მთავარი / ანალიზი / კლარიონი / ლე მონდი: ერიკ ფურნიესთვის უნგრეთი “სამაგალითოა”
ერიკ ფურნიე

ლე მონდი: ერიკ ფურნიესთვის უნგრეთი “სამაგალითოა”

(30 ივნისი 2018, ლე მონდი, ავტორი: ბლეის გოქლინ/Blaise Gauquelin) შეიძლება ელჩი უნგრეთში საფრანგეთს წარმოადგენდეს და პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანივით ლაპარაკობდეს? ასეთი კითხვა დაუსვეს საფრანგეთს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს 29 ივნისს, ევროპული საბჭოს ბოლო შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

ერთი დღით ადრე, დამოუკიდებელმა ჟურნალისტურმა ჯგუფმა “მედიაპარტ” (Mediapart) ბუდაპეშტში საფრანგეთის ელჩის, ერიკ ფურნიეს მიერ პარიზში 18 ივნისს გამოგზავნილი დიპლომატიური ნოტა გამოაქვეყნა.

ფურნიე, რომელიც საფრანგეთის საგარეო სამინისტროში 1987 წლიდან მუშაობს, ხოლო უნგრეთში ქვეყანას  2015 წლიდან წარმოადგენს, ამ ნოტაში “ფრანგულ და ანგლო-საქსონურ” პრესას ამათრახებს და ამბობს, ჟურნალისტები ცდილობენ ყურადღება გადაიტანონ “თანამედროვეობის ჭეშმარიტი ანტისემიტიზმიდან”, რომელსაც “საფრანგეთისა და გერმანიის მუსულმანები” ქადაგებენ და, სანაცვლოდ, უნგრეთს სდებენ ბრალის ანტისემიტიზმში მაშინ, როცა ეს ყოველივე “უცხოელი ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფიაო”.

ფურნიე წერს, ჟურნალისტები უნგრეთს უნდა აქებდნენ, როგორც “არალეგალური მიგრაციული ნაკადების მართვაში” “სამაგალითო” ქვეყანასო.

“უნგროფობია”

საფრანგეთის პრეზიდენტი იძულებული გახდა ჟურნალისტის შეკითხვაზე ეპასუხა, რომ ბატონი ფურნიეს ნოტას “არაფერი აქვს საერთო საფრანგეთის ოფიციალურ პოზიციასთან”. “თუკი ვინმე დამიდასტურებს, რომ ამგვარი პოზიცია ელჩმა საჯაროდ გამოხატა, ეს ელჩი გამოწვეულ იქნება,” განაცხადა მაკრონმა. ჩვენი ცნობებით, ფურნიეს ელჩის პოსტი ივლისის შუა რიცხვებში ისედაც უნდა დაეტოვებინა. [30 ივნისს, ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა ცნობა ფურნიეს შეცვლის შესახებ, რომელიც 28 ივნისითაა დათარიღებული. მედიაპარტის რეპორტაჟი ერთი დღით გვიან, 29 ივნისს გამოქვეყნდა. – Civil.ge]

ვიქტორ ორბანის მთავრობასთან დაახლოებული წყაროები უცხოურ პრესას, მათ შორის ფრანგულსაც, ხშირად ადანაშაულებენ “უნგროფობიაში” მაშინ, როცა ორბანს ევროკავშირი და მრავალი სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია აკრიტიკებს ადამიანის უფლებების შეზღუდვაში და კანონის უზენაესობის შესუსტებაში. ხშირად, მსგავს ტერმინოლოგიას ფრანგი პარლამენტარებიც აჰყვებიან ხოლმე, განსაკუთრებით [მემარჯვენე] რესპუბლიკელების და [ულტრა-მემარჯვენე] “ეროვნული ერთობის” (ყოფილი ეროვნული ფრონტი, FN) რიგებიდან.

მაშინ, როდესაც ბუდაპეშტში აკრედიტებული სხვა ელჩები – მაგალითად კანადისა და შვედეთის – თავის თავზე იღებენ თავისუფლებების შეზღუდვისათვის უნგრეთის მთავრობის კრიტიკას, საფრანგეთის წარმომადგენელი თავის ნოტაში ორბანის ჯიბის მედიისათვის დამახასიათებელი “შეთქმულების თეორიების” გამოყენებას არ ერიდება. ის არად აგდებს საკუთარი ქვეყნის პრესის ნაშრომს და თავს ესხმის მუსულმანური აღმსარებლობის თანამოქალაქეებს.

შეტევა პრესაზე

ამგვარი მოქმედებით, ფურნიე თავისი მასპინძელი ქვეყნის მეთოდებს იყენებს. “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (Reporters sans frontières, RSF) რეგულარულად გმობს უნგრეთში რედაქციებზე თავდასხმებს “ხელისუფლებაში 2010 წელს მობრუნების შემდეგ, უნგრეთის მთავრობამ საფუძვლიანად შეცვალა მედიაში თამაშის წესები და ხელი შეუწყო პლურალიზმის გამოფიტვას, მოაქცია რა საზოგადოებრივი არხები მტკიცე სარედაქციო კონტროლის ქვეშ და ხელი შეუწყო დამოუკიდებელი მედიის შესყიდვას ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების მიერ,” გვიხსნის პოლინ ადე-მეველი (Pauline Adès-Mével), რომელიც RSF-ში ევროკავშირისა და ბალკანეთის ბიუროს ხელმძღვანელობს.

ერიკ ფურნიემ, რომელიც 2007-2011 წლებში საქართველოში იყო ელჩად, ფეთქებადი ხასიათით თავი უკვე გამოიჩინა. “ყველაზე გიჟი ელჩი თბილისში”, როგორც ის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხუმრობით დაახასიათა, ახლო მეგობრობით იყო გადაჯაჭვული მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან, რასაც მისი ბევრი მაშინდელი კოლეგა მტკიცედ აკრიტიკებდა. ის დაეხმარა [ივანიშვილს] საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებაში. ოლიგარქი შემდეგში საქართველოს პრემიერ მინისტრი გახდა.