Placeholder canvas
პარტნიორებისგან

გავრილოვის ღამე: ფეისბუკ გვერდები პროტესტის წინააღმდეგ

ეთო ბუზიაშვილი

ეთო ბუზიაშვილი

სტატიის ორიგინალი გამოქვეყნდა ატლანტიკური საბჭოს „ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის“ (Atlantic Council’s Digital Forensic Research Lab) მიერ, ლაბორატორიის ასოცირებული მკვლევრის ეთო ბუზიაშვილის ავტორობით.

ბევრი თბილისელისთვის 20 ივნისის ღამე “გავრილოვის ღამის” სახელითაა ცნობილი. სერგეი გავრილოვი, რომელიც რუსეთის დუმის წევრი და კრემლთან ახლოს მყოფი დეპუტატია, საქართველოს პარლამენტს ეწვია და დეპუტატებს სპიკერის სავარძლიდან მიმართა. მრავალმა ქართველმა ეს ქცევა შეურაცხმყოფელად მიიღო, რასაც ქალაქში საპროტესტო გამოსვლების ტალღა მოჰყვა. დემონსტრანტებიდან ბევრი მიიჩნევს, რომ გავრილოვისთვის სპიკერის ტრიბუნიდან საუბრის უფლების მიცემა საქართველოს პარლამენტის მხრიდან რუსული გზავნილების მხარდაჭერას გულისხმობდა.

მთავრობამ 20 ივნისის ღამეს პროტესტს საპოლიციო ძალადობით უპასუხა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. საპასუხოდ, პროტესტის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნად შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იქცა.

20 ივნისის ღამის მოვლენები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის კონტექსტში მოხდა. 2008 წლის აგვისტოში ორ ქვეყანას შორის ხუთდღიანი ომი გაჩაღდა საქართველოს ორი რეგიონის: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთზე კონტროლისათვის. დღესაც, რუსეთის სამხედროების არალეგალურად აქვთ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%. კრემლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს. ამ პოზიციას თავად დეპუტატი გავრილოვიც საჯაროდ იზიარებს.

სოციალური მედია საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, პროტესტების დიდი ნაწილი ფეისბუკის საშუალებითაა ორგანიზებული და ეს გავრილოვის ქცევის საწინააღმდეგო დემონსტრაციის დროსაც ასე მოხდა. ამავე დროს, სოციალურ მედიაში ქართული გვერდების მნიშვნელოვანი რაოდენობა შეიქმნა, რომლებიც საპროტესტო მოძრაობისა და მისი მონაწილეების დისკრედიტაციის მიზნით ფოტო-ვიდეო მასალებსა და სტატისტიკურ ინფორმაციას ავრცელებდნენ.

DFRLab-მა ერთერთი ასეთი ფეისბუკ გვერდი “მახსოვს/Makhsovs” გააანალიზა. მისი დასახელება, სავარაუდოდ, 2003-2012 წლებში წინა ადმინისტრაციის მმართველობაზე მიანიშნებს მკითხველს, რასაც დღევანდელი მმართველი პარტია “სისხლიან ცხრა წლად” მოიხსენიებს.

DFRLab-მა დამატებით კიდევ 15 ფეისბუკ გვერდი აღმოაჩინა, რომლებიც გვერდის “მახსოვს” მსგავს გზავნილებს აზიარებდნენ. შინაარსისა და ამბების განთავსების ერთიანი ქარგა კოორდინირებულ საინფორმაციო კამპანიაზე მიუთითებს, თუმცა – სავარაუდოდ – ეს მოქმედება არ იყო, როგორც ამას ფეისბუკი უწოდებს “არაავთენტური”: ანუ მის უკან რეალური ადამიანები იდგნენ და არა პროგრამული ალგორითმები.

ფეისბუკ გვერდი “მახსოვს”

ეს გვერდი 2018 წელს შეიქმნა, ისევე, როგორც DFRLab-ის მიერ გამოკვლეული ბევრი სხვა. ანალიზის მომენტისათვის, მას 27,000 მიმდევარი (followers) და 24,000-ზე მეტი მომწონებელი (likes) ჰყავდა.

