც წარმატების მისაღწევად მოითხოვს მრავალწლიან, სისტემატურ, თანმიმდევრულ ძალისხმევას. ტრანსფორმაციის პროცესის შედეგად უზრუნველყოფილი იქნება ეფექტიანი მართვისა და კონტროლის მქონე პროფესიული, მობილური, სათანადოდ აღჭურვილი, ბრძოლისუნარიანი, ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება, რომელიც შეძლებს ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობას და აგრეთვე სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერას ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს.

რეფორმები თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციისათვის

თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესისთვის ინსტიტუციური სიმყარის ამაღლების მიზნით სამინისტრომ განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებებისა, როგორც სამართლებრივ-ნორმატიული საფუძვლების მოწესრიგების, ასევე ადამიანური რესურსების მართვის მექანიზმების სტანდარტებთან მოყვანისა და ზოგადად თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ყველა ძირითადი ფინანსური სტანდარტი შეესაბამება ნატოს სტანდარტებს. აღნიშნული გულისხმობს თავდაცვის ბიუჯეტის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2%-ით განსაზღვრას, პერსონალზე ხარჯის რაციონალურ დაბალანსებასა და შეიარაღების შესყიდვაზე საერთო თავდაცვის ბიუჯეტის არანაკლებ 20%-ის გამოყოფას.

რეორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე ერთნაირი სტანდარტისა და შესაძლებლობის მქონე ქვედანაყოფები ჩამოყალიბდეს.

რეორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე ერთნაირი სტანდარტისა და შესაძლებლობის მქონე ქვედანაყოფები ჩამოყალიბდეს. აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მართვისა და კონტროლის შესაძლებლობებს საბრძოლო ამოცანების დეცენტრალიზებული აღსრულების პირობებში.

ტრანსფორმაციის პროცესის ფარგლებში წარმატებით ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, დაწყებულია ლოჯისტიკის ტრანსფორმაცია, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ჩამოყალიბება, ბრიგადების საბრძოლო ჯგუფებად ფორმირება, ამოცანით მართვის მიდგომების დანერგვა, სამთო და საზღვაო, კიბერ-თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპონენტების საქართველოს თავდაცვის ძალების გაერთიანებულ წვრთნებსა და სწავლებებში ინტეგრირება. ყოველივე ეს, აბსოლუტურად ახალ საფეხურზე აიყვანს საქართველოს თავდაცვის ძალების თავდაცვით შესაძლებლობებს. შესაბამისად, თავდაცვის ძალები ეროვნული თავდაცვითი ამოცანების შესრულების გარდა, სრულფასოვნად შეიტანს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

თავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომი განვითარებისა და წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის დემონსტრირების მიზნით, მნიშვნელოვანია საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო სწავლებები. ამ მხრივ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სწავლება „Noble Partner“ და სწავლება „Agile Spirit“, ნატო-საქართველოს (NATO-GEO EX 2019) სიმულაციური სწავლება. ჩვენი სამხედროების მონაწილეობა ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო წვრთნებში მიუთითებს ნდობის მაღალ ხარისხზე  და საქართველოს სანდო რეგიონალურ პარტნიორად წარმოაჩენს.

რეზერვის ახალი კონცეფცია

ტოტალური თავდაცვის სისტემის ფარგლებში რეზერვისა და მობილიზაციის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. რეზერვის პროგრამის მიზანია ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ფართო  ჩართულობის უზრუნველყოფა და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენება.

ჩვენ მიერ შემუშავდა რეზერვის ახალი კონცეფცია, რომელიც ორი ტიპის რეზერვს – აქტიურ და სამობილიზაციო რეზერვს – ითვალისწინებს. აქტიური სარეზერვო სამსახური დაიყოფა სამ ნაწილად: თავდაცვის ძალების რეზერვი; ტერიტორიული რეზერვი; სპეციალისტთა რეზერვი. აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომითი გასამრჯელო. თავდაცვის ძალების რეზერვი უზრუნველყოფს სამხედრო ძალების შემადგენლობაში რეზერვისტის დაუყოვნებლივ ჩართვას, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გაძლიერებასა და მხარდაჭერას. სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში, სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი (წელიწადში არაუმეტეს 45 დღე).

ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე გათვლილი სამხედრო თავდაცვის კომპონენტი საჭიროებს ეფექტურ ძალებს, რომლებიც მზად არიან როგორც კონვენციური, ასევე არაკონვენციური ოპერაციების საწარმოებლად პოტენციური აგრესორის წინააღმდეგ. ამ ტიპის ოპერაციების შესასრულებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია დეცენტრალიზებული მართვა და დაქვემდებარებულთა ინიციატივა, რაც წარმოადგენს ამოცანით მართვის ფუნდამენტურ პრინციპებს. ამოცანით მართვის ფილოსოფია ხელს უწყობს რთულ რელიეფურ პირობებში რიცხობრივად და ტექნოლოგიურად გაცილებით უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მოპოვებას და ამ უპირატესობის დროულ და ეფექტურ გამოყენებას. ამოცანით მართვა გულისხმობს შესაძლებლობას, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, დაქვემდებარებულებმა იმოქმედონ მეთაურის დავალებიდან დამოუკიდებლად და თავად გადაწყვიტონ, როგორ და რა გზით შეასრულონ ამოცანა. 

თანამშრომლობა ნატოსთან და სხვა პარტნიორებთან

საქართველოს, როგორც ნატოს სანდო პარტნიორს და ალიანსის მომავალ წევრს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებაში. ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტურად განხორციელების შედეგად, საქართველო ალიანსის სანდო და თავსებად მოკავშირედ ჩამოყალიბდა.

ამ მხრივ, ნატოსაქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) პრაქტიკული თანამშრომლობის იმ ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ალიანსთან თავსებადობის გაზრდა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მზადების პროცესის ხელშეწყობა.  ნატო-საქართველოს უნიკალურ პარტნიორობაზე მიუთითებს ჩვენი ჩართულობა ალიანსის სამხედრო მისიებში. საქართველო აგრძელებს ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) და ნატოს საპასუხო ძალებში (NRF) მონაწილეობას.

საქართველო, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი და ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების (EOP) პარტნიორი, აქტიურად განიხილავს ალიანსთან თანამშრომლობის მიმართულებებს შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან შავი ზღვის უსაფრთხოება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის, და ზოგადად ევროპის უსაფრთხოებისთვის, ასევე – საქართველოსთვის. შეუძლებელია არსებობდეს უსაფრთხო ევროპა უსაფრთხო შავი ზღვის რეგიონის გარეშე.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვზრდით თანამშრომლობის დონეს არამხოლოდ ნატოსა და ევროკავშირთან, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. აშშ-საქართველოს ურთიერთობა გახდება კიდევ უფრო მრავლისმომცველი. ამ პარტნიორობის ერთ-ერთი წარმატებული ინიციატივა 2016 წლიდან იღებს სათავეს. კერძოდ, 2016 წელს ხელი მოეწერა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტს 2016-2019 წლებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, რეფორმების ხელშეწყობას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებასა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას. 2019 წელს დოკუმენტი განახლდა და უფრო ყოვლისმომცველი გახდა.

თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით, აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის თვალსაჩინო შედეგია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP). პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს 9 ქვეითი სამანევრო ბატალიონის დაკომპლექტება, აღჭურვა და ამერიკელ ინსტრუქტორებთან ერთად მათი გაწვრთნა. პროგრამის წვრთნის კომპონენტი წარმოადგენს სამწლიან პროექტს, რომლის განხორციელება 2018 წლის მაისს დაიწყო. უკვე მომზადდა 4 ქვეითი ბატალიონი.

