skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა


მუსტაფა ემრე ჩაბუქი გათავისუფლების შემდეგ, 19 თებერვალი, 2018. ფოტო: facebook.com/mustafaemrecabuk/

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე მუსტაფა ემრე ჩაბუქს აღკვეთის ღონისძიება – წინასაექტრადიციო პატიმრობა – შეუცვალა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, დემირელის კოლეჯის მმართველი თავისუფალი იქნება, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლო მისი ექსტრადირების საკითხის განხილვას გააგრძელებს.  

დღევანდელ სხდომაზე ჩაბუქისათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა და გათავისუფლების სანაცვლოდ, დემირელის კოლეჯის მმართველისთვის 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდება მოითხოვა. თუმცა დაცვის მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმა, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ ჩაბუქს აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა შეფარდებოდა. 

საბოლოოდ, სასამართლომ ჩაბუქი 1000 ლარის ოდენობის გირაოთი გაათავისუფლა. ამასთან, საგულისხმოა, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან ჩაბუქის გათავისუფლება 24 თებერვალს ისედაც უნდა მომხდარიყო, როდესაც მისთვის შეფარდებული წინასაექტრადიციო პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ამოიწურებოდა. 

მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც თურქეთის მიერ იძებნება, თბილისში, გასული წლის 24 მაისს დააკავეს. მას ბრალად ფეთჰულაჰ გიულენთან ასოცირებულ და თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ FETÖ-სთან სავარაუდო კავშირი ედება, რასაც ჩაბუქი დაკავების დღიდან უარყოფს.

გათავისუფლების შემდეგ, ჩაბუქმა კიდევ ერთხელ უარყო წაყენებულ ბრალდებასთან – ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირი და განაცხადა, რომ ამ ხნის მანძილზე „პოლიტიკური პატიმარი“ იყო.

ჩაბუქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ეს იყო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება და.. ჩვენ, ბუნებრივია, პატივს ვცემთ ამას“. მისივე თქმით, „ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, ყველა პირობებში დავალაგოთ ურთიერთობები ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან. თურქეთი არის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი მეგობრული ურთიერთობები აუცილებლად გაგრძელდება“. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კონკრეტული ვადები არ აქვს. ამასთან, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდეს. ჩაბუქის ადვოკატების თქმით კი, საჭიროების შემთხვევაში ისინი საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გაასაჩივრებენ. 

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემას დასაშვებად მიიჩნევს, საბოლოო გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი მიიღებს და ექსტრადიციის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ ბრძანებას გამოსცემს. 

მსგავსი/Related

Back to top button