Page Transparency შეჯამება ფეისბუკ გვერდისათვის „მახსოვს“, რომელიც თბილისის ანტი-საოკუპაციო აქციების წინააღმდეგ პოსტავს. (წყარო: მახსოვს)

ჩვენ 5 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში ამ გვერდზე გამოქვეყნებათა სიხშირე და მკითხველთა რეაქციები (ჩართულობის, engagement) შევისწავლეთ. ორივე ამ მიმართულებით გვერდი 20-21 ივნისს უმაღლეს მაჩვენებლებზე გავიდა, რაც პარლამენტის წინ პროტესტის პიკს ემთხვევა. ჩართულობის მაჩვენებელი მაღალ დონეზე შენარჩუნდა პიკის შემდეგაც.

CrowdTangle-ის გრაფიკი, რომელიც აჩვენებს მომხმარებელთა ჩართულობას გვერდზე „მახსოვს“, რომელიც პროტესტის წინააღმდეგ გამოდის. ჩართულობამ პიკს მიაღწია 20-21 ივნისს და მაჩვენებელი შემდეგი დღეების განმავლობაშიც შეინარჩუნა. (წყარო: @EtoBuziashvili/DFRLab via CrowdTangle

ეს ფეისბუკ გვერდი გამიზნულად ამცრობდა საპროტესტო მოძრაობის ძირითად საკითხებს: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციასა და პარლამენტში გავრილოვის გამოსვლის ქვეტექსტს. სამაგიეროდ, ჩვენი ანალიზით გვერდის გზავნილებად გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება: პირველი საპროტესტო დემონსტრაციას უკავშირებდა ოპოზიციურ ლიდერებს; მეორე კი ამავე პროტესტებს უკავშირებდა LGBT აქტივისტებს. თუ ამ გზავნილებს “დეზინფორმაციის 4D” პრინციპების თვალით შევხედავთ, გვერდი ოპოზიციის ლიდერებთან პროტესტების დაკავშირებას იყენებდა კონტრშეტევისათვის (ანუ, პროტესტის რეალური საბაბის უარსაყოფად, Dismiss), ხოლო სექსუალურ უმცირესობებზე საუბრის გადატანით ცდილობდა მკითხველების ყურადღების დაფანტვას (Distract).

პროტესტის დაკავშირება ოპოზიციურ პარტიებთან

მთავრობის ძალადობრივი რეაქციის შემდეგ, გვერდი ცდილობდა დემონსტრაცია ოპოზიციის ლიდერების მართულ მოვლენად წარმოედგინა.

ფეისბუკ გვერდმა „მახსოვს“ საკუთარ გვერდზე მიმდინარე აქციების მადისკრედიტირებელი შინაარსის პოსტები და დაუკავშირა ისინი ოპოზიციას. ვიდეოებში აღნიშნული იყო, რომ პროტესტი ოპოზიციას აძლევდა ქვეყნის დესტაბილიზაციის შესაძლებლობას (მარცხნივ); რომ ორგანიზატორი უკავშირდება ოპოზიციურ პარტიებს (შუაში); და რომ მიმდინარე პროტესტის საფარქვეშ ყოფილი პრეზიდენტი გადატრიალებას გეგმავდა (მარჯვნივ). (წყარო: მახსოვს)

ამ თემას მრავალი ფეისბუკ პოსტი მიეძღვნა. ყოველი მათგანი ერთიმეორის მსგავს გზავნილს განამტკიცებდა: საპროტესტო გამოსვლა ოპოზიციური პარტიების მიერ სახელმწიფო გადატრიალებისა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობის შესანიღბად იყო ორგანიზებული. მსგავსსავე ხედვას ავრცელებდა საქართველოს მთავრობა , პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ჩათვლით, ისევე, როგორც პროკურატურა.

პროტესტის დაკავშირება სექსუალურ უმცირესობებთან და გეი აქტივიზმთან

გარდა იმისა, რომ გვერდი „მახსოვს“ საპროტესტო გამოსვლებს ოპოზიციური ამბოხის შირმად სახავდა, ის ასევე ცდილობდა, მკითხველის წარმოსახვაში ერთმანეთთან დაეკავშირებინა ეს საპროტესტო გამოსვლა LGBT აქტივისტების მიერ დაგეგმილ თბილისი პრაიდის ფესტივალთან, რომელიც 18 – 23 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა გამოსვლების გამო გადაიდო, როგორც ეს ორგანიზატორებმა 21 ივნისს განაცხადეს. გადადების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ პრაიდის ღონისძიებები სავარაუდოდ პრო-რუსული კონტრ-დემონსტრაციის მონაწილეთა თავდასხმის სამიზნედ იქცეოდა.