ამასთან, GDRP-ის შედეგად საქართველოს თავდაცვის ძალებში ჩამოყალიბდება მზადყოფნის ინსტიტუციონალიზებული სისტემა. 2019 წელს აშშ-თან თანამშრომლობით საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში აქტიურად გაგრძელდება საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრის სრულყოფა და საქართველოს თავდაცვის ძალების ტაქტიკური აღჭურვილობის მოდერნიზაცია. თავდაცვის მიმართულებით ჩატარებული რეფორმები აისახა საქართველოს მიმართ მაღალ ნდობასა და პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე. სწორედ ამ გაღრმავებული პარტნიორობის შედეგია 2018 წელს აშშ-საგან ტანკსაწინააღმდეგო საშუალების – „ჯაველინის“ – შესყიდვა.

წარმატებით მიმდინარეობს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების დანერგვის პროცესის მეორე ეტაპი. საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, 2018 წელს ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე, საქართველოში განთავსდა რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები. პროცესის დასრულების შედეგად, ეს აქტივობები ხელს შეუწყობს მომავალში ნატოს ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრაციას.

სამხედროების სოციალური დაცვა

ჩვენი ძალისხმევა აგრეთვე მიმართულია ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების ზრუნვაზე და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. 2016 წლიდან დაიწყო ხელფასების ზრდის ტენდენცია, რომელიც 2016-2020 წლებში მოიცავს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების 11 264 თანამშრომელს.

თავდაცვის სამინისტრო, აგრეთვე, ასრულებს სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის ვალდებულებას. დღემდე ბინები გადაეცა 1634 ოჯახს, დარჩენილია 728, რომელთათვის ბინების გადაცემა დასრულდება 2020 წლისთვის.

გაიხსნა სამხედრო ჰოსპიტალი ქუთაისში, რომლის მშენებლობასა და აღჭურვაზე 4 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. პროექტის მიზანია დროული სამედიცინო დახმარება გაეწიოს იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არიან დისლოცირებულნი, რაც შეამცირებს მათი ტრანსპორტირების ხარჯებსა და დროს.

გარდა ამისა, წეროვანში, საფუძველი ჩაეყარა მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე ახალი შენობის მშენებლობას. დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მრავალპროფილური სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ამერიკული მხარის მხარდაჭერით ხორციელდება. ახალი შენობა აღჭურვილი იქნება სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზითა და შესაბამისი ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარით, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაში, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის მომზადებაშიც დაეხმარება. ცენტრში მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის მოედანი განთავსდება. კომპლექსი აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) მხარდაჭერით დააპროექტეს.

თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საზოგადოებრივ პროექტს „ჩვენი ჯარი“. პროექტის ფარგლებში იგეგმება ვიზიტები სკოლებში ქართული ჯარისა და საერთაშორისო პარტნიორობის შესახებ ინფორმირების მიზნით. აღნიშნული ასევე გააძლიერებს პატრიოტულ სულისკვეთებას და აამაღლებს სკოლის მოწაფეთა ცნობიერებას ძლიერი ეროვნული თავდაცვის არსებობის აუცილებლობაზე.

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიწყო სასკოლო სახელმძღვანელოს „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მომზადება. აღნიშნული წიგნი მოსწავლეებს გააცნობს საქართველოს უსაფრთხოების წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს, ქვეყნის თავდაცვის ძალების სტრუქტურასა და ამოცანებს, ასევე, სამოქალაქო უსაფრთხოების თემებს.

ამდენად, საქართველო წარმატებით ახორციელებს თავდაცვის ტრანსფორმაციის ამბიციურ დღის წესრიგს ჩვენი ნატოელი და სხვა პარტნიორი ქვეყნების აქტიური მხარდაჭერით, რაც ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდას. საქართველოს მიერ ტრანსფორმაციის პროცესში მიღწეული წარმატება წარმოჩინდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კონფერენციის დროს 2018 წელს, როდესაც აღნიშნული არსებითი პაკეტი ორივე მხარემ აღიარა, როგორც სამაგალითო თავდაცვისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის ინიციატივის ძალისხმევისთვის.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button