skip to content
ევროპამთავარი თემა

საპრეზიდენტო არჩევნები ჩრდილოეთ მაკედონიაში

კვირას, 2019 წლის 21 აპრილს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩრდილოეთ მაკედონიაში. მართალია, ევროპის ეს კუთხე ქართული მედიის ღმერთების ყურადღებით არაა განებივრებული, თუმცა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე, ტერიტორიით დასავლეთ საქართველოსხელა ამ სახელმწიფოს ბოლო ხანებში მსოფლიო მედია გაფაციცებით აკვირდებოდა. მიზეზი ქვეყნისათვის სახელის გადარქმევა იყო, რითაც საბერძნეთთან ხანგრძლივი დავა დასრულდა და ჩრდ. მაკედონიას ნატოსა და ევროკავშირისაკენ გზა გაეხსნა. 21 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებიც ერთგვარ რეფერენდუმად იქცა ქვეყნის სახელის თაობაზე…

ვის რა დაუშავა „მაკედონიამ“

კომპრომისის მიღწევამდე ქვეყანას რთული და ერთგვარად დამამცირებელი სახელიც კი ერქვა – „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია“ – რომელსაც ხმარებაში კიდევ უფრო უსახო აბრევიატურა FYROM-ი ანაცვლებდა. 2019 წლის თებერვალში საბერძნეთთან 30 წლიანი დავა დასრულდა და რესპუბლიკას „ჩრდილოეთ მაკედონია“ უწოდა.

1990-იან წლებში, იუგოსლავიის სისხლიანი, დრამატული დაშლის შემდეგ, მისი ერთ-ერთი რესპუბლიკა, მაკედონია, დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. საერთაშორისო სამართლის სუბიექტად ქვეყნის ამ სახელით დამკვიდრებას შეეწინააღმდეგა საბერძნეთი. პოლიტიკური არგუმენტი ის იყო, ემანდ ახლადგამოჩეკილმა ქვეყანამ საბერძნეთის მიწებზე არ განაცხადოს პრეტენზიაო.

საქმე ისაა, რომ არსებობს ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი მაკედონია, რომელიც საბერძნეთის ჩრდილოეთის დიდ ნაწილს, ალბანეთის მცირე ტერიტორიას, სერბეთი-კოსოვოს პატარა ნაწილსა და ბულგარეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილს მოიცავს. ბალკანეთის ერების ურთიერთქიშპობას ერთი მსოფლიო და მრავალი ადგილობრივი კონფლიქტი მოუტანია და ახალი ქვეყნის სახელის თემაც ისტორიულ აბლაბუდაში მალევე გაეხვა.

კულტურული და ეთნო-ნაციონალიზმი ბერძნების პოზიციაში დიდ როლს თამაშობდა. ბერძნების აზრით, ისტორიულად მაკედონია სწორედ ბერძნული/ელინური კულტურის კერაა და ამ სახელით სარგებლობის უფლება სლავ მაკედონიელებს არ უნდა ჰქონოდათ.

მაკედონიელებიც გაჯიქდნენ, საკუთარი ქვეყნისთვის სახელის დარქმევას ბერძნებს რატომ დავეკითხებითო და დედაქალაქ სკოპიეში ალექსანდრე დიდის (მაკედონელის) უზარმაზარი ძეგლიც კი წამოჭიმეს.

არც საბერძნეთი აპირებდა ხუმრობას და როგორც ორივე ორგანიზაციის წევრმა, ახალ სახელმწიფოს მყარად ჩაურაზა კარი ნატოსა და ევროკავშირში. ევროპელ დიპლომატებს ბალკანური კინკლაობა გასაგონად არ უნდოდათ და რიგი მცდელობების შემდეგ სულაც დაიხშეს ყური – თქვენი პრობლემები თავად მოაგვარეთო.

ამასობაში პოლიტიკური მომავლის გაურკვევლობა ქვეყანას კარგს არაფერს უქადდა. ადგილობრივი ალბანელების ინტეგრაცია პრობლემად რჩება, ისევე, როგორც კორუფცია და პოლიტიკური ინსტიტუტების უმწიფარობა.