ორი დამოუკიდებელი მოვლენის – საპროტესტო დემონსტრაციებისა და თბილისი პრაიდის – ერთმანეთთან გადაჯაჭვის გზით, გვერდი „მახსოვს“ ცდილობდა საპროტესტო გამოსვლების ლეგიტიმურობა დაეყენებინა ეჭვქვეშ, რადგანაც საქართველო კვლავაც სოციალურად კონსერვატიულ ქვეყანად რჩება, სადაც სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ჰომოფობიისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან.

ფეისბუკ გვერდი „მახსოვს” ამტკიცებდა, რომ აქციები ლგბტ თემის მიერ იყო ორგანიზებული. ვიდეოები აჩვენებდა თბილისი პრაიდის ორგანიზატორს, რომელიც ასევე ესწრებოდა ანტო-საოკუპაციო აქციებს, ურევდა ორი აქციის მიზნებს და ამტკიცებდა, რომ იგი აპროტესტებდა ლგბტ უფლებების მხრივ სიტუაციას საქართველოში (მარცხნივ); დაწერა სათაურად “ამ მოვლენებს შეგვიძლია ვუწოდოთ გეი რევოლუცია” (ცენტრში) და ამტკიცებდა, რომ პროტესტის მონაწილეებს სურთ ჩაატარონ ლგბტ პრაიდის ღონისძიება საქართველოში (მარჯვნივ). (წყარო: I Remember)

მსგავსი ხასიათის პუბლიკაციები სხვადასხვა გვერდზე

გარდა გვერდისა „მახსოვს“, DFRLab-მა დამატებით 15 სხვა გვერდი აღმოაჩინა, რომელიც ზემოთაღნიშნული გზავნილებიდან ერთ-ერთს ან ორივეს აზიარებდა. პროგრამა CrowdTangle-ს საშუალებით გაკეთებულმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ამ თექვსმეტივე გვერდის მიმდევრების მაჩვენებელი საკვლევ პერიოდში მნიშვნელოვნად – 12.53%-ით – გაიზარდა.

CrowdTangle ანალიზი აჩვენებს პროტესტის მოწინააღმდეგე ფეისბუკ გვერდების აქტივობასა და ინტერქციას. (Source: @EtoBuziashvili/DFRLab via CrowdTangle)

ამ გვერდებზე ჩართულობის ქარგაც “მახსოვს” გვერდის მსგავსი იყო: პიკური ჩართულობა 20-21 ივნისს გამოვლინდა, საპროტესტო გამოსვლის პიკის შესაბამისად, და მაღალ დონეზევე შენარჩუნდა.

CrowdTangle გრაფიკები აჩვენებს ჩართულობას იმ ფეისბუკ გვერდებზე, რომლებიც თბილისის პროტესტის წინააღმდეგ გამოდიან. ყველა მათგანმა პიკს მიღწია 20-21 ივნისს. გვერდებმა ჩართულობის მაჩვენებელი შემდეგი დღეების განმავლობაშიც შეინარჩუნა. (Source: @EtoBuziashvili/DFRLab via CrowdTangle)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) კვლევის მიხედვით, ამ გვერდების ნაწილი ასევე აქტიურობდა პროტესტების დაწყებამდეც, კერძოდ კი ოპოზიციური კანდიდატების საწინააღმდეგო კამპანიას ატარებდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამავე მიზეზით, გვერდების დიდი ნაწილი სწორედ 2018 წელსაა შექმნილი.

თბილისის აქციების გამაშავებელი ქართული ფეისბუკ გვერდების ისტორია აჩვენებს, რომ მათი უმეტესობა 2018 წელსაა შექმნილი. (წყარო, მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთკენ: იყავი და გაგეკეთებინა• Ikavi da Gageketebina/archiveფსევდოლიბერალების მხილება/archiveპოლიტიკური სანაგვე/Politikuri Sanagve/archiveმახსოვს/Makhsovs/archiveორიგვამიუნდათ/archiveვერდაბრუნდებიან/archiveკოლხეთიTV/archiveქართული სახელმწიფო/archive)

გაანალიზებულ გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტების დიდი ნაწილი იდენტურ ფოტოებსა და ვიდეო-კლიპებს შეიცავს, რომლებსაც დემონსტრანტების სააწინააღმდეგო იდენტური, ან ძალიან მსგავსი ტექსტი ახლავს.

