ახალი ამბები

ქართულ საავადმყოფოებში 1644-მა აფხაზმა და ოსმა გაიარა მკურნალობა

რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2017 წელს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის 1644-მა მცხოვრებმა მიიღო ქართული სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სამედიცინო მომსახურება, განუცხადა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ Civil.ge-ს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს მთავრობამ ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრები 1137 პაციენტი დააფინანსა, მათ შორის  179 ბავშვი, ასევე ცხინვალის რეგიონის მცხოვრები 507 პაციენტი, მათ შორის 57 ბავშვი.

მთავრობის მიერ 2010 წელს ამოქმედებული რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ იმ პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პროგრამა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის საქართველოს კლინიკებში სრული სამედიცინო მომსახურების გაწევას, ასევე გადაუდებელ სიტუაციებში მათ ტრანსპორტირებას.

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, რომელიც ამ თემას მოკლედ შეეხო 2017 წლის დეკემბერში, განაცხადა, რომ მთავრობამ შეძლო გალის მოსახლეობის ჩართვა უფასო სამედიცინო მომსახურების პროგრამაში, რაც საშუალებას მისცემს მათ, რომ უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლონ.

დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ქეთი ბაკარაძემ განაცხადა, რომ გალის მცხოვრებლები, რომელთა დიდ ნაწილს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები აქვთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობენ, მაგრამ ვინაიდან ისინი მუდმივად ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სახელმწიფოს მხრიდან მოხდა შეღავათის გაწევა, რათა მათ უფასო სამედიცინო მომსახურებით ესარგებლათ. მისივე თქმით, 2017 წელს გალის რაიონის 50-მდე ბენეფიციარს გაეწია უფასო სამედიცინო დახმარება.

მსგავსი/Related

Back to top button