2017 წლის გაზაფხულზე მაკედონიაში ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამ საკითხზე წინსვლა შესაძლებელი გახადა. ზორან ზაევის მეთაურობით შექმნილმა კოალიციურმა მთავრობამ, რომელშიც სოციალ-დემოკრატები ლიდერობენ, შემრიგებლური პოზიცია დაიჭირა საბერძნეთთან, განსხვავებით წინამორბედი მემარჯვენე-კონსერვატიული პარტიისაგან „მაკედონიის რევოლუციური ორგანიზაცია – დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთობისათვის“ (VMRO-DPMNE), რომელიც სახელის ცვლილებას ეწინააღმდეგებოდა. 2018 წლის ივნისში ქვეყნები შეთანხმდნენ „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას“ წოდებოდა „ჩრდილოეთ მაკედონია“.

ვინ იბრძოდა და აგრძელებს ბრძოლას პრეზიდენტობისათვის?

პრეზიდენტის მეტნაკლებად ცერემონიული როლის მქონე პოსტზე ასარჩევად ერთმანეთს სამართლის სამი პროფესორი ეჯიბრებოდა. ვინ არიან ისინი?

სტევო პენდაროვსკი, 56 წლისაა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ყოფილი მრჩეველი და სამართლის ასისტენტ-პროფესორია, რომელსაც მხარს მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია, ალბანური დემოკრატიული კავშირი და 29 სხვა მცირე პარტია უჭერდა მხარს. პენდაროვსკი ამჟამად ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების მომზადების ეროვნული კოორდინატორია.

მთავარი ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის, მაკედონიის რევოლუციური ორგანიზაცია – დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთობისათვის (VMRO-DPMNE) კანდიდატი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვაა, 63 წლის კონსტიტუციური სამართლის პროფესორი. ის პირველი ქალია ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე რეალურ პრეტენზიას აცხადებს. სილიანოვსკა-დავკოვა, ისევე როგორც მისი მემარჯვენე პარტია, ეწინააღმდეგებ(ოდ)ა საბერძნეთთან შეთანხმებას და ქვეყნისთვის სახელის გადარქმევას.

მესამე კანდიდატი ბლერიმ რეკა გახლდათ, ეთნიკურად ალბანელი სამართლის პროფესორი, რომელიც 2006-10 წლებში ქვეყნის ელჩი იყო ევროკავშირში. დანარჩენი ორი კანდიდატის მსგავსად, ისიც პარტიულად დამოუკიდებელია, თუმცა მას მხარს რამდენიმე ალბანური ოპოზიციური გაერთიანება უჭერდა. რეკა მხარს უჭერს საბერძნეთთან შეთანხმებას.

პირველი ტურის შედეგებით, ხმათა ნახევარზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. პენდაროვსკიმ 323 816 ხმა, ანუ საერთო ხმების 42,85% დააგროვა. დავკოვამ, ოპოზიციურმა კანდიდატმა, 319 220 ხმა და 42,24% მიიმხრო. ეთნიკურად ალბანელმა კანდიდატმა რეკამ კი თითქმის 80 000 ხმა და 10,57% აიღო.

ასე გამოიყურება ჩრდ. მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოლქების მიხედვით. ფოტო-სქრინი მაკედონიის ცესკოს გვერდიდან.

ამდენად, მეორე ტური პენდაროვსკისა და დავკოვას შორის გაიმართება. სავარაუდოდ, არჩევნების ბედს ეთნიკურად ალბანელი მოსახლეობა, რეკას ამომრჩეველი გადაწყვეტს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის დემოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე დაბალი, 41%-იანი აქტივობა სწორედ 21 აპრილის არჩევნებზე გამოვლინდა. ხმის მიცემა 1,8 მილიონ მოქალაქეს შეეძლო. მაკედონიის ალბანური უმცირესობით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში აქტივობა განსაკუთრებით დაბალი იყო.

მეორე ტური ორ კვირაში, 5 მაისს გაიმართება.

მასალა მომზადებულია Deutsche Welle-სა და The New York Times-ზე დაყრდნობით.

მსგავსი/Related

Back to top button