Placeholder canvas
ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ირანს ესტუმრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 7 მაისს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვია.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი ირანის ეკონომიკურ საქმეთა და ფინანსთა მინისტრს, მასუდ კარბასიანს შეხვდა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და მიღწეული წარმატებების შესახებ ესაუბრა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო არის ახალი, განვითარებადი ბაზარი, რომელსაც მიზნად გლობალურ ეკონომიკაში საკუთარი თავის დამკვიდრება, საერთაშორისო ბაზარზე სრულფასოვანი მონაწილეობა და ეკონომიკის გამრავალფეროვნება აქვს დასახული. მისივე თქმით, ბიზნესისა და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფით, საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად ისწრაფვის, რომ ქვეყანა რეგიონში გაცვლა-გამოცვლის ცენტრად გარდაქმნას.

ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰამად ჯავად ზარიფს, გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრს აბას ახუნდის და ირანის ნავთობის მინისტრს ბიჟან ნამდარ ზანგენესაც შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და რეგიონულ პროექტებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დიმიტრი ქუმსიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი ენერგეტიკის მიმართულებით არსებულ საკითხებსაც შეეხო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button