მთავარი / ანალიზი / ნარკოპოლიტიკა საფრანგეთის ყურადღების ცენტრში

ნარკოპოლიტიკა საფრანგეთის ყურადღების ცენტრში

2015 წელს საფრანგეთის პოლიციამ მარსელში 20 მილიონი ევროს ღირებულების მარიხუანა ამოიღო. ფოტო: ან-კრისტინ პუჟოლა, AFP

უახლოეს ხანებში საფრანგეთის მთავრობა ნარკოტიკების გამოყენებისათვის ჯარიმების სისტემის ამოქმედებას გეგმავს, რომელთა დაკისრებაც პოლიციელებს პირდაპირ ადგილზე შეეძლებათ, ეს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერარ კოლომბმა  (Gerard Collomb) 25 იანვარს განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა კვლავაც მკაცრად მოეკიდება ნარკოტიკების გამოყენებას: „მარიხუანას გამოყენების დეკრიმინალიზაცია არ ხდება,” ამტკიცებს მინისტრი. კოლომბმა ხაზი გაუსვა, რომ 1970 წლის კანონი, რომლითაც გარკვეულ შემთხვევებში ნარკოტიკების გამოყენება პატიმრობით და 3 750 ევროს ჯარიმით შეიძლება დაისაჯოს, ძალაში დარჩება.

ჟურნალისტები შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში ნარკოტიკების შესახებ კანონმდებლობის დისკუსიის კონტექსტში ესაუბრნენ. ორმა დეპუტატმა ამ თემაზე სპეციალური მოხსენება წარადგინა, რომელიც უკანასკნელი თვის განმავლობაში აქტიურად განიხილება პრესაშიც და საზოგადოებაშიც.

დეპუტატებმა განიხილეს მთავრობის მიერ შეთავაზებული გეგმა, რომელიც ჯარიმების შემოღებას ითვალისწინებს, მაგრამ რეკომენდაციებისას საერთო მოსაზრებამდე ვერ მივიდნენ. ორივე მომხსენებელი თანხმდება, რომ მიმდინარე კრიმინალური პოლიტიკა წარუმატებელია. ორიდან ერთ-ერთი, პრეზიდენტ მაკრონის პარტიის წარმომადგენელი, ერიკ პულია (Eric Pouilliat) ემხრობა სამთავრობო პროექტს, რომლის თანახმადაც ნარკოტიკების გამოყენებისათვის ჯარიმებს შემოიღებენ, მაგრამ ისინი კრიმინალიზებული დარჩება – პოლიცია შეინარჩუნებს მომხმარებლების წინასწარი პატიმრობისა და დაპატიმრების მოთხოვნის უფლებას, რომლებიც კანონითაა დადგენილი, მაგრამ დღეისათვის პრაქტიკაში თითქმის არ გამოიყენება.

მისი კოლეგა, რესპუბლიკელი რობინ რედა (Robin Reda) იმ აზრისაა, რომ ნარკოტიკების მოხმარება ადმინისტრაციულ დანაშაულად უნდა ჩაითვალოს და მხოლოდ ჯარიმით უნდა ისჯებოდეს.

არასრულწლოვნების პრობლემა

პარლამენტარების ანგარიშმა სამთავრობო პროექტის მნიშვნელოვანი ნაკლი გამოავლინა. კერძოდ, პირდაპირი ჯარიმის სისტემა ვერ გავრცელდება არასრულწლოვნებზე, რომლებზეც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თვალსაზრისით განსხვავებული წესები ვრცელდება.

თუმცაღა, იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ნარკოტიკების გამოყენებისათვის ბრალდებული არასრულწლოვნების რაოდენობამ 2000-2015 წლებში 7.7-ჯერ იმატა. 2016 წელს სასამართლო სისტემამ ჯამში 34 ათასი არასრულწლოვანი დასაჯა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის – მოხმარების ან გავრცელების – გამო, რაც არასრულწლოვანების მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების საერთო რაოდენობის 14%-ს შეადგენს.

ამათგან 17 100 არასრულწლოვანი, ანუ ზოგადად ნარკოტიკებთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილებების 51%, სასამართლოს წინაშე ნარკოტიკების გამოყენებისათვის წარდგა. ათიდან ცხრა შემთხვევაში სასამართლომ მათ მიმართ პატიმრობის ალტერნატიული სასჯელი გამოიყენა (კანონის შეხსენება კრიმინალური პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე, იძულებითი დასწრება საგანმანათლებლო კურსებზე, საზოგადოებრივ სასარგებლო სამუშაოები).

დარჩენილი გადაწყვეტილებები ნარკოტიკების გავრცელება-გასაღებას მოიცავდა და 2016 წელს 14 200 არასრულწლოვანს (საერთო რიცხვის 42%) შეეხო. ექვსიდან ოთხ შემთხვევაში ასეთ დანაშაულში ეჭვმიტანილი არასრულწლოვნები სპეციალური სასამართლოს წინაშე წარდგნენ. ნახევარს პატიმრობა მიესაჯა, ამათგან შვიდიდან ერთს – პატიმრობის ციხეში მოხდა. ათიდან ექვს შემთხვევაში ციხეში მოსახდელი პატიმრობის ვადა ექვს თვეს არ აღემატებოდა.

ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულს ათიდან ცხრა შემთხვევაში ბიჭები სჩადიან, ათიდან შვიდ შემთხვევაში მათი ასაკი 16-17 წელია. დანაშაულის ჩადენა 14 წლის ასაკიდან იწყება და რეციდივები სწრაფად იმატებს.