ქართულმა ფეისბუკ გვერდებმა დადეს იდენტური ვიდეოები, მსგავსი სათაურებით, რომლებიც მიზნად ისახავდა დემონსტრანტების დისკრედიტაციას. (წყარო :წარსული/ მომავალი[ანგარიში მას შემდეგ წაშლილია] – ზემოთ მარცხვნივ; მოგიტყანთ ოპოზიცია/archive – ზემოთ მარჯვნივ, მიხეილ უკრაინოლოგი/archive – ქვემოთ მარცხნივ; იყავი და გაგეკეთებინა• Ikavi da Gageketebina/archive – ქვემოთ მარჯვნივ.)

გაანალიზებულ გვერდებს შორის შესაძლო კოორდინაციის კიდევ ერთი ნიშანია ე.წ. “კროსპოსტინგი”, ანუ ერთი და იმავე ვიდეოს ავტომატური გაზიარება რამდენიმე ფეისბუკ გვერდზე. ამგვარი ტაქტიკით გვერდების ადმინისტრატორები ერთი ვიდეოს რამდენიმე გვერდზე გამოქვეყნების, უკვე გამოქვეყნებული ვიდეოების ხელახლა გამოყენებისა და ვიდეოებზე რეაგირების ერთიანად, ყველა გვერდზე რეგისტრირების საშუალეოს იღებენ. გვერდი კოლხეთი TV (“Kolkheti TV”) გაანალიზებულ გვერდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო კროსპოსტინგის გამოყენებაში.

“კოლხეთი TV-მ,” ფეისბუკ გვერდმა, რომელიც შესაძლო კოორდინირებულ საინფორმაციო ოპერაციაში მონაწილეობდა, გამოიყენა ვიდეოების კროსპოსტინგის მეთოდი, რათა გაეზარდა მომხმარებელთა ჩართულობა თავის გვერდზე. ერთ-ერთი ასეთი ვიდეო ამტკიცებდა, რომ წინა მთავრობამ 2011 წლის პროტესტი დაარბია. (წყარო:@EtoBuziashvili/DFRLab via CrowdTangle)

მოცემულ გვერდებს შორის კროსპოსტინგისა და შინაარსის მსგავსება საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საქმე კოორდინირებულ საინფორმაციო ოპერაციასთან გვაქვს; თუმცა არსებული მონაცემები ამის დაბეჯითებით მტკიცების საშუალებას არ გვაძლევს.

ფოტო და ვიდეო მასალებთან ერთად, გვერდები აზიარებდნენ გრაფიკებს, რომლებიც მომიტინგეებს ნარკოდილერებად, ნარკომანებად, გეი აქტივისტებად, ოპოზიციის წევრებად და კრიმინალებად ყოფდნენ. ამ გრაფიკებზე ყველაზე დიდი, წითლად აღნიშნული წილი ოპოზიციის წარმომადგენლებს ერგებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ გრაფიკებს არანაირი კონკრეტული მონაცემი არ ედო საფუძვლად, ისინი ვიზუალურად მიმზიდველ და დამაჯერებელ სურათს ქმნიდა.

პროტესტის შესახებ გაყალბებული დიაგრამები სვამდა კითხვას ვინ ესწრება პროტესტს? პასუხის კატეგორიები მოიცავდა ნარკოდილერებს, წამალდამოკიდებულებს, ლგბტ აქტივისტებს, ოპოზიციის წევრებსა და კრიმინალებს. (წყარო მარცხნიდან მარჯვნივ:  Checkfact.ge/archive, მარცხნივ; ერთიანი პროვოკაციული მოძრაობა/archive, შუაში; ფსევდოლიბერალების მხილება/archive, მარჯვნივ).

ამ დროისათვის შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულმა გვერდებმა აუდიტორიის ჩართულობის წახალისება ზომიერად მოახერხეს, თუმცა მათი მიმდევრების რიცხვი კვლავაც იზრდება. მაშინ, როდესაც საპროტესტო მოძრაობა შსს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით კვლავაც გრძელდება, მოცემულ გვერდებს ფეისბუკის ქართველ მომხმარებელთა შორის გავლენის გაფართოების საშუალება კვლავაც ექნებათ.


პირველწყარო
“Gavrilov’s Night”: Multiple Facebook Pages Target Protests in Georgia
Back to top button