ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის მოთხოვნით ახალი კამპანია იწყება

სამოქალაქო სექტორის 70-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის, 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია იწყებს ახალ კამპანიას, რომლის მიზანიც საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებაა. 
კამპანიის ინიციატორები, რომელთა შორისაც, საერთაშორისო გამჭირვალობა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ღია საზოგადოება და სხვა ორგანიზაციები არიან, საზოგადოებრივი მაუწყებელში „ღრმა ინსტიტუციურ კრიზისზე“ საუბრობენ და რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ, ასევე საჭიროდ მიიჩნევენ, რომ პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები და გენერალური დირექტორი დაიბაროს და შეისწავლოს, „რამდენად ასრულებს მაუწყებელი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს“.
კამპანიის ინიციატორთა ერთ-ერთ მოთხოვნას მაუწყებლის დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის, გადაყენება წარმოადგენს, რომელიც არხის ხელმძღვანელად გასული წლის დასაწყისში დაინიშნა. მათი თქმით, სწორედ მაღლაფერიძეს უკავშირდება „მაუწყებლის რეფორმის ბუნდოვანი გეგმა, გაუმჭვირვალე საკადრო პოლიტიკა… საეჭვო ტენდერები, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა, ხელისუფლების მიმართ ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა, ევროპის ბიუროს დახურვა და ა.შ.“
ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ მიღებული „არათანმიმდევრული და სადაო გადაწყვეტილებები“ შესწავლილი უნდა იქნას და, ამ მიზნით, საზოგადოებრივი მაუწყებელში არაგეგმიური აუდიტი უნდა ჩატარდეს. 
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას საზოგადოებრივი მაუწყებლის და მისი სამეურვეო საბჭოს რეფორმირება წარმოადგენს. მათი თქმით, „პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენისაგან დაცვისა და ეფექტური ანგარიშვალდებული საბჭოს ფორმირების მიზნით აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სამეურვეო საბჭოს წევრების კვოტირებისა და არჩევის უკეთესი მოდელის შესაქმნელად“.
კამპანიის ინიციატორთა კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ პარლამენტმა არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2017 წლის დეკემბერში მიღებულ ცვლილებებს შეეხება. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები „ამცირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯაროობას, გამჭვირვალობას, ზრდის კორუფციის რისკებს და მნიშვნელოვნად ვნებს სარეკლამო ბაზარს“. მათივე განცხადებით, პარლამენტმა, სამოქალაქო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად უნდა დაიწყოს მუშაობა იმ ცვლილებებზე, რომელიც „რეალურად საჭიროა მაუწყებლის რეფორმირებისათვის“.
სადავო საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას ეწინააღმდეგებიან და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის ინიციატივით მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებიც გამოდიან, რომლებმაც ორი კვირის წინ ამ საკითხზე შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართეს.  
საპარლამენტო უმრავლესობა, რომლის შიგნითაც საზოგადოებრივი მაუწყებელთან დაკავშირებული ცვლილებების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, სადავო კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ 15 იანვარს წარმოდგენილი შენიშვნების განხილვას მომდევნო სასესიო კვირაში დაუბრუნდება. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button