სამწუხარო ჭოჭმანი

უკვე ოცდაათი წელია, რაც დეპუტატები და ექსპერტები ნარკოტიკების შესახებ ანგარიშებს რეგულარულად აქვეყნებენ. მათი დასკვნები ტყუპებივით ჰგვანან ერთმანეთს და, საბოლოო ჯამში, აბსურდულ ვითარებას აღწერენ.

ფაქტია, რომ განვითარებულ ქვეყნებს შორის ნარკოტიკებისა და კერძოდ მარიხუანას გამოყენებისა და გასაღების წინააღმდეგ საფრანგეთს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაცრი კანონმდებლობა აქვს. 1970 წლის კანონის მიხედვით მარიხუანას მოხმარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და ერთწლიანი პატიმრობით და 3 750 ევროს ოდენობის ჯარიმით ისჯება. რეპრესიულ კანონს საფუძვლად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ ზრუნვა უდევს: მარიხუანას ადრეულ ასაკში მოხმარება – განსაკუთრებით თუ ის რეგულარულია – ინტელექტუალური განვითარების შეფერხებას იწვევს და ფსიქოლოგიური პრობლემების ალბათობას ზრდის.

ამგვარი კანონისდა მიუხედავად, მარიხუანას მოხმარების გავრცელებით ევროპის სახელმწიფოებს შორის საფრანგეთი ლიდერობს (დანიასთან ერთად). საფრანგეთის 67 მილიონი მაცხოვრებლიდან მარიხუანა 17 მილიონ ადამიანს ერთხელ მაინც გაუსინჯავს , მათ შორის სკოლის საშუალო კლასების (11-15 წლის) ათიდან ერთ მოსწავლეს და დამამთავრებელი კლასების ხუთიდან ორ მოსწავლეს (16-18 წლის). 2016 წლის მონაცემებით, საფრანგეთში მარიხუანას მეტნაკლებად რეგულარულად 5 მილიონი ადამიანი მოიხმარდა, რეგულარულად კი 1.4 მილიონი. ამავე წელს, 140 ათასი მოქალაქე იყო დაკავებული ნარკოტიკების გამოყენებისათვის, მათგან 3 ათასს პატიმრობა მიესაჯა, მათგან 1300-ს კი პატიმრობის ციხეში მოხდა.

არასაკმარისი სიმკაცრის შიში

ისევე, როგორც წარსულში, ორი დეპუტატის ანგარიში მთავრობას მიუთითებს, რომ საკანონმდებლო აკრძალვის სიმკაცრეს ხელი არ შეუშლია მარიხუანას გავრცელებისა და „ფაქტობრივი დეკრიმინალიზაციისათვის”. შედეგად, არაეფექტური რეპრესიული კანონმდებლობა პოლიციისა და სასამართლო სისტემის დროსა და თანხებს ფლანგავს. მკაცრმა კანონმა არც მაფიოზური შავი ბაზრის ჩამოყალიბებას შეუშალა ხელი.

ამავე დროს, წინამორბედების უმრავლესობის მსგავსად დეპუტატები პუია და რედა ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელი წინადადებების ჩამოყალიბებისას ფრიად ფრთხილობენ. პარადოქსია, მაგრამ მემარჯვენე დეპუტატი რედა უფრო ახლოს დგას ერთი წლის წინათ პრეზიდენტი მაკრონის მიერ ჩამოყალიბებულ პირობასთან, ვიდრე მაკრონის თანაპარტიელი პუია.

რედა მთავრობას სთავაზობს მარიხუანის მომხმარებლებისათვის სასჯელი ჯარიმით დასჯად ადმინისტრაციულ გადაცდომამდე დაიყვანონ, რაც პრაქტიკულად დეკრიმინალიზაციას ნიშნავს. უმრავლესობის დეპუტატი პუია ასევე მხარს უჭერს ჯარიმის შემოღებას, მაგრამ 1970 წლის კანონის მიერ გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი სასჯელის ჩარჩოებში.

გასაკვირი არაა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მხარს სწორედ ამ, მეორე ვარიანტს უჭერს, რომელიც უფრო შემზღუდველია და მოსახლეობის მიერ უფრო მკაცრად აღიქმება.მაშინ, როცა მრავალი ევროპული ქვეყანასა (გერმანია, ბელგია, ესპანეთი, იტალია, ნიდელანდები) და აშშ-ს ოცდაათამდე შტატში მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია ეტაპიბრივად მოხდა, ხოლო ქვეყნებისა და შტატების ნაწილმა მისი სამედიცინო მიზნისთ მოხმარება დაუშვა (მაგალითად, კალიფორნიამ ამ წლის იანვრიდან), საფრანგეთის მთავრობა კვლავაც კონსერვატიულ პოზიციაზე დგას. ეს უცნაურ დისონანსშია იმ ლიბერალურ ფილოსოფიასთან, რომელსაც ქვეყნის მეთაური თითქმის ყველა სხვა მიმართულებით ავითარებს.

ყველაფერი ისე მიდის, თითქოს მთავრობას არასაკმარის სიმკაცრეში დადანაშაულების იმდენად ეშინია, რომ საკუთარ თავში ნებისმიერ პროგრესულ მოსაზრებას ითრგუნავს. 1970 წლის ძალაში დატოვება ნიშნავს, რომ მისი დიდაქტიკური მორალიზმის პოლიტიკა შენარჩუნდება, მარიხუანას შავი ბაზარი კვლავაც განაგრძობს მომგებიანად არსებობას (მისი კონტროლისა და რეგულირების ნაცვლად), ხოლო პრევენციის თვალსაზრისით კვლავაც არაფერი გაკეთდება.

მთავრობის ამგვარი ჭოჭმანი ფრიად სამწუხაროაო, წერს “ლე მონდი” თავის სარედაქციო სტატიაში.